Accessibility links

logo-print

თავისუფლების ინსტიტუტი ლევან მამალაძეს კორუფციაში სდებს ბრალს


მოქალაქეთა კავშირის შიდა პარტიული დაპირისპირების მთავარი მოქმედი გმირები ზურაბ ჟვანია და ლევან მამალაძე უკვე აღარაფერს იშურებენ დაწყებულ ბრძოლაში გამარჯვების მისაღწევად.

პირველი რაუნდის მუშტი-კრივის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ დაპირისპირების მეორე რაუნდში კომპრომატები ჩაერთო. 19 მარტს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა და ანტიკორუფციული ბიუროს წევრმა გივი თარგამაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ლევან მამალაძის კორუფციაში მონაწილეობის დამამტკიცებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა.

გივი თარგამაძე ირწმუნება, რომ მის მიერ ლევან მამალაძის - ქვემო ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის -კორუმპირებულობის მამტკიცებელი მასალის გამომზეურება მოქალაქეთა კავშირში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება და რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ჯერ კიდევ 4 წლის წინ პრესაში დაიბეჭდა.

გივი თარგამაძეს ხელთ აქვს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილი. საიდუმლო წერილში ჩხარტიშვილი პრეზიდენტს სთხოვს ოქროს წარმოებაში მამალაძის გავლენის შესუსტებასა და საკუთარი გავლენის გაძლიერებას. ეს წერილი პირდაპირი დასტურია მამალაძის ოქროს წარმოებასთან კორუფციული კავშირისა. ამის გარდა, ანტიკორუფციული ბიუროს წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, მამალაძის ნათესავები ოქროს მწარმოებელი ავსტრალიის კომპანია „კვარციტის“ აქციებსაც ფლობენ, თუმცა კი ეს არ ეწინააღმდეგება დღევანდელ კანონმდებლობას. ოქროს წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემებით გუბერნატორის მომეტებული დაინტერესება და აშკარა ლობირება მამალაძის მიერ ოქროსა და სპილენძის საწარმოებზე გავლენის მოპოვების დამადასტურებელია. შედეგად კი, იგი მათ სახსრებს საკუთარი ნათესავების, გაურკვეველი კომპანიების, პირადი მივლინებების დასაფინანსებლად და ავტომობილების შესაძენად იყენებდა. ერთი მაგალითი, გივი თარგამაძის ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით: [თარგამაძის ხმა] „საკმაოდ ბევრჯერ არის გაკეთებული გადარიცხვა შპს „ტვ4“ -ზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შპს „ტვ4“-ს, როგორც ტელევიზიას, პირდაპირი დანიშნულებით არ უმუშავია არასდროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ, უბრალოდ, ადგილი აქვს ფულის ელემენტარულ გათეთრებას.“

„ტვ4“ კი გუბერნატორის დის ქმარს, ვასილ ბარნოვს, ეკუთვნოდა. ახლა ბარნოვი საქგაზის დირექტორის მოადგილეა და წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებს. გივი თარგამაძე დოკუმენტურად ასაბუთებს ოქროს წარმოების კუთვნილი თანხებით - კერძოდ კი, 40 ათასი ამერიკული დოლარით - გუბერნატორის ბრაზილიაში, ეკოლოგიურ კონგრესზე, მივლინების დაფინანსების ფაქტს. არის ასევე სხვა, შედარებით, წვრილი ფაქტების ამსახველი დოკუმენტური მასალაც. გივი თარგამაძე აპირებს, ეს მასალა უახლოეს ორ დღეში გააცნოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ მირიან გოგიაშვილს და იმედოვნებს, რომ გოგიაშვილი ამ ფაქტებს მთავრობის სხდომაზე გამოაქვეყნებს.

[თარგამაძის ხმა] „დაისვა სრულიად ბუნებრივად საკითხი იმის თაობაზე, რომ თუკი თავისუფლდება ასეთი ტიპის კომპრომატის გამო კობა ბუჩუკური, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანი ამ ტიპის მოღვაწეობაში, ბატონი ლევან მამალაძე, რატომ უნდა ინარჩუნებდეს თავის პოზიციას? ანუ მაშინ არ იყო დაწყებული ეს განხეთქილება, - ზოგადად კი იყო, მაგრამ უშუალოდ პარტიის გაყოფა არ ყოფილა.“

თარგამაძე ამით თავის მიერ გადადგმული ნაბიჯის შიდაპარტიული დაპირისპირებისაგან გამოცალკევებას კიდევ ერთხელ ცდილობს და აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის საქმიანობას შეისწავლის, თუ სათანადო ინფორმაცია იარსებებს. თუმცა კი ჟურნალისტთა ანტიკორუფციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შედეგებით, რომელიც ჟვანია - სააკაშვილის გუნდის ჭიათურმანგანუმთან თუ საქგაზთან დაკავშირებულ კორუფციულ კავშირებს ამტკიცებდა, სერიოზულად არავინ დაინტერესებულა და ის ანტიკორუფციული ბიუროს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.
XS
SM
MD
LG