Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კორუფციის დონესა და ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფორმებს, მათ ტექნოლოგიურ დონეს შორის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “საქართველოს სტრატეგიული კვლვევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 64-ე ნომერში გამოქვეყნებულია მერაბ აბდალაძის სტატია,

სათაურით “პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საქართველოში მათი მოზიდვის პრობლემები.”

სტატიის მიხედვით, მსოფლიო ბანკისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს საინტერესო მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კორუფციის დონესა და ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფორმებს, მათ ტექნოლოგიურ დონეს შორის. კერძოდ, ის უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც მოწინავე, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები აქვთ, საწარმოს სრულ მფლობელობას ანიჭებენ უპირატესობას. ეს მათ საშუალებას აძლევს მაქსიმალურად შეინარჩუნონ საკუთარ მფლობელობაში დაპატენტებული ცოდნა. მაგრამ თუ ტექნოლოგიური დონე უცვლელია, ამასთან, ქვეყანაში კორუფციის დონე მაღალია, მაშინ უცხოელი ინვესტორი უფრო მეტად არის დაინტერესებული ერთობლივი საწარმოს შექმნით.
ავტორი წერს, რომ ასეთ სიტუაციაში ლიცენზიისა და ნებართვის მიღების პროცედურები ნაკლებად გამჭვირვალეა და სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით, უცხოელი ინვესტორისთვის. ადგილობრივ მეწარმესთან პარტნიორობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს ხელოვნურად გაბერილ ტრანსაქციურ ხარჯებს.
ავტორის თქმით, ქვეყანაში არსებული კორუფციის მასშტაბებიდან გამომდინარე, არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას ის, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტირების ყველაზე უფრო პოპულარულ ფორმას ერთობლივი საწარმოების შექმნა წარმოადგენს. ამასთან ერთად, სტატიაში აღნიშნულია, რომ უცხოელი ინვესტორის მიერ საწარმოს სრული მფლობელობის არჩევის ალბათობა 30%-დან 44-მდე იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კორუფციის დონე ეცემა.
ამდენად, აშკარაა, - ამბობს ავტორი, - რომ კორუფციის შეზღუდვა იწვევს როგორც უცხოური ინვესტიციების რაოდენობრივ ზრდას ქვეყნის მეურნეობაში, ისე მათი ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას, მაღალტექნოლოგიური, მეცნიერებატევადი კაპიტალის მოზიდვას, გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ესოდენ სჭირდება საქართველოს ეკონომიკური აღორძინების პროცესს და მის დინამიკურ განვითარებას.
სტატიაში ნათქვამია, რომ კორუფციის თემას უშუალოდ უკავშირდება საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობა, როგორც მეწარმეობის ერთ-ერთი ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი. ავტორი წერს, რომ, საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით, საქართველოში მოქმედი გადასახადები არ არის მაღალი. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად, იგი იშველიებს საგადასახადო სამსახურის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევას და შემდეგ აღნიშნავს, რომ სიძნელეები, ძირითადად, დაკავშირებულია გადასახადების ადმინისტრირებასთან და მათი ამოღების პრაქტიკასთან. კერძოდ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მეწარმეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველაზე სერიოზულ პრობლემებს ისინი საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას აწყდებიან. მაგალითად, საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი ის არის, რომ საგადასახადო ინსპექცია მის მიერ გამოშვებულ ინსტრუქციებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ აწვდის მეწარმეს, როდესაც შესამოწმებლად ეახლება ხოლმე. ასეთნაირად წარმოიქმნება მეწარმის დაჯარიმების ან მასთან გარიგებაში შესვლის შესაძლებლობა. ეს კი დიდად უშლის ხელს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ავტორის თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენისთვის წამგებიანი ხდება კანონით დაწესებული გადასახადების გადახდა, რადგან მისი კონკურენტი ქრთამის საშუალებით თავს არიდებს ამ გადასახადებს.
რეფორმა საგადასახადო სფეროში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ითვალისწინებს სამსახურის ფუნქციურ რეორგანიზაციას, საკადრო გარდაქმნებს, შრომის ანაზღაურების რეფორმას და სხვა ცვლილებებს. თუმცა რაიმე სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ შეინიშნება, - ნათქვამია სტატიაში.
XS
SM
MD
LG