Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეი-ი-ეს თელასის“ მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება კვლავ მწვავდება


საქართველოს ირგვლივ განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა დროებით მივიწყებას მისცა თბილისის მოსახლეობისა და „ეი-ი-ეს თელასის“ გართულებული ურთიერთობები.

თუმცა ბოლო დღეებში ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებლთა შორის არსებულმა პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. კომპანიის მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა ერთი ნაწილი ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრება, ხოლო მეორე ნაწილი სასამართლოს მიმართავს.

მას შემდეგ, რაც „ეი-ი-ეს თელასი“ იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნისათვის და ზამთრის პერიოდში თბილისის ელექტრო მომარაგება გრაფიკის დაწესების გარეშე მოახერხა, მოსახლეობასა და „ეი-ი-ესს“ შორის დროებითი ზავი დამყარდა. ეს ხანმოკლე სიმშვიდე 20 მარტს დაირღვა, როდესაც გარდაბნის რაიონის სოფელ ლელაშხის მოსახლეობამ თბილისის თბოელექტროსადგურის მეათე ენერგობლოკთან საპროტესტო აქცია გამართა.

3 თვის წინ, მეათე ენერგობლოკის აფეთქების შედეგად, თბილსრესიდან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ სოფელში თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ლელაშხის მოსახლეობა ზარალის კომპენსაციას მოითხოვს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილმა კომისიამ ეს ზარალი 2 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასა. თუმცა ენერგობლოკის აფეთქების მიზეზები ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, „ეი-ი-ესი“ აცხადებს, რომ მოსახლეობას ზარალს მაინც აუნაზღაურებს, მაგრამ არა იმ ოდენობით, რა მოცულობის თანხაც ადგილობრივმა კომისიამ დაადგინა. „თელასში“ 2 მილიონ დოლარიან კომპენსაციას გადაჭარბებულად მიიჩნევენ და რეალური ზარალის დასადგენად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას გეგმავენ. მოსახლეობა კი დიდხანს ლოდინს აღარ აპირებს და ამორტიზირებული სახლების აღსადგენად „ეი-ი-ესს“ სულ რამდენიმე დღის ვადას აძლევს. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ლელაშხის მოსახლეობა ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციის მოწყობით იმუქრება.

21 მარტს კი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში „თელასის“ მიმართ „აღორძინების კავშირის“ სარჩელის განხილვა გაიმართა. “აღორძინება” ცდილობს თელასს პასუხი აგებინოს იმის გამო, რომ მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მომხმარებლებთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ჯერჯერობით სასამართლომ მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა გამართა და საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.

ამ და სხვა პრობლემების მიუხედავად, „ეი-ი-ეს თელასი“ საქართველოდან წასვლით უკვე აღარ იმუქრება. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მორიგი დათმობა არ გეგონოთ. შეერთებულ შტატებში „ეი-ი-ესის“ სათაო ოფისში 5 მარტს გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელზეც თითქოს საქართველოში ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, თელასის ბოლო 2 თვის მუშაობის შედეგები მოიწონეს და სამომავლო გეგმაც განიხილეს.

ამ ფაქტიდანაც ცხადი ხდება, რომ „ეი-ი-ესი“ საქართველოს ერთი ხელის მოსმით ვერ მიატოვებს. ძნელი სავარაუოა, „ეი-ი-ესის“ პარტნიორ ქვეყნებს შორის ისეთი დამთმობი სახელმწიფო მოიძებნოს, როგორიც საქართველოა. თუ აქამდე ამერიკული კომპანია ჩვენი ქვეყნიდან წასვლის მიზეზად 50 მილიონიან წაგებას ასახელებდა, ეს თავად კომპანიის შიგნით არასწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. ცნობისათვის: „ეი-ი-ესმა“ საქართველოში 10 წლის მანძილზე ჩასადები ინვესტიცია 2 წელიწადში დახარჯა და, შესაბამისად, წაგებაც ნახა.
XS
SM
MD
LG