Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაცი, რომელსაც ტემპი ეჭირა"


გასულ კვირას ქართველი ხალხი ჯანსუღ კახიძეს დაემშვიდობა - ეროვნულმა კულტურამ დაკარგა ხელოვანი,

რომლის ადგილი არასდროს შეივსება, უნიჭიერესი, არაორდინარული პიროვნება, შესაძლებელია, ყველაზე პოპულარული მუსიკოსი საქართველოში.

რამდენიმე წლის წინ ჯანსუღ კახიძემ თავისი კრედო ასე ჩამოაყალიბა: "სამართლიანობა, პროფესიონალიზმი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, მეგობრობა და ამ გრძნობისადმი პასუხისმგებლობა"... ქართველი მუსიკოსის გულწრფელობაში, ვფიქრობ, ისიც კი არ დაეჭვდებოდა, ვისაც თბილისის სიმფონიური მუსიკის ორკესტრის დირიჟორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს სახალხო არტისტის შესახებ აუგი სიტყვა ბევრი უთქვამს... მის ნიჭს ოპონენტი არ ჰყოლია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაებედოს და ეთქვას, რომ ჯანსუღ კახიძე არ არის მაღალი პროფესიონალი და დიდი მუსიკოსი. და არა მარტო საქართველოში. კომუნისტური სისტემის მოშლამდე მას, როგორც შესანიშნავ დირიჟორს, უფრო მეტად საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში იცნობდნენ - 1971-73 წლებში იგი ლოძის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიეს. მოსკოვში დირიჟორობა კი ხშირად უხდებოდა. ამბობენ, რომ 1990 წელს, მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც ჯანსუღ კახიძემ აქაურ ორკესტრთან ერთად თავისი საყვარელი ნაწარმოები, ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია შეასრულა, ერთმა მოსკოველმა მუსიკისმცოდნემ თავი ვერ შეიკავა და შუა კონცერტის დროს შეჰყვირა: "ღმერთო ჩემო, როგორღა უჭირავს ტემპიო!", რასაც თურმე პუბლიკის ოვაციები მოჰყვა.

მერე საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ჯანსუღ კახიძე უფრო ახლოს დასავლეთშიც გაიცნეს. და მართალია, ასაკს დიდი დირიჟორებისთვის მნიშვნელობა არც არასდროს ჰქონია, მართალია, კახიძის ტრიუმფი მაინც შედგა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ქართველი მუსიკოსის თაყვანისმცემლები გულისტკივილს ვერ მალავდნენ: "მსოფლიოს იგი მაშინ უნდა ენახა, როცა ჯანომ არ იცოდა, სად წაეღო თავისი ენერგიაო". 70-იან წლებში, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში როდიონ შჩედრინის "მხიარული შაირების" შესრულებისას, ჯანსუღ კახიძემ სადირიჟირო პულტთან ცეკვა დაიწყო. მერე კი მას პუბლიკაც აჰყვა. ყველაფერი ეს ძნელი წარმოსადგენია სიმფონიური მუსიკის კონცერტზე, მითუმეტეს, საბჭოთა ეპოქაში. მაგრამ კახიძეს "მუსიკალური ეტიკეტის" დარღვევის არასდროს ეშინოდა, მითუმეტეს, თუ ამას თავად მუსიკა მოითხოვდა. იგი არ მიეკუთვნებოდა დირიჟორებს, რომლებიც ემოციებს ნიღბავენ და თავიანთ ჟესტს და მიმიკას პუბლიკასა და ორკესტრს უმალავენ ხოლმე. ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიის შესრულების შემდეგ ჟურნალ "მუზიკალნაია ჟიზნის" მიმომხილველი წერდა :"ჯანსუღ კახიძე - ღვთით ნაკურთხი დირიჟორია. იგი ასხივებს ისეთ ძალასა და ზემოქმედებას, რომ შეუძლებელია მას არ დაემორჩილოო"... მისი ასეთი, მართლაც რომ, დაუოკებელი ენერგია წარმოჩნდა არა მარტო კახიძის კონცერტებზე: 90-იან წლებში, როცა მის შემოქმედებას უკვე აღარავინ ზღუდავდა, ჯანსუღ კახიძემ თბილისის მუსიკალური ცენტრი დააარსა, უფრო ადრე ძირეულად გარდაქმნა ოპერის თეატრის რეპერტუარი, პირველად ააჟღერა აქ ვაგნერის მუსიკა, რეჟისორად რობერტ სტურუა მოიწვია და დადგა თავისი მეგობრის, თანამოაზრის, გია ყანჩელის ოპერები... თუმცა არც ამით დაკმაყოფილდა: 90-იანი წლებიდან, როცა ქართულ კულტურას კარჩაკეტილობის სენი დაეტყო, კახიძემ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზება მოახერხა, თბილისში უამრავი გამოჩენილი მუსიკოსი ჩამოიყვანა. გასულ წელს, ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის გახსნაზე, მისმა ორკესტრმა ელისო ვირსალაძესთან ერთად პროკოფიევის კონცერტი ისე შეასრულა, რომ თბილისში ჩამოსულმა მრავალრიცხოვანმა სტუმრებმა გაკვირვება ვერ დამალეს: "ესაა, ქართულ კულტურას უჭირსო? [მუსიკა: პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტი]

