Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი ირლანდიაში აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების საკითხზე


გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” თქვენს ყურადღებას დღეს მივაპყრობთ ირლანდიას და საკითხს,

რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო დროს კიდევ ერთხელ გახდა მწვავე დისკუსიების საგანი. საქმე ეხება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. ამ მხრივ ირლანდიაში მკაცრი (ევროპის სახელმწიფოებს შორის ყველაზე მკაცრი) აკრძალვები მოქმედებს: აბორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობა უშუალო საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. ალბათ, ასეც დარჩება თვალსაწიერ მომავალში, ვინაიდან 7 მარტს გამართულმა რეფერენდუმმა ვერ გაამართლა მისი ინიციატორის, ირლანდიის მთავრობის, აგრეთვე ირლანდიაში ფრიად გავლენიანი, კათოლიკური ეკლესიის იმედი - გამოევლინა ელექტორატის მხარდაჭერა კანონმდებლობის კიდევ უფრო გასამკაცრებლად.

საერთოდ, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, კიდევ უფრო გაამკაცრო კანონი, რომელიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას ერთადერთ შემთხვევაში: ქალის ჯანმრთელობისათვის საბედისწერო მუქარის დროს ითვალისწინებს. მაგრამ ასეთი მისწრაფება კანონის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ წარმოშვა. ეს უთანხმოება კი ზუსტად ათი წლის წინათ ჩაისახა: მაშინ, ანუ 1992 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 14 წლის გოგონას ორსულობას ეხებოდა. გოგონა გაუპატიურების შედეგად იყო დაორსულებული და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ მას არ მისცემდნენ მუცლის მოშლის უფლებას. მართლაც, სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, აღნიშნა რა, რომ თავის მოკვლის საფრთხეც ქალის სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხეა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ირლანდიის კანონმდებლობა, მართალია, არასოდეს შეუცვლიათ და ექიმების უმრავლესობაც, ლიცენზიის დაკარგვის შიშით, კვლავინდებურად თავს არიდებს აბორტის კეთებას, მაგრამ შეიქმნა პრეცედენტი: აბორტი დაუშვეს ქალის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ასე რომ, 7 მარტის რეფერენდუმს, პრაქტიკულად, წერტილი უნდა დაესვა გაურკვევლობისათვის: ან უნდა გაეუქმებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ანუ ირლანდიაში უარი უნდა ეთქვათ აბორტის მიზანშეწონილობის განხილვისას ქალის ფსიქიკური მდგომარეობისათვის ანგარიშის გაწევაზე), ან კიდევ გამოევლინა ელექტორატის ნება კანონის ლიბერალიზაციის სასარგებლოდ. მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე: კანონის გამკაცრების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის იმდენად მცირე რაოდენობრივი სხვაობა გამოიკვეთა, რომ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. თავად განსაჯეთ: კანონის გამკაცრება უარყო ამომრჩეველთა 50,4 პროცენტმა, ხოლო გამკაცრების მომხრე იყო 49,6 პროცენტი. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება, გოგონას ფსიქიკური მდგომარეობისთვის ანგარიშის გაწევის თაობაზე ძალაში დარჩა.

და მაინც, აბორტის ლიბერალიზაციის მომხრეები, რომლებსაც ”არჩევანის მომხრეებსაც” უწოდებენ, ზეიმის გუნებაზე არ არიან. მათი უპირატესობა იმდენად მცირე გამოდგა, რომ ძნელი წარმოსადგენია, პარლამენტმა - რეფერენდუმის შედეგზე მითითებით, აბორტის აკრძალვის შემსუბუქების საკითხი წამოჭრას.

თუმცა, გაზეთ ”აირიშ კათოლიკის” რედაქტორი დევიდ ქუინი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში ექიმები სულ უფრო ”გათამამდებიან”, სულ უფრო ხშირად დაეყრდნობიან უზენაესი სასამართლოს 1992 წლის გადაწყვეტილებას, რათა აბორტი გაამართლონ ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მითითებით. [ქუინის ხმა] ”ადრე თუ გვიან, მივალთ ერთგვარი ”არაოფიციალური გარიგების” კულტურამდე, როგორიც ბრიტანეთში არსებობსო”, ამბობს დევიდ ქუინი, რომელსაც, რასაკვირველია, შემთხვევით არ მოჰყავს ბრიტანეთის მაგალითი. იქ ყოველწლიურად დაახლოებით 6 000 ირლანდიელი ქალი ჩადის აბორტის გასაკეთებლად.

მაშ, თუ საქმეს აკრძალვა ვერ შველის, რა გზა რჩება ხელისუფლებას, როცა მას აბორტების რიცხვის შემცირება სურს? კეტრინ ჰინის აზრით, არსებობს ერთადერთი გამოსავალი - აბორტის ლეგალიზება. ჰინი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას ”ირლანდიის საოჯახო დაგეგმვის ასოციაცია”, რომელიც რეფერენდუმის მონაწილეებს კანონის გამკაცრების უარყოფისაკენ მოუწოდებდა. როგორც ჰინიმ ჩვენს თანამშრომელთან, მარკ ბეიკერთან საუბარში აღნიშნა, [ჰინის ხმა] ”თუ გრძელვადიან ამოცანაზე ვილაპარაკებთ, ჩვენი პოზიცია ასეთია: ირლანდიელებს შორის აბორტის პრობლემას თავს გავართმევთ მხოლოდ ირლანდიაში აბორტის ლეგალიზებით. თუ მთავრობას აბორტის მაჩვენებლის შემცირება სურს, ამ ფაქტორმა უნდა განსაზღვროს მისი მოტივაცია.”

თუ ამ სიტყვებს საქართველოში შექმნილი ვითარების კონტექსტში გავიაზრებთ, ჰინის იმედი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლებული აღმოჩნდება: საქმე ის არის, რომ საქართველოში აბორტი რახანია, ლეგალიზებულია, მაგრამ მაინც რჩება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ყველაზე გავრცელებულ გზად. ანუ, საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ აბორტის ლეგალიზება ავტომატურად არ მოასწავებს აბორტის გავრცელების მასშტაბის შემცირებას. და მაინც, ირლანდიელი ექსპერტისა არ იყოს, აბორტის აკრძალვა ეფექტიან გზად არც საქართველოში მიაჩნიათ: თუ რატომ, ამის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნიკა ნუცუბიძის მოსაზრება მოისმინეთ: [ნუცუბიძის ხმა] ”აკრძალვა არასოდეს იწვევს ისეთ შედეგებს, რომლებიც უმალვე გადაჭრის პრობლემას და ზოგ შემთხვევაში აკრძალვა უკურეაქციას იწვევს ხოლმე. მოგეხსენებათ, საბჭოთა ეპოქაში იყო პერიოდები, როდესაც აკრძალული იყო აბორტი და ის პერიოდი ხასიათდებოდა დედათა სიკვდილიანობის მატებით. ამას იწვევდა არალეგალური, იატაკქვეშა აბორტების წარმოება. ეს მარტო საქართველოსთვის, ან საბჭოთა რესპუბლიკებისათვის არ იყო დამახასიათებელი. დადებითი შედეგი, მე მგონი, არასდროს გამოუღია ასეთ აკრძალვებს.”

ნიკა ნუცუბიძესთან ვრცელ ინტერვიუს, მაგალითად მის პასუხს შეკითხვაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატება ზიანი, რომელსაც ქალის ჯანმრთელობას აბორტი აყენებს, უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. ახლა კი, რახან ”ქალი და მსოფლიოს” დღევანდელი გამოშვების თემად ირლანდია ავირჩიეთ, ერთ საყურადღებო მაჩვენებელს გაგაცნობთ: ირლანდიელ ქალებში აბორტების რიცხვი, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება საერთო ევროპული მაჩვენებლისაგან - 1 აბორტი 5-6 მშობიარობაზე. გამოდის, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ირლანდიელი ქალები აბორტს სამშობლოში კი არა, უცხოეთში იკეთებენ.
XS
SM
MD
LG