Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლეს სასწავლებლებში ანტიკორუფციული საბჭოების შექმნას აპირებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ჩატარებულ ცნობილ გამოკითხვას სხვადასხვა რეაქციას აგებებენ. ორშაბათს, 18 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თავი მოიყარეს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა,

რათა მხარი დაეჭირათ კოლეგებისათვის და, ამავე დროს, ახალი ინიციატივებიც წარმოედგინათ საზოგადოებისათვის. სახელდობრ, წამოაყენეს იდეა, სტუდენტების, ლექტორებისა და საზოგადოების წარმომადგენელთაგან შეიქმნას ანტიკორუფციული საბჭოები უმაღლეს სასწავლებლებში. სიახლე სტუდენტთა შეკრებაზე ის გახლდათ, რომ ილაპარაკეს პროფესორ-მასწავლებელთა დაბალ ანაზღაურებაზე და მონიშნეს უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლები, რომელთაც შეუძლიათ ლექტორთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოკლედ, სტუდენტების ეს გამოსვლა კონსტრუქციულობით გამოირჩეოდა. სტუდენტთა თავშეყრას დაესწრო ანტიკორუფციული 12-კაციანი საბჭოს ორი წევრი - მარიკა თოიძე და გივი თარგამაძე. ისინი სტუდენტებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და საქმიან მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

ჩვენ გვესმის, რომ ლექტორთა კორუფცია, მეტწილად, მათი დაბალი ხელფასით აიხსნება. ჩვენ მივესალმებით სტუდენტთა ძალისხმევას, გამოხატონ თავიანთი აზრი კორუმპირებულ პედაგოგებზე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ცალკეული მექრთამე ლექტორების დასჯა სიტუაციას არ შეცვლის. ამიტომაც გვსურს, შეიცვალოს უმაღლესი განათლების მთელი სისტემა, სახელმწიფო სასწავლებლებში სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთქმედების დღემდე არსებული წესები. მეორეც, ლექტორთა აღებმიცემობა არ არის კორუფციის ერთადერთი ფორმა ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, - განაცხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა. იქ იყვნენ როგორც ტექნიკური უნივესტიტეტის, ისე სამედიცინო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.- ჩვენი ინიციატივით არ ვუპირისპირდებით და არ ვაპირებთ ლექტორებთან ბრძოლას. დღეს ბევრი ლექტორი, ბევრი სტუდენტის მსგავსად, გაჭირვებულია, - თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგა ვაშაძემ. მას მიაჩნია, რომ ლექტორთა ხელფასის გაზრდა შესაძლებელია, თუ უმაღლეს სასწავლებელთა არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან თავად სასწავლებლებს დღევანდელზე მეტი დარჩებათ და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლებ თანხას გადაურიცხავენ. ვაშაძის თქმით, დღეს სახელმწიფოს არასაბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 90% მიაქვს. მეორეც, უნივერიტეტს ფული შესდის არამხოლოდ ფასიანი სექტორიდან. [ვაშაძის ხმა]: “ჩვენი აზრით, ლექტორთა ხელფასები, უწინარესად, უნდა გაიზარდოს იმ სპეცსახსრებიდან, რაც უნივერსიტეტში შემოდის. შემოდის კი სპეცსახსრები სხვადასხვა სასადილოებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან, გასართობი ცენტრებიდან, სხვადასხვა რესტორნებიდან, რომლებიც განთავსებულია ტერიტორიაზე, სადაც სტუდენტები უნდა საქმიანობდნენ. არის ობიექტები საერთო საცხოვრებელშიც. სწორედ აქედან შემოსული თანხები უნდა მიმართონ ლექტორთა ხელფასებზე”.

შეკრებაზე ითქვა, რომ იწყება სტუდენტთა საუნივერსიტეტო ანტიკორუფციული მოძრაობა და ის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის ღიად გამოაცხადეს. უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციასთან დაპირისპირებისას სტუდენტების ამ ნაწილს მოკავშირედ კორუფციაში ჩაურთველი პედაგოგები და საზოგადოების წარმომადგენლები მიაჩნია. თანამშრომლობის საბოლოო მიზანი სტუდენტებისათვის, ვიმეორებ, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაა. სტუდენტებმა მიმართვა გაუგზავნეს ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს, მირიან გოგიაშვილს.

საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ სტუდენტთა ინიციატივით აღძრული პროცესი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნია. მან თქვა, რომ, მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს განუყოფელი ნაწილი და დასაყრდენია, საერთოდ, სამედიცინო სფეროში კორუფციულ ურთიერთობათა სისტემისა, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებაში ორი მაღალჩინოსანი მოხვდა - სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრები. თარგამაძის თქმით, [ხმა] “ეს ხალხი აღშფოთებულ სახეს იღებს, როცა კორუფციაზე ლაპარაკობენ. ჩვენ გვახსოვს მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე იმავე ირაკლი მენაღარიშვილის ასეთი ტიპის აღშფოთება. პირობას გაძლევთ, არანაირი საფუძველი ამ აღშფოთებას არა აქვს, რადგან სამედიცინო სისტემაში არსებული მთელი ზეკორუმპირებული სტრუქტურა თავის დროზე დაამკვიდრა სწორედ ირაკლი მენაღარიშვილმა, შემდეგ გადასცა თავის ახლო ნათესავ ავთო ჯორბენაძეს და ასე ინაწილებს ეს ხალხი ამ კორუმპირებულ სისტემას, სახელმწიფო პოსტებს და, მთლიანობაში, სახელმწიფოს”.
XS
SM
MD
LG