Accessibility links

logo-print

არსებობს თუ არა ტერორისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებს საფრთხე?


სამშაბათს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ჩაეძიენ შეკითხვას, არსებობს თუ არა ტერორისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებს საფრთხე.

რას ფიქრობს ამის შესახებ მთავარი მომხსენებელი, დაზვერვისა და კვლევის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარლ ფორდი?

კარლ ფორდის მოხსენება ასე შეიძლება შეჯამდეს: ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორც ჩანს, არ შესწევთ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების უნარი. ისეთ მსხვილ და კარგად ორგანიზებულ ორგანიზაციასაც კი, როგორიც ”ალ-ყაიდაა”, სავარაუდოდ, არ ძალუძს ბირთვული, ბიოლოგიური თუ ქიმიური ქობინებით აღჭურვილი ისეთი იარაღის მოპოვება ან ამოქმედება, რომელიც, მაგალითად, ამერიკის რომელიმე ქალაქს მიწასთან გაასწორებდა.

ამ ოპტიმისტური დასკვნის მიუხედავად, ფორდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არა აქვთ ყურადღების მოდუნების უფლება. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებას იწვევს 8 ქვეყანა, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით არიან დაკავშირებული მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებასთან. ეს ქვეყნებია: ერაყი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, ლიბია, სირია, კუბა, ჩინეთი და რუსეთი.

როგორც ვაშინგტონიდან იუწყება რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი ენდრიუ ტული, კარლ ფორდმა ყველაზე დიდხანს რუსეთზე ისაუბრა - გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი, ქიმიური იარაღის ამკრძალავ კონვენციაზე ხელმოწერის მიუხედავად, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბიოლოგიური იარაღით ბრძოლის უნარს. გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ სამუშაოს გარეშე დარჩენილი რუსი მეცნიერები ვერ გაუძლებენ კარგი ანაზღაურების ცდუნებას და სხვა ქვეყნებშიც გაავრცელებენ ბიოლოგიური იარაღის პროგრამებს.

ამ საკითხის განხილვისას ფორდს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯესი ჰელმსმა მიმართა შეკითხვით, რამდენად დიდ შედეგს მოიტანდა სირიისა და ირანისთვის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამების განვითარებაში რუსეთის მხრივ დახმარების შეწყვეტა. ფორდის თქმით, შედეგი საკმაოდ დიდი იქნებოდა. გთავაზობთ ამ კითხვა-პასუხის ჩანაწერს: [ჰელმსისა და ფორდის ხმები]

შემდეგ კარლ ფორდი დაეთანხმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯოზეფ ბაიდენის მოსაზრებას, რომ რუსეთს მართლაც სურს თავისი ქიმიური იარაღის განადგურება. [კარლ ფორდის ხმა] ”ცხადია, რუსეთის მთავრობა მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ საამისოდ ფული არ გააჩნია. თუ ისინი ჩვენგან, ან საერთაშორისო თანამეგობრობისაგან დახმარებას არ მიიღებენ, ნამდვილად ვერ შეძლებენ იარაღის განადგურებას ჩვენთვის სასურველ ვადებში”.


სამხედრო სფეროში შეერთებული შტატებისა და რუსეთის შესაძლებლობებს შორის რომ მკვეთრი სხვაობა არსებობს, სხდომაზე მოყვანილმა ასეთმა მაჩვენებლებმა დაადასტურა: ვაშინგტონის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი წლეულს 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაისად ამერიკის სამხედრო სექტორის 369 მილიარდი დოლარით დაფინანსებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG