Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული იარაღის ახალი ფუნქცია


შეერთებული შტატების დაზვერვის უწყებამ, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო შემზარავი ცნობა,

რომ “ალ ყაიდის” ტერორისტები აპირებდნენ ნიუ იორკში მალულად შეეტანათ ბირთვული ბომბი და იქ აეფეთქებინათ. ამ ცნობის ავტორი იყო აგენტი საკოდო სახელით “ცეცხლოვანი გველეშაპი”. ამასთან, მისი ცნობით, ბომბის ზომა საკმარისად დიდი იყო, ათი კილოტონა. მისი წარმოშობაც ცნობილი გახლდათ: ის რუსეთის არსენალებიდან იყო წამოღებული - გაყიდული თუ მოპარული, ამ ცნობაში არ ჩანდა. შეერთებული შტატების მთავრობა ამ ცნობამ შეაშფოთა, მანჰეტენში ამგვარი ბომბის აფეთქება, 11 სექტემბერს ყველას დაავიწყებდა. ექსპერტების შეფასებით, ამას 100 ათასი ადამიანის ადგილზევე სიკვდილი და მილიონამდე იქ მყოფის რადიაციული მოწამვლა მოჰყვებოდა. დაიწყო ტერორისტების ძებნა, და ამ ციებ-ცხელებაში გაირკვა, რომ “ცეხლოვანი გველეშაპის” ინფორმაცია არ იყო სინამდვილე. მაგრამ შიში არ გამქრალა. მართლაც რომ მოახერხონ ტერორისტებმა ბირთვული იარაღის შეტანა შეერთებულ შტატებში, იქ მის აფეთქებას წინ ვერაფერი აღუდგება, ასე ფიქრობენ ვაშინგტონში.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეერთებულ შტატებზე ბირთვულ დარტყმას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის საფუძველს მას აძლევს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში ერთ- ერთ სამალავში ნაპოვნი ეგრეთწოდებული “ჭუჭყიანი ბირთვული ბომბის” ნახაზები. ამგვარ ჭუჭყიან ბომბზე ჩვენ ერთხელ უკვე გესაუბრებთ, როცა საქართველოში ტყეში ნაპოვნ კონტეინერებზე გიამბობდით. ამ კონტეინერების შემცველობა მცირე რაოდენობის სტრონციუმია, რომელიც ექსპერტების აზრით, საკმარისია იმისათვის, რომ დამზადდეს ეს მცირე ზომის ”ჭუჭყიანი ბირთვული ბომბი”, რომელიც დიდ ნგრევას ვერ გამოიწვევს, მაგრამ ხალხს და გარემოს მოწამლავს. მსგავსი ეფექტი ექნება, თუკი შეძლებენ, ბირთვული ელექტროსადგურების აფეთქებას. მათი რიცხვი კი შერთებულ შტატებში 103-ა.

ეს ყველაფერი შეერთებული შტატების მთავრობას შემართავს. გერმანიაში გამომავალი ჟურნალი “ფოკუსი” აშუქებს შეერთებული შტატების სამხედრო უწყების პენტაგონის საიდუმლო კვლევის მასალებს, რომლებიც საზოგადოებრიობისთვის გახდა ცნობილი. ამ დოკუმენტის თანახმად, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი აწერს ხელს, 7 სახელმწიფოა ბირთვული თავდასხმის სამიზნე. ესენია ერაყი, ირანი, სირია, ლიბია, ჩინეთი და რუსეთი. საპასუხო დარტმის გარდა, პენტაგონის ამ დოკუმენტში ლაპარაკია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მოკავშირეების დასაცავად, მაგალითად, ისრაელს თუ დაარტყამს ერაყი და ასევე, როგორც “ფოკუსი” წერს, სხვა მოულოდნელი სამხედრო ქმედების დროს.

ამ საბუთის თანახმად, ბირთვული რაკეტების ახალი თაობა უნდა შეიქნას. ისინი განსაკუთრებით მტკიცე სამიზნეებისთვის იქნება გამოყენებული, როცა მტერი სადმე ბეტონის სამალავშია, როგორც მაგალითად სადამ ჰუსეინი.

შეერთებული შტატების ამჟამინდელი ბომბდამშენები B-2 აღჭურვილია B 61-11 ტიპის ბომბებით, რომლებიც ბეტონსა და ფოლადში 6 მეტრის სიღრმეზე შედის. ახლა აპირებენ შექმნან უფრო მძლავრი იარაღი, რომელიც 30 მეტრის წინაღობას გაარღვევს და შემდეგ აფეთქდება. შეუძლებელი ქნება ისეთი ბუნკერის აგება, რომელიც ამ იარაღის დარტყმას გაუძლებს.

მძლავრი იარაღის შექმნა იმდენად არ აღაშფოთებს, მაგალითად, ჩინეთს და რუსეთს, როგორც პოზიცია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ როგორც საპასუხო, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც. როგორც პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელი ფიზიკოსი, ფრანკ ფონ ჰიპლი ამბობს, ამგვარი დარტყმა დაარღვევდა დაუწერელ კანონს, რომელიც მკაცრად მოქმედებდა ჰიროშიმასა და ნაგასაკიში აფეთქებების შემდეგ. იაპონიის ამ ქალაქებში, 1945-ის ზაფხულში, ამერიკელთა მიერ ორი ატომური ბომბის აფეთქებას გაუგონარი მსხვერპლი მოჰყვა. იგივე ჰიპლი სკეპტიკურად არის განწყობილი საერთოდ ამგვარი ბომბის შექმნის მიმართაც.

ჩინეთი ვაშიგტონის ამ ბირთვული გეგმების გამო ღრმად იყო შოკირებული, ჩრდილოეთი კორეა იმუქრებოდა, სერიოზულ საპასუხო დარტყმას მივაყენებთ ყველასო, და რუსეთი, მისი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, ახსნა-განმატებას მოითხოვდა. აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც გაირკვა, კრემლი პენტაგონის ამ გეგმას უკვე იანვრიდან იცნობდა, შეშფოთება რუსეთს შიგნით მასების დაშოშმინებისთვის უფრო იყო გამიზნული. მოსკოვში არაერთი პოლიტიკოსი იყო უკმაყოფილო ვაშინგტონის უმადურობით. მოსკოვი ხომ ასე უანგაროდ ამოუდგა მხარში ამერიკელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშიო, აცხადებდნენ ისინი.

თავად ამერიკაში, – ერთი მაგალითი უკვე დაგისახელეთ, – არაერთი ექსპერტი მიიჩნევს ამგვარ განზრახვას მიუღებლად. სამხედრო საქმის ექსპერტი რიჩარდ ნორისის თანახმად, ტაქტიკური იარაღი სხვა სახელმწიფოებს მისცემს საბაბს თვითონაც დაიწყონ მსგავსი არსენალის შექნა.

არადა, ასე იყო ყოველთვის, ცივი ომის დროს ბირთვული იარაღი მხოლოდ დაშინებას ემსახურებოდა, დაშინების საშუალება იყო, ახლა კი, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ვაშინგტონელი ექსპერტი ივო დაალდერი ამბობს, ვაშინგტონის პოლიტიკა თავდაყირა დადგა, ბირთვული იარაღი ომის წარმოების საშუალება შეიძლება გახდეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG