Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარები მხარს უჭერენ უკანონო ქონების ჩამორთმევის კანონ-პროექტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კრიზისი თითქოს დაიძლია. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” დაუბრუნდა სხდომებს; კვორუმის საკითხი, ბოლო ერთი კვირაა, დღის წესრიგში აღარ დამდგარა;

მიხეილ სააკაშვილის მომზადებულ კანონ-პროექტს უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ იმდენი მხარდამჭერი აღმოაჩნდა პარლამენტში, რომ თავად ყოფილი იუსტიციის მინისტრიც ცოტა დაბნეული ჩანდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, პარლამენტის დღის წესრიგის დამტკიცებისას, მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ მკვეთრი განცხადებების გაკეთება დასჭირდა, რათა კანონ-პროექტი უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ, განსახილველ საკითხთა ჩამონათვალში შესულიყო. მანამდე, ერთი დღით ადრე, პარლამენტის ბიურომ კანონ-პროექტის განხილვა გადადო.
21 მარტს პარლამენტმა დაიწყო უკანონო ქონების ხალხისთვის გადაცემის კანონ-პროექტის განხილვა. ბევრისთვის მოულოდნელად, კანონ-პროექტს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. მაგალითად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებული ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის დავით გამყრელიძის განცხადებით:
[დავით გამყრელიძის ხმა] “ თავიდანვე მინდა დავაფიქსიროთ ფრაქციის პოზიცია, რომ ჩვენ არამცთუ იდეას, კანონსაც მხარს ვუჭერთ და, თუ გავითვალისწინებთ იმ შენიშვნებს, რომლებიც წერილობით დავარიგეთ, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ კანონს.”
მიხეილ სააკაშვილის მომზადებული კანონ-პროექტი რამდენიმე ძირითად პრინციპს გულისხმობს. კერძოდ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უჩივლოს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს და მოსთხოვოს მის მიერ დეკლარირებული ან მფლობელობაში არსებული ქონების კანონიერების დამტკიცება სასამართლოში. მტკიცებულების ტვირთი ეკისრება თანამდებობის პირს და არა მოსარჩლეს. საქმეს განიხილავს არა ჩვეულებრივი სასამართლო, არამედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. პროცესში მონაწილეობს სპეციალური პროკურორი, რომელიც ფართო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი.
სრულ ნონსენსს უწოდებს წარმოდგენილ პროექტს ვალერი გელბახიანი ფრაქცია “აღორძინებიდან”. თუმცა, მთლიანობაში, ამას რაიმე გავლენა მიხეილ სააკაშვილის შემტევ პოზიციაზე არ მოუხდენია. მაგალითად, იგი კატეგორიულად უარყოფს კანონ-პროექტის პოპულისტურ ხასიათს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ მინდა ვთქვა, რომ პოპულიზმი არის ის, რაც არის შეუსრულებადი, რაღაცას დაპირდები ხალხს - მაგალითად, რომ ხვალ იქნება კომუნიზმი და კომუნიზმი არ შესრულდა - აი, ეს არის პოპულიზმი. ჩვენ ვითხოვთ არა ამ კანონ-პროექტის განხილვას, არამედ კანონ-პროექტის მიღებას, რათა კანონ-პროექტი ამუშავდეს. როდესაც კანონი ამუშავდება, ეს აღარ იქნება პოპულიზმი, იქნება კონკრეტული ფაქტები.”
ერთი ეს არის, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, ვის გადაეცემა ჩამორთმეული ქონება.
XS
SM
MD
LG