ასეთმა აქტიურმა ცხოვრებამ (რომელიც, ისევ კახიძის კრედოს თუ გავიხსენებთ, სრულყოფისკენ მისმა მიდრეკილებამ განსაზღვრა) ქართულ საზოგადოებაში შექმნა სახე ხელოვანისა, რომელიც მარად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გულმა უმტყუნა. დღეს, ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსის თაყვანისმცემლები, მეგობრები ამბობენ: "დაბერებული ჯანოს ნახვას ვერ მოვესწარითო", მერე კი იხსენებენ ბოლო დროს ჩაწერილ კახიძის სიმღერებს, რომელშიც სრულიად წაშლილია ზღვარი ექსცენტრიკასა და ლირიზმს, ირონიასა და სევდას შორის. "სრულყოფილებისკენ სწრაფვის" კახიძისეული ფორმულა, როგორც ჩანს, სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრის გაუქმებას გულისხმობდა - დიდი ხელოვანი ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს, სიცოცხლეს ბოლომდე უნდა გაუსინჯოს გემო, მაშინაც კი, როცა წინასწარ იცის - "სიცოცხლის ძირი მწარეა!" [ ჩართვა. სიმღერა კახიძის შესრულებით]

დიდი ხელოვანისთვის თავად მუსიკაშიც არ არსებობს საზღვრები. ჯანსუღ კახიძის შემოქმედება ამის დადასტურებაა. მუსიკოსი, რომლის ინიციატივით საქართველოში პირველად შესრულდა სტრავინსკის "საღმრთო გაზაფხული", შოსტაკოვიჩის მეოთხე სიმფონია, გია ყანჩელის, სულხან ნასიძის ყველა სიმფონია, აქტიურად მუშაობდა ეგრეთ წოდებულ "სასიმღერო ჟანრშიც". უფრო სწორად, სიმღერით დაიწყო კიდეც. თბილისის კონსერატორიის დამთავრების შემდეგ ჯანსუღ კახიძე ჯერ საქართველოს საგუნდო კაპელის მთავარი დირიჟორი იყო, 1957 წელს კი ვოკალური ანსამბლი "შვიდკაცა" ჩამოაყალიბა. ჯანსუღ კახიძის სიმღერებშიც წაშლილია საზღვრები - ქალაქური, "ოჯახური მუსიცირების" ფორმები აქ ორგანულად უკავშირდება ხალხურ ინტონაციებს, ხოლო ხალხური წარმომავლობის მელოდიის გამოყენების შემთხვევაში იგი იმდენად ცვლიდა აქცენტებს, რომ ნაცნობი მუსიკა ორიგინალურ ფორმას იძენდა, უფრო მჩქეფარე, უფრო ცოცხალი ხდებოდა. ლირიკულობისა და ირონიის გაერთიანებისკენ მისწრაფებამ ჯანსუღ კახიძე მოიყვანა ქართულ კინოში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჟანრების თავისუფალი აღრევით, მოზაიკურობით. კახიძის ეს იმერული იუმორი, წარმოჩენილი მისსავე სიმღერებში და სხვისი, თუნდაც გია ყანჩელის, სიმღერების შესრულების დროს, მისი უნარი სრულიად მოულოდნელად "შემოატრიალოს" მელოდია - განსაკუთრებით კინოს მოუხდა. დღეს წარმოუდგენელია საუბარი ელდარ შენგელაიას "შერეკილებზე" კახიძის "ჩიტი გვრიტი მოფრინავდას" გარეშე, წარმოუდგენელია ვინმემ გია დანელიას "არ იდარდო" გაიხსენოს და არაფერი თქვას იმაზე, თუ როგორ ასრულებს აქ ჯანსუღ კახიძე გია ყანჩელის სიმღერას. [ჩართვა. "არ იდარდო" ჯანსუღ კახიძის შესრულებით]

ჯანსუღ კახიძემ თავისი ცხოვრების კრედოდ პროფესიონალიზმი აირჩია. შეიძლება ამიტომაც ამბობენ ახლა, "ჯანოს ადგილს ქართულ კულტურაში ვერავინ შეავსებსო’. "ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც" ქართველებს დღეს ხომ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით აქვთ პრობლემები. კახიძეს, როგორც პროფესიონალს, ბოლო დროს ოპონენტები მოუმრავლდნენ, სწორედ ის ადამიანები, ვისთვისაც პროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა მთავარი. მაგრამ საქართველოში ასე იყო და არის - პროფესიონალები "ნიჭიერებს, მაგრამ ზარმაცებს" ყოველთვის თრგუნავდნენ. "ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები", ან პირიქით, "შრომისმოყვარენი, მაგრამ უნიჭონი" კახიძეს აკრიტიკებდნენ, ებრძოდნენ, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის იგრძნობოდა ფარული აღფრთოვანება მაესტროს ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით. იმავე ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიის შესრულების შემდეგ "მუზიკალნაია ჟიზნში" დაბეჭდილ რეცენზიას ჟურნალის მიმომხილველი ასე ამთავრებდა: ‘არაჩვეულებრივად გამომსახველია კახიძის ჟესტი და არამარტო ჟესტი. ფინალში მაესტრომ თითქოს თავჩაღუნულმა წარმოთქვა ცხედართან გამოსამშვიდობებელი სიტყვაო."
გასულ კვირას ასეთი სიტყვა მაესტროს ცხედართან წარმოთქვეს. "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი საქართველო" უნიკალურ მუსიკოსს დაემშვიდობა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG