Accessibility links

logo-print

პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა” საქართველოს საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს


ედუარდ შევარდნაძის ბოლოდროინდელმა საგარეო პოლიტიკამ კმაყოფილება ყველას ვერ მოჰგვარა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებამ განსაკუთრებული პროტესტი პრორუსულ ძალებში გამოიწვია. 21 მარტს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა პატიაშვილი - ჭაჭიას “ერთობის” ერთობლივი პრესკონფერენციის მთავარი თემა იყო.

ჯუმბერ პატიაშვილი და ალექსანდრე ჭაჭია მიესალმებიან საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისთვის ქართველ სამხედროთა მომზადებასაც კი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ისინი ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გაძლიერებას ხედავენ, ამ ინტერესებში კი ჩვენთვის სასიკეთოს ვერაფერს ამჩნევენ. პირიქით, პატიაშვილი და ჭაჭია ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო შედეგად ქართველი ერის ფიზიკურ გადაშენებას ასახელებენ. აქვე შევნიშნავ, რომ ჯუმბერ პატაიშვილიც და ალექსანდრე ჭაჭიაც, პოლიტიკურ გაერთიანება “ერთობის” დაფუძნებით, ასლან აბაშიძეს ფიქტიურად გაემიჯნენ. ისინი კვლავ აბაშიძის თანამოაზრეებად რჩებიან.აჭარის ლიდერი კი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთის საუკეთესო დასაყრდენს წარმოადგენს.

ასეა თუ ისე, 21 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურ გაერთიანება “ერთობის” თავკაცებმა საქართველოს სრული და რეალური დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე ისაუბრეს და ის, რაც სხვებს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების რეალურ გარანტად მიაჩნიათ ( მხედველობაში მაქვს ჩვენს რეგიონში დასავლეთის ინტერესების გაძლიერება), მათ დამღუპველად მოიხსენიეს.

[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] “საქართველოს საზოგადოებამ სწორად უნდა წარმოიდგინოს ხვალინდელი დღე. არ უნდა ეგონოს, რომ აღიარება დამოუკიდებლობას ნიშნავს, პირიქით, ჩვენ ვართ დამოკიდებულნი იმ ქვეყნებზე, რომლებიც დახმარებას გვიწევენ. საქართველო იქცა სატრანსპორტო დერეფნად, რომელიც არც თუ ისე კარგია,” - თქვა ჯუმბერ პატიაშვილმა და, როგორც გაერთიანება “ერთობის” მიერ 21 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: “ყველა გეოპოლიტიკური პროექტი, რომელთა განხორციელებაშიც ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველო იქნა ჩათრეული, ჩვენი ქვეყნისთვის კრახით მთავრდებოდა.”

ჭაჭიას და პატიაშვილის მტკიცებით, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვაც კი ამ გეოპოლიტიკური პროექტების მიზეზით მომხდარა და არა რუსეთის მიზეზით.

მეორე - პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა” გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ირგვლივ შექმნილი საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც საქართველოს მსოფლიო სამხედრო-პოლიტიკური ძალების ინტერესთა შეჯახების პოლიგონად აქცევს. ალექსანდრე ჭაჭია და ჯუმბერ პატიაშვილი დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიას ერაყზე შეტევის განხორციელებისთვის გამოიყენებს. თუმცა სჯობს, თავად ჭაჭიას მოვუსმინოთ:

[ალექსანდრე ჭაჭიას ხმა]“ თურქეთი, ეს უძლიერესი ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა, უარს ამბობს ესეთ რაღაცაზე და ჩვენი პრეზიდენტი მეტიჩარა მოსწავლესავით ყვირის მე, მე, მე... და საქართველო აღმოჩნდა მდგომარეობაში, როცა მას არ უნდა ეშინოდეს იმ საპასუხო დარტყმის, რომლისაც თურქეთს ეშინია. “

რისი ეშინია თურქეთს, ეს ჩვენი მსჯლობის საგანი არაა. საინტერესოა, რატომ აფრთხობს ასე ალექსანდრე ჭაჭიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გაძლიერება? რატომ აცხადებს: “ მე მეზიზღება ყველა, ვინც ოცნებობს, რომ რუსის სამხედრო წავიდეს და, მის მაგივრად, ამერიკელი მოვიდეს,” და მოცემულ მომენტში რატომ ცდილობს, სამცხე-ჯავახეთი მოსალოდნელი დაძაბულობის ცენტრად წარმოაჩინოს, თანაც, ზუსტად ისეთი სცენარით, როგორსაც ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა მიმართეს? ამ შეკითხვების ასახსნელად თავად ალექსანდრე ჭაჭიას ნათქვამს შემოგთავაზებთ, რითაც ის სხვების ქმედების განმარტებას შეეცადა.

[ალექსანდრე ჭაჭიას ხმა] “ ან შტერი უნდა იყოს ადამიანი, ორი შურუპი არ უნდა ჰქონდეს თავში, ანდა მოსყიდული უნდა იყოს. მე სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობ.”
XS
SM
MD
LG