Accessibility links

რა ასაზრდოებს ავტონომიის მოთხოვნას ჯავახეთში


სოზარ სუბელიანი, თბილისი რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ოდნავ ჩაცხრა ის ვნებათაღელვა, რაც საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

სამაგიეროდ, საქართველოს წინააღმდეგ გაცილებით ეფექტური მექანიზმები ამოქმედდა, ვიდრე ეს რუსეთის დუმაში თუ სატელევიზიო გამოსვლებში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებია. საშინაო პრობლემების შექმნის ერთ-ერთი ტრადიციული და კარგად აპრობირებული მექანიზმი ჯავახეთის პრობლემის წამოწევაა, რამაც არც ამჯერად დააყოვნა.

ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნას, რასაც რეგიონში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აყენებს, მოსახლეობაში ნოყიერი ნიადაგი ხვდება, რასაც ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე კიდევ ურფო ამძაფრებს. მიუხედავად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის იმედიანი განცხადებისა, რომ ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტის დროს მან ვერ ნახა ადამიანი, ვინც ავტონომიას მოითხოვდა, საკითხი ასე მარტივად მაინც არ დგას: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე, პირადად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბევრი ის საკითხი, რომლის მუდმივი მუსირებაც მიდის, ცოტა სხვა კუთხით არის დანახული და ფერები ზედმეტად არის გამუქებული. მაგალითად, ვგულისხმობ ავტონომიის მოთხოვნას. თქვენ ესწრებოდით ბევრ შეხვედრას და, მე მგონი, ხედავთ, რომ, პრაქტიკულად, მოსახლეობის 99 პროცენტი ლაპარაკობდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, უსაფრთხოებაზე, რაც ხალხს აწუხებს და ავტონომიის მოთხოვნა ორი დღის განმავლობაში მე არ გამიგონია”.

არადა, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯავახეთის ავტონომიას ითხოვენ, ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდნენ. მაგალითად, ორგანიზაცია “ვირქის” ლიდერი დავით რასტიანი ჯავახეთის ავტონომიის საკითხზე რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. “ავტონომიის მოთხოვნა არ უკავშირდება სეპარატიზმს, იგი მოწოდებულია სოციალური პრობლემების გადასაჭრელად და რეგიონალიზმის დასამკვიდრებლად არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ მთელ საქართველოში”, - აცხადებს რასტიანი. “ვირქის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში რეგისტრირებული 60 ათასი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ჯავახეთის ავტონომიას. ამასთან, ეს ორგანიზაცია აპირებს ხელმოწერები შეაგროვოს ჯავახეთში, რათა საქართველოს პარლამენტს მიმართოს თხოვნით, მიიღოს კანონი რეფერენდუმის ჩატარების წესის შესახებ.

ავტონომიის მოთხოვნას, ტრადიციულად, მხარს უჭერს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეგიონული ორგანიზაცია “ჯავახკი”. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ მართავს ამ ორ ორგანიზაციას, რა არის მათი ნამდვილი მიზანი და იმალება თუ არა ავტონომიის მოთხოვნაში სეპარატიზმის საფრთხე, დავით რასტიანის სიტყვებში მაინც ჩანს ჭეშმარიტების კვალი: ჯავახეთში არსებული პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაა და, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ძალები აცხადებენ, ავტონომიის მოთხოვნა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად გვჭირდებაო, ამ არგუმენტის უარყოფა ადვილი არ არის.

რასაკვირველია, საქართველოს სხვა კუთხეებსაც არანაკლები პრობლემები აწუხებთ, მაგრამ, როგორც ტელეკომპანია “რუსთავი ორისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა “ჯავახკის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯავახეთის მოსახლეობა სხვა ეთნოსს განეკუთვნება და, როცა ცენტრალური ხელისუფლება მათ პრობლემებს ვერ წყვეტს, ურჩევნიათ, ამ პრობლემების გადაწყვეტა უფრო მეტად იყოს მათზე დამოკიდებული. [“ჯავახკის” წარმომადგენლის ხმა] “აქედან ჩვენ ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ. პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტა, რადგან აქ არის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ენის, კულტურის განვითარების საკითხი და სხვა. მთლიანობაში, უნდა გავიგოთ, რომ, მართალია, ჩვენ არა ვართ სახელმწიფოს შემქმნელი ერი, მაგრამ ჩვენ განვსხვავდებით ქართველებისგან, ჩვენ ხომ სომხები ვართ”.

