Accessibility links

logo-print

ბუნებრივი აირის გაჟონვა ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება


თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით მომხდარ სხვადასხვა სახის უბედურ შემთხვევებს ოთხშაბათს კიდევ ერთი ინციდენტი დაემატა.

20 მარტს, გამთენიისას, თემქის დასახლებაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებით ერთი ადამიანი დაშავდა, ხოლო საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართული თითქმის მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. შემთხვევის ადგილზე მისულმა "თბილგაზის" წარმომადგენლებმა, როგორც ყოველთვის, აფეთქება ამჯერადაც მობინადრის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევას დააბრალეს, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრება, და ამას ბოლო ხანებში ბუნებრივი აირით ადამიანების მოწამვლის სავალალო შედეგებიც ადასტურებს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ "თბილგაზის" ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს.

ზამთრის პერიოდში ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საუბარს საქართველოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში თითქმის იმდენივე ადგილი ეთმობა, რამდენიც ეროვნული უსაფრთხოების პირველი რიგის გადაუჭრელ პრობლემებს - აფხაზეთის საკითხის მოწესრიგების პროცესს, პანკისის ხეობასა და ტოტალურ კორუფციას. და ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა ვირტუალურ, არამედ სრულიად რეალურ საშიშროებას.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს მხოლოდ თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. იყო შემთხვევები, როდესაც, მოწამვლის შედეგად, ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა, პირველ ყოვლისა, "თბილგაზმა" და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, მხოლოდ ტრაგედიის პიკზე მოახერხეს მოწამვლის მიზეზების დადგენა, თუმცა მათი დასკვნები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ ეთანხმება.

ასე მაგალითად, თბილისის გაზით მომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია "თბილგაზის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი საცხოვრებელ ბინებსა და დაწესებულებებში ბუნებრივ აირზე მომუშავე, ირანული წარმოების, ოთახისა და წყლის გამაცხელებლებია. გარდა ამისა, "მოსახლეობა თავად შედის გაზგამანაწილებელ პუნქტებში და, რათა უკეთ ამუშაონ გამათბობელი ხელსაწყოები, არეგულირებს ურდულებს, რითაც უსაფრთხოების ყველა ნორმა ირღვევა."

სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნათა დარვევა დაასახელა 20 მარტს მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად "თბილგაზის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
[თბილგაზის წარმომადგენლის ხმა] "მრიცხველიდან გამომავალი გაზი არ იყო მიერთებული გაზქურასთან, იმიტომ რომ გაზქურასთან მიერთებულია შლანგი თხევადი გაზის ბალონისა, რომელიც კედლის გარეთ, ჩულანში, დგას და აქედან გამოდიოდა გაზი."

თუმცა ასეთ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სპეციალური კომისია შექმნა.

როგორც მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მინისტრმა დავით მირცხულავამ განაცხადა, უბედური შემთხვევების 80% მონტაჟის დროს დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. თანაც, მონტაჟს ახორციელებდა 18 კომპანია, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება. ასევე, არ კონტროლდებოდა გაზის ხელსაწყოების შემოტანა და რეალიზაცია, რისთვისაც პასუხისმგებლობა სწორედ "თბილგაზს" ეკისრება.

ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლის შემდეგ "თბილგაზს" ფინანსური შეცოდებანი შეახსენეს და ბუნებრივ აირზე ჯერ კიდევ გასულ წლებში ტარიფის ხელოვნურად გაზრდის გამო, რამაც 28 ათასი დოლარი შეადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 13 თებერვალს კომპანიის ძველი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა.

მაგრამ, როგორც ოც მარტს მომხდარმა აფეთქებამაც ცხადყო, თბილისის გაზით მომარაგებაში შექმნილი პრობლემები მხოლოდ ადმინისტრირებით ვერ მოგვარდება. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, "თბილგაზში" არსებული ვითარება სავალალოა: 70-იან წლებში არსებული 7 სადისტრიბუციო სადგურიდან ფუნქციონირებს მხოლოდ 2, ღამის პიკზე კი, როდესაც ბუნებრივი აირის წნევა მაღლა იწევს, სიმძიმე საშუალო წნევიდან გადადის დაბალ წნევაზე, რაც აფეთქების საშიშროებას ქმნის.
ცალკე პრობლემაა მწყობრიდან გამოსული გაზსადენები, რის გამოც გასულ წელს მიღებული 152 მილიონი კუბმეტრი აირიდან ტექნოლოგიურმა დანაკარგმა 77%, ანუ რეალიზებული პროდუქციის 51%, შეადგინა.
XS
SM
MD
LG