Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილში სავალუტო ფონდი გვეწვევა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აპრილში თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ მისიას ელიან. სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკთან ერთად, საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორ ორგანიზაციას წარმოადგენს.

ამ ორგანიზაციათა პროგრამების დაფინანსება კი, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური საზოგადოების ქვეყნისადმი დამოკიდებულებას განსაზაღვრავს.

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის, ჯუდი ო’კონორის, სკანდალური ვიზიტის შემდეგ თბილისი აპრილისათვის ელის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგ სტუმრობას, რომლის შედეგების მიხედვითაც, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სსფ-ს კრედიტის მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ, სიღატაკის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში.

სავალუტო ფონდის თებერვლის მისია საკანონმდებლო ორგანოში 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას და შემდგომ უკვე იანვრის თვის საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულებას დაემთხვა, რამაც ხელისუფლებას ფონდის წინაშე თავის მოწონების საბაბი მისცა. თუმცა ფისკალურ სფეროში მიღწეული შედარებითი წარმატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალის ასახვევად მაინც საკმარისი არ არის, რაც მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის თბილისურმა ვოიაჟმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ჯუდი ო’კონორის ვიზიტისას მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარების შემცირებით დაემუქრა. ამ ფონზე სავალუტო ფონდის სტუმრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან, როგორც წესი, ეს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები თავის პროგრამებს კოორდინირებულად წარმართავენ. ამასთან, ფონდთან შეთანხმებულ პროგრამაში, გარდა ფისკალური პრობლემებისა, არის რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც ხელისუფლებას არ შეუსრულებია და რამაც, შესაძლოა, გაართულოს დევიდ ოუენის მისიასთან მოლაპარაკება.

პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას ინფორმაციით, სსფ-ს მისიის თებერვლის ვიზიტის შედეგებით შედგენილი მემორანდუმის თანახმად, მთავრობამ 2002 წელს აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და შეასრულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რიგი მიზნობრივი მაჩვენებლები.

ამას გარდა, უკვე 1 აპრილამდე საჭიროა რიგი სტრუქტურული მაჩვენებლების შესრულება, მათ შორის, ფისკალურ სფეროსა და ენერგეტიკაში.
თემურ ბასილიამ ხაზი გაუსვა, რომ 1 აპრილამდე საქართველომ უნდა მოხსნას შეზღუდვები ფერადი ლითონების ექსპორტზე, რომელიც პარლამენტმა 2001 წელს მიიღო. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი სახკანცელარიის იურიდიულ სამსახურს აქვს განსახილველად და უახლოეს ხანში ქვეყნის პარლამენტს წარუდგენენ.
სსფ-ს პროგრამის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოსთვის დაგეგმილია ორი ტრანშის გამოყოფა, რის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პროგრამისა და რეკომენდაციების შესრულების მიხედვით.
XS
SM
MD
LG