Accessibility links

logo-print

პოლიტიკის დემოკრატიული ფლანგის კრიზისი


ის ფაქტი, რომ მოქალაქეთა კავშირი დაუსრულებელი სკანდალების მიზეზად იქცა, შემთხვევითი არ არის. რადგან, ჯერჯერობით, ამ პროცესის მთავარი შედეგი ზურაბ ჟვანიასა და მისი თანამოაზრეების დისკრედიტაციაა.

ყოფილი სახელისუფლო პარტიის ირგვლივ წარმოქმნილი დავა, უბრალოდ, ბოლო ეტაპია იმ კრიზისისა, რომელშიც მთელი დემოკრატიული ფლანგი მოექცა, ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად.

ბოლო ორიოდე კვირის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა კუთხით განვიხილავდით ქართული პოლიტიკური თუ სახელისუფლო სივრცის სტრუქტურასა და პრობლემებს. დღეს შევეცდებით, ფრაგმენტული ანალიზის შედეგები შევაჯამოთ და ერთიანი სურათი აღვწეროთ.

მაშ, ასე; ქართული სახელისუფლო და პოლიტიკური სივრცე დანაწევრებულია ორგვარად: როგორც ჰორიზონტალურად, ასევე - ვერტიკალურად. ჰორიზონტალურ ჭრილში გვაქვს ორი პოლიტიკური ცენტრი: თბილისისა და ბათუმის. ბათუმის ცენტრს ორი ძირითადი საყრდენი აქვს: შინაგანი, შედარებით სუსტი - მრავალპარტიული ბლოკი "საქართველოს აღორძინება" და გარეგანი, გაცილებით ძლიერი - რუსეთის სამხედრო ბაზა. თბილისის პოლიტიკურ ცენტრს წლების განმავლობაში ძლიერი გარეგანი საყრდენი არ ჰქონდა, რადგან შევარდნაძე ბუნდოვან, არამკაფიო ურთიერთობას ინარჩუნებდა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. სამაგიეროდ, თბილისის პოლიტიკური ცენტრი იდგა ორ ძლიერ შიდა საყრდენზე - საპარლამენტო უმრავლესობასა და სახელმწიფო კანცელარიაზე.

რაც შეეხება ვერტიკალურ ჭრილს. ამ თვალსაზრისითაც, სახელისუფლო და პოლიტიკური სივრცე ორ სეგმენტად იყოფა: დემოკრატიულ და ოლიგარქიულ ბანაკებად. დემოკრატიული ბანაკი ორიენტირებულია გარდაქმნებზე, კანონის უზენაესობაზე, საბაზრო ეკონომიკაზე; ხოლო ოლიგარქიული ბანაკი წარმოადგენს სახელისუფლო კორუფციულ პირამიდას, რომელიც ორიენტირებულია "ჩრდილოვან" ეკონომიკაზე და არსებული სისტემის უცვლელად შენარჩუნებაზე. თავისი დემოკრატები და ოლიგარქები ორივე პოლიტიკურ ცენტრს ჰყავს. მაგალითად, ტრადიციონალისტები ჰორიზონტალურ ჭრილში ბათუმის ცენტრში ბინადრობენ, ვერტიკალურ ჭრილში კი დემოკრატების ბანაკს ეკუთვნიან. მოქალაქეთა კავშირის არარეფორმატორული ნაწილი ჰორიზონტალურ ჭრილში თბილისის ცენტრში მკვიდრობს, მაგრამ ვერტიკალურ ჭრილში ოლიგარქების ბანაკის ბირთვს წარმოადგენს.

როგორია ბოლოდროინდელი საერთო სურათი? ბათუმის ცენტრს შიდა საყრდენი აშკარად დაუსუსტდა: ფაქტობრივად, დაიშალა "აღორძინების" ბლოკი; შიდა საყრდენები გამოეცალა თბილისის ცენტრსაც: საპარლამენტო უმრავლესობა გაუქმდა, ხოლო კანცელარია საგრძნობლად დასუსტდა. სამაგიეროდ, თბილისის ცენტრმა გაიძლიერა გარე საყრდენი იმის შემდეგ, რაც შევარდნაძემ დასავლეთის სასარგებლოდ დაარღვია საგარეო პოლიტიკური ბალანსი.

ამასობაში, პოლიტიკური ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ვერტიკალურ ჭრილში სერიოზული წარმატებები მოიპოვა ოლიგარქების ბანაკმა, რაც ედუარდ შევარდნაძის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. ოლიგარქების გაძლიერებაზე მეტყველებს ორი ფაქტი: იკვეთება ახალი საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც ერთიანდებიან, ერთი მხრივ, ასლან აბაშიძის მომხრე ფრაქციები, მეორე მხრივ, კანცელარიასთან ინტეგრირებული ფრაქციები და, მესამე მხრივ, "ახალი მემარჯვენეები". საფიქრებელია, რომ არაოფიციალური უმრავლესობის არაოფიციალური კოორდინატორია სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც, თავის მხრივ, გამოდის ინიციატივით, რომ მთავრობაში შენარჩუნდეს არსებული სტრუქტურა - კორუფციული პირამიდა, ოღონდ, შეიკვეცოს სამინისტროების რაოდენობა.

ოლიგარქიული ბანაკის გაძლიერების მეორე ფაქტი უშუალოდ უკავშირდება მოქალაქეთა კავშირის ირგვლივ ატეხილ დავას. ამ დავაშიც პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად დგება ოლიგარქების გვერდით და ბრძოლაში რთავს გუბერნატორების და გამგებლების "გვარდიას". დღეს უკვე გასაგებია, რატომ აღმოჩნდა ლევან მამალაძე მოქალაქეთა კავშირის ბოლო ყრილობაზე ზურაბ ჟვანიას გვერდით. ცხადია, ეს არ მოხდებოდა ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმების გარეშე. ლევან მამალაძემ საკუთრივ იტვირთა ის ფუნქცია, რომ "შიგნიდან აეფეთქებინა" პარტიის ახალი ლიდერის - ზურაბ ჟვანიას გეგმები. ჯერჯერობით, ოლიგარქების ბანაკი ზედიზედ იგებს პოზიციებს როგორც პარლამენტში, ისე მოქალაქეთა კავშირში.

საბოლოო სურათი ასეთია: ჰორიზონტალურ ჭრილში აშკარაა პირველი პოლიტიკური ცენტრის უპირატესობა, რისი მთავარი არგუმენტიც ხდება საგარეო ფაქტორი, დასავლეთის მხარდაჭერა. სამაგიეროდ, ვერტიკალურ ჭრილს აშკარა უპირატესობით იგებს ოლიგარქების ბანაკი, რომელიც წარმატებით აერთიანებს ორივე ცენტრის რესურსს. ამ შეუსაბამობის თავი და ბოლო - "ანი" და "ჰოე" - საქართველოს პრეზიდენტია: იგია, ერთდროულად, დასავლეთის ნდობის ობიექტიც და ოლიგარქების ბანაკის ბურჯიც. მაგრამ ამ ბალანსის ხანგრძლივად შენარჩუნების საფუძველი არ არსებობს. ედუარდ შევარდნაძის სულ ბოლო ინიციატივები: ევროკავშირში და ნატოში საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია - გამორიცხავს ოლიგარქების ბანაკის შემდგომ გაძლიერებას. რადგან საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირის კარი დახშულია მანამ, სანამ ქვეყანას მართავს არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ - კორუფციის პარტია.
XS
SM
MD
LG