Accessibility links

logo-print

დიკ ჩეინის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა დამთავრდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის 11-დღიანი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მიმომხილველთა თითქმის ერთსულოვანი შეფასებით,

თავისი ვიზიტის მთავარ მიზანს ჩეინიმ ვერ მიაღწია: მან ერაყის წინააღმდეგ ვერ დარაზმა არაბული სახელმწიფოები.

სამაგიეროდ, ჩეინიმ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სისხლიანი კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის აგერ უკვე წელიწადნახევარია, არ ცხრება. ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობა დიკ ჩეინიმ 10 მარტს დაიწყო და, როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა, ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერა უნდა მიეღო არაბი ლიდერებისგან ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელი აქციების, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში.

მაგრამ არაბმა ლიდერებმა, რომლებსაც დიკ ჩეინი ამ 11-დღიანი მოგზაურობის მანძილზე შეხვდა, განაცხადეს, რომ წინ აღუდგებიან ნებისმიერ სამხედრო აქციას ერაყის წინააღმდეგ. მათი თქმით, იმ დროს, როცა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ბრძოლაა გაჩაღებული, წარმოუდგენელია, არაბებმა მხარი დაუჭირონ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

ამ ათი წლის წინათ, უფროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრად მუშაობისას, ჩეინიმ ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურა, რათა არაბული ქვეყნები ჩაერთო მრავალეროვან კოალიციაში, რომელსაც კუვეიტიდან ერაყის ჯარი უნდა განედევნა. მაშინ ჩეინის მოგზაურობა წარმატებით დამთავრდა და სულ მალე კუვეიტი ერაყელი დამპყრობლებისგან გათავისუფლდა.

როგორც ვაშინგტონის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის მრჩეველი, თადარიგის გენერალ-მაიორი ედუარდ ატკესონი შენიშნავს, მართალია დიკ ჩეინიმ ვერ მოიპოვა არაბების მხარდაჭერა ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელი აქციის საკითხში, ახლო აღმოსავლეთში ვიცე-პრეზიდენტის უკანასკნელი მოგზაურობა წარუმატებლობად არ უნდა მივიჩნიოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩეინი უკეთ გაეცნო არაბული სამყაროს განწყობას, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი.

ხოლო ცნობილი პოლიტოლოგი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ნატან ბრაუნი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ჩეინის მისია ახლო აღმოსავლეთში 90-წლის დამლევს გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე დღეს, ვინაიდან მაშინ ვაშინგტონი აგრესორის განდევნას ცდილობდა არაბული ქვეყნის ტერიტორიიდან. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ურთიერთობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ათი წლის წინ არ იყო ესოდენ დაძაბული.
XS
SM
MD
LG