Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ბრიუსელში


სამშაბათს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი ნატოში, ევროპის კავშირსა და ბელგიის სამეფოში.

ვიზიტის მეორე, დასკვნით დღეს გაიმართა შეხვედრები ბელგიის მეფესთან, აგრეთვე ევროპის კომისიის პრეზიდენტთან, რომანო პროდისთან და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპის კომისართან ქრის პატენთან.

სამშაბათს, მას მერე რაც ჩვენი გუშინდელი გადაცემა გავიდა ეთერში, ედუარდ შევარდნაძეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ნატოში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, ლორდ ჯორჯ რობერტსონთან.

შეხვედრის შემდეგ რობერტსონმა განაცხადა, რომ ნატომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში დახმარება შესთავაზა შევარდნაძეს.

რობერტსონის თქმით, საქართველო ნატოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში და ჩრდილოატლანტიკური კავშირი მეტად დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობით.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ ნატოსა და აშშ-ის დახმარებით და სამხედრო რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს ეროვნული არმია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი გახდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ანტიტერორისტული კამპანიისთვის.

[რობერტსონის ხმა] ”საქართველოსთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა არის ისეთი შეიარაღებული ძალების ყოლა, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს ქვეყნის შიდა თუ მის გარედან მომავალ პრობლემებს”, განაცხადა რობერტსონმა.

როგორც მოგახსენეთ, სამშაბათს ევროპის კომისიაში შევარდნაძე შეხვდა ქრის პატენს და რომანო პროდის. ამ შეხვედრებზეც საუბარი იყო დასავლეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ორივე მხარისთავის.

[პროდის ხმა] ”საქართველოსა და ევროპის კავშირს წარსულშიც ჰქონდათ და მომავალშიც ექნებათ მეგობრული და კარგი პარტნიორობა. განსაკუთრებით გაფართოების შემდეგ ევროპის კავშირი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება და ჩვენ მოვილაპარაკეთ, როგორ არის შესაძლებელი ამ ვითარების საუკეთესოდ გამოყენება,” განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამავე პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპის კავშირთან ურთიერთობა. შეეხო მთელი რიგ პროექტებს, რომელთა განხორციელებას ევროკავშირი უწყობს ხელს. მაგრამ განსაკუთრებით გამოყო ევროპის კავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერის საქმეში.

[შევარდნაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

სხვათა შორის, როცა საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს მიღებით ევროკავშირი უფრო დიდი და უფრო ძლიერი გახდებაო, თავად გაიღიმა, მაგრამ დამსწრეები, და პირველ რიგში რომანო პროდი, ამ განცხადებას საკმაოდ სერიოზულად შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG