Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი საშიში პროვოკაცია აფხაზეთში


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

18 მარტს, საღამოს ექვს საათზე, გალის რაიონის სოფელ ოტობაიასთან განლაგებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ნიღბიანმა პირებმა რუსეთის სამშვიდობო ძალების 3 ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ვინაობა და მოთხოვნები უცნობია, სოხუმის ხელისუფლება მომხდარში ცალსახად ქართველ პარტიზანებს ადანაშაულებს. სეპარატისტების მოსაზრებას, როგორც ჩანს, ოფიციალური რუსეთიც იზიარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვისა, რომელმაც, რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოების გატაცებასთან დაკავშირებით, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მოძრაობის ბლოკირების ბრძანება გასცა.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების ისტორიას ბევრი შავ-ბნელი ამბავი ახსოვს.
1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტმა სამშვიდობო საქმიანობა დაიწყო, სხვადასხვა ვითარებაში ათობით მშვიდობის დამცველი დაიღუპა და დაიჭრა, უსაფრთხოების ზონაში მოქმედი პარამილიტარისტული სამხედრო დაჯგუფებების შეტაკებების დროს იღუპებოდნენ აფხაზი და ქართველი მცხოვრებლები, ხდებოდა ერთმანეთის დატყვევებაც და შემდგომ გარკვეული გამოსასყიდის ფასად მათი გაცვლაც, მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რუსი ცისფერჩაფხუტიანის დატყვევების ფაქტი პირველია.

ამდენად, 18 მარტს სოფელ ოტობაიაში მომხდარი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც შედეგად პირდაპირ ბლოკ-საგუშაგოზე სამი რუსი ოფიცრისა და ერთი ჯარისკაცის დატყვევება მოჰყვა, სრულიად ბუნებრივად ბადებს ძალიან ბანალურ შეკითხვებს, თუ ვის აძლევდა ხელს და რას უნდა ემსახურებოდეს ამგვარი პრეცედენტის შექმნა მაშინ, როდესაც საქართველოს ლამის მთელი პოლიტელიტა რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიაზე საუბრობს.

თუმცა აპრიორი შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკითხვებზე პასუხისთვის თავს არავინ შეიწუხებს. როგორც ყველა წინა, დიდი თუ მცირე, პროვოკაციების დროს, საქართველოს ხელისუფლების მთელი ადმინისტრაციული რესურსი ამჯერადაც მიმართულია იქითკენ, რომ სიტუაცია განიმუხტოს.

ორშაბათს გალის რაიონში მშვიდობის დამცველთა დატყვევების ფაქტს ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და დატყვევებულთა გასათავისუფლებლად საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს "გადაუდებელი ზომების გატარება" დაავალა.

ბრიუსელიდან მიღებული ბრძანების შემდეგ მოვლენები ელვისებურად განვითარდა. 19 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გენერალი ზურაბ ჩხაიძე და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი მამუკა ნაჭყებია გაემგზავრნენ ანაკლიაში, ერთგვარ ბუფერულ ზონაში, სადაც, მათთან ერთად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო მაღალჩინოსანიც ჩავიდა. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ "რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ოთხი წარმომადგენელი და, მათთან ერთად, ოთხი დღის წინ სოფელ პრიმორსკოესთან დატყვევებული მიხეილ ბუგილავა და გუჩა ოდგომია წუთი წუთზე გათავისუფლდებიან."

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თავი შეიკავა მოლაპარაკების დეტალებზე საუბრისგან, თუმცა გათავისუფლების პროცესში კატეგორიულად გამორიცხა რაიმე სახის გარიგება გამტაცებლებთან, რომელთა ვინაობაც, მთელ ამ უცნაურ ისტორიასთან ერთად, ჯერჯერობით ასევე საგულდაგულოდ გასაიდუმლოებული რჩება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG