Accessibility links

logo-print

გაეროს კონფერენცია მონტერეიში


მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარეობს გაეროს კონფერენცია, რომლის მონაწილეები - 170 ქვეყნის 700-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,

მსჯელობენ სიღარიბეში მყოფი ქვეყნებისთვის დახმარების ეფექტიანი გზების მოძებნის შესახებ.

კონფერენციის პირველივე დღეს შეერთებულმა შტატებმა უარყო, რომ დახმარება ეკონომიკურად განვითარებული, დამხმარე სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის 0,7 პროცენტს უნდა უდრიდეს, როგორც ამას გაერო მოითხოვს. ვაშინგტონი თვლის, რომ მის მიერ ამ მიზნით გაცემული თანხა საკმარისია და როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ თქვა, სიღარიბეს მხოლოდ თანხის გაზრდა არ აღმოფხვრის.

საქართველოში კარგად ცნობილმა ჯორჯ სოროსმა, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში ბირჟის სპეკულანტს, ზოგან გლობალიზაციის კრიტიკოსს და ზოგან კიდევ ქველმოქმედს უწოდებენ, მონტერეიში თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული დამატებითი თანხა, 5 მილიარდი დოლარი, არაფერია იმ 48 მილიარდ დოლართან შედარებით, რასაც ვაშინგტონი სამხედრო ხარჯის სახით გაიღებს.

მონტერეიში ჯორჯ სოროსმა გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც მან ფინანსური დახმარების გზებზე ილაპარაკა. სოროსის თქმით, იქ, სადაც შეუძლებელია მთავრობების საშუალებით ხალხისთვის დახმარება, ან კიდევ სადაც მთავრობები ამას ხელს უშლიან, მისი ფონდი მიმართავს არატრადიციულ გზებს, არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით დაფინანსებას. [სოროსის ხმა] “ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობებთან თანამშრომლობა მოვახერხეთ, სხვაგან ეს შეუძლებელია, იქ, სადაც მთავრობა არ ვარგა, არასამთავრობო არხების გამოყენება შეიძლება”.

სოროსის ფონდი ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ფართო საქველმოქმედო სამუშაოს ეწევა და მაგალითად მხოლოდ შარშან, ამ მიზნით 500 მილიონი დოლარი გაიღო. სოროსმა მონტერეიში არ გაამხილა, რომელი მთავრობები უშლიდნენ ხელს ხალხისთვის დახმარებას, მაგრამ ბელარუსთან დაკავშირებით უამბო შეკრებილთ, რომ იქ არასამთავრობო ორგანიზაციების გზით ბევრს მიაღწია ინტერნეტისა და მედიის სფეროში დაკავებულთა დასახმარებლად.

სოროსის თანახმად, ის იუგოსლავიაში, მილოშევიჩის ეპოქაში, დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ხალხის მომზადებისთვის გაიღებდა ხარჯს. [სოროსის ხმა] “იქ გვქონდა ერთობლივი პროგრამა, რომლის თანახმად გავეცით დამატებითი გრანტები ხალხის უცხოეთში მოსამზადებლად, რათა უკან დაბრუნების შემდეგ მთავრობებში ემუშავათ, და ჩემი აზრით, ამან მნიშვნლოვნად გაზარდა ახალი დემოკრატიული მთავრობების შესაძლებლობა, დაეძლიათ პრობლემები.”

სოროსს კვერი დაუკრა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმღძვანელმა მარკ ბრაუნმა, რომლის თქმით, რეჟიმებად გამოცხადებულ მთავრობების პირობებშიც კი შეიძლება ხალხისთვის დახმარება. მან თქვა, რომ მის უწყებას, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დროს, ერთი მთავარი პროგრამა ჰქონდა. “მაგრამ მხოლოდ რეგიონების გზით ვმუშაობდით - განაგრძო მან, - არა მთავრობის საშუალებით, მთავრობა ხალხისთვის დახმარების ყველა ინიციატივას გზას უღობავდა”.

მონტერეიში სხვადასხვა ჯგუფმა დემონტრაციები გამართა, მათი პროტესტი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული და, ასევე, მექსიკის საშინაო პრობლემებს ეხებოდა.
XS
SM
MD
LG