Accessibility links

ფეხშიშველი ბიჭი, მოსკოვიდან - თბილისში


თბილისში რუსული ესტრადის მორიგი სეზონი გაიხსნა, მაგრამ, გასული წლებისგან განსხვავებით, საქართველოში მოსკოველი პოპ-ვარსკვლავების ჩამოსვლას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.

როგორც ჩანს, რუსული ესტრადა ჩვენში ნელ-ნელა გადის მოდიდან.

მოსკოველი ესტრადის ვარსკვლავების, ლეონიდ აგუტინისა და ანჟელიკა ვარუმის, კონცერტს, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ქართული მედია თითქმის არ გამოეხმაურა. შესაძლებელია იმიტომ, რომ ჩვენს პრესას ამჯერად არ ეცალა რუსული მუსიკისთვის, ან, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, აღარ მოინდომა რუსული პოპ-მუსიკის რეკლამირება. ცუდმა რეკლამამ კი თავად კონცერტის ჩატარებაზეც იმოქმედა - მოსკოველმა ვარსკვლავებმა უმღერეს საკმაოდ თავშეკავებულ პუბლიკას, რომელიც, თავის მხრივ, დროდადრო ხელებს იქნევდა, მაგრამ, აქამდე ჩატარებული “რუსული კონცერტებისგან” განსხვავებით, ამჯერად წივილ-კივილი არ აუტეხია.

რუსეთში დიდი ხანია გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოს დედაქალაქში ჭკუას კარგავენ მოსკოველ პოპ-ვარსკვლავებზე. ამიტომ, როგორც წესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გართულებას რომელიმე პოპულარული რუსი არტისტის თბილისური გასტროლები მოჰყვება ხოლმე - იმის დასამტკიცებლად, რომ რუსოფობიას აქ პოლიტიკოსები ამკვიდრებენ, აი, უბრალო ხალხი კი ვერ ელევა რუსულ ესტრადას. და არა იმდენად რუსულს, რამდენადაც რუსულ საბჭოთა ესტრადას. ამ სიმღერების უბადლო შემსრულებლად კი მოსკოვში ლეონიდ აგუტინი ითვლება. იგი, მართალია, მხოლოდ 1992 წელს გამოჩნდა დიდ ესტრადაზე, მართალია, 1994 წელს, როცა თავისი ჰიტი “ფეხშიშველა ბიჭი” შეასრულა, საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, მართალია, იგი პირველი იყო, ვინც რუსულ ესტრადაში ლათინურ-ამერიკული მუსიკის მოდა დაამკვიდრა, ამას წინათ კი მსოფლიოში სახელგანთქმულ გიტარისტ ალ დი მეოლასთან ერთად გამართა კონცერტი, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში აგუტინი მხოლოდ რუსული საბჭოთა შლაგერების შესასრულებლად ჩამოიყვანეს და მან ის იმღერა, რაც უკარნახეს.

[მუსიკა]

“ყველა ქალაქს თავისი მსმენელი ჰყავს, - აღნიშნა შარშან აგუტინმა “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტთან საუბარში. - ყოველთვის იმას ვმღერი, რაც ამ ქალაქის მსმენელს მოსწონს”... რუსული ესტრადის ვარსკვლავებს, აგუტინსა და ვარუმს, აგრეთვე იმათ, ვინც ეს კონცერტი თბილისში მოაწყო, ქართულ პუბლიკაზე გული გაუტყდებოდათ. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, მათ დააფრთხონ ის მომღერლებიც, რომლებიც საქართველოში საგასტროლოდ ჩამოსვლას აპირებენ. ფეხშიშველა, ქერა ბიჭებს აქ თაყვანისმცემელი მოაკლდა. ჩვენ საკუთარი, ფეხშიშველი მომღერლებიც თავზესაყრელი გვყავს.
XS
SM
MD
LG