ჯავახეთის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია რეალურად გამოიწვევს მათი სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, რაც საფუძველს არ არის მოკლებული. ზემოთქმულის დასტურად, გაზეთმა “ჯორჯიან თაიმსმა” გასულ კვირას გამოაქვეყნა მოზრდილი წერილი შემდეგი სათაურითა და ქვესათაურით: “ნინოწმინდელმა სომხებმა ავტონომიის შესაქმნელად დიდი ნაბიჯი გადადგეს. არალეგალური სომხური დენი სამცხე-ჯავახეთს ანათებს”. წერილის თანახმად, ჯერ კიდევ 1995 წელს აშენდა სომხეთისა და ჯავახეთის შემაკავშირებელი არალეგალური ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჯავახეთის სოფლებს ელექტროენერგიით ამარაგებდა. 1998 წელს ორ ქვეყანას შორის დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი, 220 კილოვოლტიანი სასისტემო ხაზის მშენებლობის შესახებ, რომელიც ხაშურამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ, ამის ნაცვლად, 110 კილოვოლტიანი ჩიხური ხაზი აშენდა, რომელიც მხოლოდ ჯავახეთს ამარაგებს ელექტროენერგიით. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ ხაზის მშენებლობა არალეგალურად მოხდა. პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რევაზ არველაძის თქმით, ამ მშენებლობის პოლიტიკურ დატვირთვას კომენტარი არ სჭირდება, იმდენად ცხადია ყველაფერი: “შეიძლება გავიხსენოთ, როგორი დაჟინებით მოითხოვდნენ რუსები აფხაზებისგან, რომ საჭირო იყო ენგურამდე მისვლა. გალის აღებით და ენგურჰესის ხელში ჩაგდებით აფხაზური მხარე, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებდა, მძლავრ ბერკეტებს იჭერდა ხელში. რაც შეეხება იმას, რომ სომხებმა ჩუმად ააშენეს ელექტროგადამცემი ხაზები, არ მესმის, სად იყო უშიშროება, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო, რომელთაც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდათ ეს ფაქტი”.

ამ კონკრეტულ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. სხვა რომ არაფერი, ჯერ “აშოცკი-ნინოწმინდის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ღირებულებაც კი არ არის დადგენილი. შესაბამისად, ისიც არ არის ცნობილი, თუ ვის ბალანსზე უნდა ირიცხებოდეს ეს ხაზი, თუმცა თავად მოსახლეობისთვის ყოველივე ამას მნიშვნელობა არა აქვს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტაა, ანუ მოსახლეობას სურს, ჰქონდეს ელექტროენერგია, ჰქონდეს სამუშაო, ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება და დაცული იყოს მისი უსაფრთხოება. ავტონომიის იდეა - საქართველოსგან რაც შეიძლება მეტად დისტანცირება და მეზობელ სომხეთთან თუ უფრო შორეულ რუსეთთან ინტეგრაციისკენ სწრაფვა კი - ჯერჯერობით სწორედ ამ პრობლემების გადაჭრასთან არის ასოცირებული.

უსაფრთხოებაც და დასაქმების პრობლემაც ჯავახეთის მოსახლეობისთვის მჭიდროდ უკავშირდება ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზას. თავად ახალქალაქის მოსახლეობა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს ასე გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ბაზის მიმართ: [ახალქალაქელების ხმები]
“დადის ხმები, რომ ახალციხიდან რუსეთის ბაზის გაყვანას აპირებენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ამ ხალხის დასასრულს. მართალია თუ არა?”
“მართალია, მართალია…”
“ნახევარი ჩვენი ხალხი იქ მუშაობს, რუსეთის ბაზაზე. რას გავაკეთებთ ჩვენ, თუ უმუშევრად დავრჩებით? ვერაფერს, არა?”

რუსული სამხედრო ძალა არა მხოლოდ სამუშაო ადგილებთან არის ასოცირებული, არამედ უსაფრთხოებასთანაც. სომხეთისა და თურქეთის დაპირისპირება უკვალოდ არც ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას ტოვებს, რასაც რეპრესირებული მესხების დაბრუნების პრობლემაც ემატება. ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, თანაბრად აღელვებს რეგიონის როგორც ქართულ, ისე სომხურ მოსახლეობას.

ყოველივე ზემოთქმული კარგ ფონს ქმნის იმისთვის, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება პოლიტიკურ კალაპოტში იქნას მიმართული. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, იმის მტკიცება, რომ, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მთელ საქართველოში ცუდი ვითარებაა, ჯავახეთში მდგომარეობას არ ცვლის და იქაური მოსახლეობისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია. მით უმეტეს, როცა ყველამ იცის, რომ პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს ხელისუფლების უუნარობით არის გამოწვეული.
XS
SM
MD
LG