Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სჭირდება გრანტების გაკონტროლება


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოში გრანტების გაკონტროლების იდეამ განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც გაზეთმა “ვაშინგტონ-პოსტმა” პრეზიდენტ შევარდნაძეზე ხმაურიანი წერილი გამოაქვეყნა.

პრეზიდენტი და მისი გარემოცვა განსკუთრებით სტატიის იმ პასაჟებმა აღაშფოთა, სადაც პარლამენტის ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი შევარდნაძის ასაკსა და კორუფციასთან ბრძოლის უუნარობაზე ლაპარაკობდა. პასუხმაც არ დააყოვნა და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ ანტიკორუფციული თორმეტკაცას გრანტების გაკონტროლების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. მას შემდეგ, რაც “რკინის მინისტრმა” თანამდებობა დაკარგა, ამავე იდეის ლობირება ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლევან მამალაძემ და მისი მფარველობით შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსმა დაიწყო.

გრანტების გაკონტროლების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლებისა და მის მიერ შექმნილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოდის, რომელთა მიზანი, როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, საკმაოდ ადვილად იშიფრება: [დავით ზურაბიშვილის ხმა] “აი, მათ რა ენაღვლებათ! ის ენაღვლებათ, რომ ეს მათი გვერდის ავლით ხდება: მათ არ შეუძლიათ აქ ხელის ჩაყოფა, ხელის ფათური ამ საქმეში და არ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ფულის მოტეხა, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში ახორციელებენ. ამიტომ ეს მათ კონტროლგარეშეა, ეს არის ხელისუფლების კონტროლგარეშე, უშიშროების კონტროლგარეშე, ბატონო ჩემო, პოლიციის კონტროლგარეშე, კანცელარიის კონტროლგარეშე, პარლამენტის კონტროლგარეშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ”.

თუკი ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი გრანტის სტატუსის მინიჭებისა და მისი გაკონტროლების უფლებას ფინანსთა სამინისტროს აძლევს, ქვემო ქართლის გუბერნატორის ეგრეთ წოდებული “არასამთავრობოების” ალიანსის პროექტში სამინისტრო “გრანტებზე და ჰუმანიტარულ დახმარებებზე ზედამხედველობის საკოორდინაციო საბჭოთია” ჩანაცვლებული. ალიანსის ერთ-ერთი წევრის, “ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის” პრეზიდენტის ტარიელ გიორგაძის აზრით, ეს პროცესი ასე უნდა განხორციელდეს: “საკოორდინაციო საბჭო მიუთითებს დონორს, რომ მან უკეთესი პროექტი დააფინანსოს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭომ ზედამხედველობა გრანტების ხარჯვაზეც უნდა განახორციელოს. თუ დონორს არ უნდა ის დააფინანსოს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, წავიდეს საქართველოდან.”

ზურაბიშვილის თქმით, დონორების წასვლა არის კიდეც ხელისუფლებასა და მისი ჯიბის არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი: [დავით ზურაბიშვილის ხმა] “წავა ეს ხალხი, შეუწყდება დაფინანსებ იმ ჯგუფს, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ არ არის და “მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებითო.” - ნოდარ დუმბაძის რომანში რომაა, ისე იქნება: არასამთავრობოებიც თვითონ იქნებიან, სამთავრობოებიც თვითონ იქნებიან, გრანტის გამცემებიც თვითონ იქნებიან, გრანტის მიმღებებიც თვითონ იქნებიან, მოიწყობენ ცხოვრებას, იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად, ხომ?”

მართალია, ფონდები თავად აკონტროლებენ, თუ როგორ იხარჯება მათ მიერ გაცემული გრანტები, მაგრამ, გიორგაძის აზრით, ეს არ არის საკმარისი: “ძალიან ბევრი ფონდი-დონორი, პროექტის დაფინანსებისას, გრანტის ნაწილს თავისთვის იტოვებს. ფორმდება, დავუშვათ, რომ გრანტის სახით 15 ლარი გასცა, მაგრამ 10 ლარს იძლევა, 5 ლარს კი ჯიბეში იდებს. ამ შემთხვევაში მისთვის გაკონტროლება მეორეხარისხოვანი ხდება.”

დავით ზურაბიშვილის აზრით, ასე მხოლოდ ტიპიური ჩინოვნიკები აზროვნებენ, რომლებსაც გრანტებთან და დონორებთან არასდროს ჰქონიათ შეხება: [დავით ზურაბიშვილის ხმა] “ძალიან რბილად თუ ვიტყვი, ეს არის უვიცობის და არაკომპეტენტურობის ორომტრიალი და ბაქიბუქი, მეტი არაფერი. აი, ტიპიური აზროვნებაა სახელმწიფო სტრუქტურაში ნამუშევარი ადამიანის, სადაც ხდება ეგრეთ წოდებული “ატკატები”. იმავე სახელმწიფო გრანტებშიც, როდესაც ერთი უცხოელი კორუმპირებული გადმოურიცხავს რაღაცას აქ ქართველ კორუმპირებულს, ეს კი რაღაცა ნახევარს იქით გადასცემს. ეს იქ ნამდვილად ხდება, კი ბატონო, მაგრამ, ამ ხალხს წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ამ სამოქალაქო სექტორში. ვისაც კი ოდნავ შეხება ჰქონია, ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის, უბრალოდ, ზღაპარი. ეს შეუძლებელია მოხდეს”.

ყველაზე საინტერესო კი არის მაინც პოზიცია პრეზიდენტ შევარდნაძისა, რომელიც სიტყვით ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, საქმით კი დასავლური ცხოვრების წესთან სრულიად შეუთავსებელი მიზნის განხორციელებას - სამოქალაქო სექტორის გაკონტროლებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG