Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია და მანქანების გამორჩეული ნომრები


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, მთავრობის ბოლო სხდომაზე წარმოადგინეს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც სახელმწიფო ავტომანქანების სპეციალურ სანომრე ნიშანთა მოშლას ითვალისწინებს.

პროექტი მთავრობას წარუდგინა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირაკლი ანდრიაძემ, რომელიც ერთი წლის წინ ეწინააღმდეგებოდა ე.წ. პრივილეგირებული ნომრების შეცვლას. არცთუ დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელე იძულებულია, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც გულზე დიდად არ ეხატება. არის თუ არა ეს მცირე პროგრესი მაინც კორუფციასთან ბრძოლაში?

სახელმწიფო მანქანების გამორჩეული სანომრე ნიშნების მოშლა წელიწადნახევრით მაინც დაგვიანდა. დაგვიანების მიზეზი სწორედ ის სამსახური გახლავთ, რომლის უფროსმაც დღეს ბრძანებულების პროექტი წარმოადგინა. არადა, შარშან სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური ოფიციალურად აცხადებდა, რომ “უმაღლესი საერო და სასულიერო პირების მიერ სპეციალური სანომრე ნიშნებით სარგებლობა ხელს შეუწყობს გზებზე მოძრაობის რეგულირების ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა და საგზაო პოლიციის პასუხისმგებლობის ამაღლებას”. ინტელექტუალური თვალსაზრისით წარმოუდგენლად უსუსური და დემაგოგიური ეს არგუმენტი ერთ წელიწადს “მუშაობდა”. მეტიც, მას ამაგრებდა კიდევ ერთი მტკიცება, რომელსაც ვეღარავინ ამოშლის ქართული ჩინოვნიკური აზრის ისტორიიდან: “დამკვიდრებული ტრადიციისა და არსებული მენტალიტეტის პირობებში, შესაძლებელია, დროებით შენარჩუნებულ იქნას სამთავრობო ნომრით სარგებლობის დღეს მოქმედი სისტემა”. ამ სიტყვებსაც ხელს ირაკლი ანდრიაძე აწერდა.

“პრივილეგირებული” ნომრების გაუქმებას მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტის #95 ბრძანებულება “ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ”, რომლის შესრულებასაც შარშან უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და, მაინცდამაინც, არც თავად პრეზიდენტს გამოუდვია თავი. ახლაც წარმოდგენილ პროექტს მსუბუქი ირონიით გაჯერებული კომენტარი აახლა. არადა, შეიძლებოდა, ეს ნაბიჯი კანონზე მაღლა დგომის დასასრულისა და პრივილეგიებთან ბრძოლის დასაწყისად გამოცხადებულიყო.

საკითხის წამოწევა განაპირობა იმანაც, რომ სამთავრობო ნომრიანი ავტომანქანებით ხშირად კონტრაბანდულ საქონელს ეზიდებიან. საგანგებო ლეგიონი ამას ფაქტებით ადასტურებს. კონტრაბანდის ტრანსპორტირება ხშირად მხოლოდ მძღოლებს ბრალდებათ და მათი ბოსების წილი საქმეში არ ჩანს. ნომრების გაუქმება ერთია, მაგრამ ხომ ყველამ (და მათ შორის საგზაო პოლიციამაც) იცის, რომ პარლამენტს, ძირითადად, შავი “შევროლეები” ემსახურება, კანცელარიას - კორეული “კიები”. ცალკეულ მინისტრთა მანქანები კი იოლი საცნობია, უწინარესად, მათი მარკის და არა ნომრის მიხედვით. და მაინც, კარგია, თუ გამორჩეული ნომრების გაუქმება სამანს დაუდებს სახელმწიფო მოხელეთა ბევრი მძღოლის ზღვარგადასულ უტიფრობას ქალაქში მოძრაობის დროს. ზოგიერთ დეპუტატს (მაგალითად, ვალერი გელბახიანს) ჩამოერთმევა კერძო მანქანაზე მიკრული სამასოიანი იმუნიტეტი. მაგრამ ბოლოს ერთი კითხვა უნდა დავსვათ: თუ ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტა წელიწადნახევარს გაგრძელდა, რამდენი დასჭირდება გაცილებით მწვავე კორუფციული პრობლემების გადაჭრას?
XS
SM
MD
LG