Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე ალაპარაკდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნის აუცილებლობის შესახებ ალაპარაკდა. ამჟამად ქვეყანაში მოქმედი ფისკალური კანონმდებლობა, ფაქტობრივად,

ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური წრეების კრიტიკის მუდმივი საგანია, თუმცა აქამდე რაიმე ალტერნატივის შესახებ მხოლოდ დროდადრო საუბრობდნენ. დღეისათვის ახალ საგადასახადო კანონმდებლობაზე 3 სხვადასხვა ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობს.
მთლიან შიდა პროდუქტში გადასახადების ამოღების მაჩვენებლით საქართველო თავისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ერთ-ერთ მარგინალურ ქვეყნად რჩება მსოფლიოში. საგადასახადო-საბიუჯეტო სფეროში არსებულ პრობლემებს, სხვა მიზეზებთან ერთად, რამდენადმე, ფისკალური კანონმდებლობის სისუსტეც განაპირობებს. დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა იმდენად არის გართულებული და არასისტემატიზირებული, რომ მისი სწორი ინტერპრეტირება თავად საგადასახადო უწყებებსაც უჭირთ.
საგადასახადო კოდექსი იმდენჯერ იქნა ჩასწორებული, რომ მისი პირვანდელი ვარიანტისაგან, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა.
საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწაზე საქართველოში მუდმივად მიდის საუბარი. ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მეწარმეები აქტიურობდნენ. ეკონომიკური რეფორმების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას განცხადებით, გაზაფხულის ბოლოს ,,სრულიად ახალი” საგადასახადო კოდექსის პროექტი მომზადდება, რომელსაც განსახილველად საზოგადოებას წარუდგენენ. ბასილიას ცნობით, ამ დოკუმენტზე დამოუკიდებლად სამი ჯგუფი მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი ფინანსთა სამინისტროსთან შეიქმნა. შედეგად, შეჯერებული პროექტი ფართო მსჯელობის საგანი გახდება.

საგადასახადო კოდექსში აქამდე განხორციელებული ცვლილებები, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ლობირების შედეგად, ძირითადად, შეღავათების დაწესების მიმართულებით ხორციელდებოდა. სხვათა შორის, ახალ საგადასახადო კოდექსზე საუბრისას კვლავ შეღავათების თემა ფიგურირებს. ამჯერად მსგავსი იდეით ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, ინვესტიციებისთვის ხელის შესაწყობად, ხელისუფლებამ შემოსულ კერძო კაპიტალზე შეღავათები უნდა დაუშვას ქვეყნისათვის სასურველ სფეროებში. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ფისკალური შეღავათები წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) ერთობლივი უცხოური ინვესტირების საკონსულტაციო სამსახურის (FS) მიერ გასული წლის დეკემბერში მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოური ინვესტირების დაბალი მაჩვენებელი, მსოფლიო კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველოს არაკონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.

საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელმა ტევფიკ იაპრაკმა განაცხადა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს მსოფლიო ბანკის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას შესაბამის რეკომენდაციებს და შენიშვნებს წარუდგენს.
ამასთან, მისი თქმით, გადასახედია არა მხოლოდ მოქმედი საგადასახადო კოდექსი, არამედ ეკონომიკური განხრის მთელი კანონმდებლობა.

ფისკალური საკანონმდებლო ბაზა, მართლაც, სერიოზულ რევიზიას საჭიროებს და უცხოელ ექსპერტთა დახმარება მის სრულყოფაში, უდავოდ, სასარგებლო იქნება, თუმცა საბოლოო დოკუმენტი მაინც ქართველმა კანონმდებლებმა უნდა მიიღონ.
XS
SM
MD
LG