Accessibility links

პარლამენტმა დაასრულა აფხაზეთის საკითხის განხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა, ბოლოს და ბოლოს, მიიღო აფხაზეთის პრობლემის თაობაზე დადგენილება, რომელშიც ზოგადად ჩამოყალიბებულია პარლამენტარების ხედვა,

აფხაზეთის საკითხის მოგვარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ მიღებული ეს დადგენილებაც რაიმე სიახლით ან პრობლემის მოგვარების ახლებური მიდგომით არ გამოირჩევა.

პარლამენტმა მორიგი დადგენილება მიიღო აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად შეუწყობს ხელს ეს დადგენილება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას. ფაქტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ის მინიმალური ურთიერთობაც შეწყდა, რასაც კონფლიქტში მონაწილეები სამშვიდობო მოლაპარაკებებს უწოდებდნენ და რაც საომარი მოქმედებების განუახლებლობის მცირე გარანტიას მაინც ქმნიდა.
საქართველოს პარლამენტი ისევ და ისევ ადასტურებს, რომ იგი უპირატესობას სამშვიდობო მოლაპარაკებებს ანიჭებს. ამავე დროს, პარლამენტი ადასტურებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების აუცილებლობას; მოითხოვს, საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიაღწიოს საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარებას გუდაუთის სამხედრო ბაზაზე; აღიარებს აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდს და მოითხოვს იმ კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც ხელი შეუწყო ქართული მოსახლეობის გენოციდს. ამავე დროს, დადგენილების პროექტში, რომელიც პარლამენტარებს ვიცე-სპიკერმა ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო, ნათქვამია:
[ვახტანგ ყოლბაიას ხმა] “რუსეთის ხელისუფლების მიერ, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობა...სანამ არსებობს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესაძლებლობა, დაუშვებელია მისი ძალისმიერი გზით გადაწყვეტა.”

რაც შეეხება აფხაზეთის სტატუსის დადგენას, დადგენილებით, სამი თვეა გამოყოფილი, რათა საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს აფხაზეთის სტატუსი.
პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილებას. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს პარლამენტის ამ მორიგმა დადგენილებამ რაიმე წვლილი შეიტანოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გაყინული წერტილიდან დაძვრაში. მეტიც - სავარაუდოა, რომ, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა გატაცების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის იგორ ივანოვის ბრძანება, რომელიც მშვიდობისმყოფელებს მსგავსი ინციდენტების ძირშივე აღმოფხვრის უფლებას აძლევს, სოხუმის ხელისუფლებას კიდევ უფრო შეურიგებელს გახდის.
XS
SM
MD
LG