Accessibility links

logo-print

თბილისის მერია გარევაჭრობის შეზღუდვას აპირებს


სოზარ სუბელიანი, თბილისი თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებამ, პირველი აპრილიდან გარევაჭრობა შეზღუდოს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს, წვრილი მოვაჭრეების შეშფოთება გამოიწვია.

ისინი ხმაურიანი აქციების მოწყობითა და ქუჩის გადაკეტვებით იმუქრებიან, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. შეშფოთებას არც თბილისის ქუჩებში განლაგებული წიგნის მოვაჭრეები მალავდნენ, თუმცა 20 მარტს გაზეთ “ახალ თაობაში” გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ისინი ცოტათი დაამშვიდა.

მას შემდეგ, რაც წიგნის მაღაზიების უმრავლესობამ პროფილი შეიცვალა, წიგნის მოყვარულები მათთვის საინტერესო ლიტერატურას, ძირითადად, თბილისის ქუჩებში ეძებენ და ხშირად პოულობენ კიდეც. ქალაქის მერიამ არაერთხელ სცადა წიგნის მოვაჭრეების შეზღუდვა და დაკავებული ადგილებიდან აყრა, მაგრამ მათ, ჯერჯერობით, ყოველთვის შეძლეს მათ მიერ ქუჩაში მოპოვებული ორიოდე მეტრი ფართობისა და წიგნებით ვაჭრობის უფლების დაცვა.

თბილისის მთავრობის 14 თებერვლის დადგენილებამ, რომლის თანახმადაც, თბილისში გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, წიგნის მოვაჭრეები კიდევ ერთხელ ააფორიაქა. ამჯერად მათი უფლებების დაცვა სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი კერვალიშვილმა იკისრა, რომელმაც თბილისის მთავრობას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

“საგამომცემლო ბიზნესი, ისევე, როგორც წიგნებით ვაჭრობა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახლა იკრებს ძალას. ამ სფეროში ისედაც უამრავი პრობლემაა, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში დარგის განვითარება მეტად ფერხდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პოლიგრაფიული ინდუსტრიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საგამომცემლო ბიზნესში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რაც იმით გამოიხატა, რომ, რუსეთიდან შემოტანილი ლიტერატურის გარდა, მოვაჭრეთა სტენდებზე თანამედროვე ქართული საგამომცემლო პროდუქციაც გაჩნდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქართული წიგნი კონკურენტუნარიანი ხდება და კუთვნილ ადგილს იკავებს წიგნის ბაზარზე, წიგნების გარევაჭრობის აკრძალვა კი ამ პროცესს მკვეთრად შეანელებს”.

წიგნით მოვაჭრეების მიერ ატეხილმა აჟიოტაჟმა პირველი შედეგი უკვე გამოიღო - თბილისის საკრებულოს მდივანმა ზურაბ გუდავაძემ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლაპარაკია არა გარევაჭრობის აკრძალვაზე, არამედ მის “წესრიგში” მოყვანაზე. სამაგიეროდ, ამ ინფორმაციამ ვერაფრით ანუგეშა ის გარემოვაჭრეები, რომლებიც ბაზრებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე არიან “გამაგრებულნი”. მით უმეტეს, რომ, როგორც თავად მოვაჭრეები ამბობენ, ისინი უამრავ ოფიციალურსა თუ არაოფიციალურ გადასახადს იხდიან: [გარე მოვაჭრის ხმა] “ვინ არ მოდის, ის მითხარით, შევარდნაძე არ მოდის მარტო, დანარჩენი ყველა აქ არის”.

თავის მხრივ, საკრებულოს მდივანიც აცხადებს, რომ გადასახადს მართლა ყველა იხდის, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ქუჩაში შეუძლებელია იმის გაკონტროლება, თუ ვინ რას ყიდის: “ქალაქი ქალაქს უნდა დაემსგავსოს, მაგრამ არც გარემოვაჭრე უნდა დაზარალდეს. ის ხომ ჩემი ამომრჩეველია, რა მორალური უფლება მაქვს, ავუკრძალო მათ ლუკმაპურის შოვნა, როცა სამუშაოს ვერ ვთავაზოთ?”

თბილისურ გარევაჭრობაში წესრიგის დამყარება ნამდვილად საჭიროა, უბრალოდ, წინასწარ ვერავინ ამბობს, ხელისუფლების რა ქმედებას შეიძლება ველოდეთ სრულიად ჩვეულებრივი განკარგულების მიღმა.
XS
SM
MD
LG