Accessibility links

logo-print

“ინტელექტუალური ნაკრძალის” პრობლემები


გასულ კვირას ვისაუბრეთ გლობალიზაციის პროცესზე, საქართველოს პრობლემებზე ამ პროცესში და პრობლემების გადაჭრის გზებზე. იმის დასტურად,

რომ ქართველი ინტელექტუალები ფიქრობენ მსოფლიო გარდაქმნებზე და საქართველოს როლზე ამ გარდაქმნებში, გავიხსენეთ მწერალ თამაზ ჩხენკელის სტატია, რომელიც გასული წლის მაისში გამოქვეყნდა.

დღეს ვისაუბრებთ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაზე, რომლის სათაურია “ინტელექტუალური ნაკრძალის" პრობლემები”. წერილი საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ხელისუფლებას შეახსენებს მარადიული ღირებულებების მნიშვნელობას საქართველოს ღირსეული დამკვიდრებისთვის ინტეგრირებულ მსოფლიოში. წერილის ავტორია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან სულავა.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებს ხვდება და ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვს. დაახლოებით იმავდროულად, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას სტუმრობს და ქართული მეცნიერების პრობლემებს ეცნობა. ამ პრობლემების გადასაჭრელად რაიმე არსებითი დახმარება სახელმწიფოს არ შეუძლია - ასეთია ზოგადი დასკვნა.

ამასობაში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები პროტესტს უცხადებენ კორუმპირებულ ლექტორებს და სასწავლო პროცესის გარდაქმნას ითხოვენ. სკოლის მასწავლებლები თავად სხდებიან საშიმშილოდ და აპროტესტებენ დაბალ ხელფასს თუ სასწავლო პროცესის ჩამშლელ სხვა პირობებს.

ღრმად დაფიქრებაც არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ დღეს საქართველოში თუ რამ პრობლემა არსებობს, მათ შორის უპირველესია განათლების და ინტელექტის პრობლემა - სკოლიდან დაწყებული, მეცნიერებათა აკადემიის სისტემით დასრულებული. არადა, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში თუ რამ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას თავისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად და, იმავდროულად, კონკურენტულ გარემოში დასამკვიდრებლად - სწორედ განათლება და ინტელექტია.

ნესტან სულავას წერილი, რომელიც 2001 წლის მარტში გაზეთ “კალმასობაში” გამოქვეყნდა, არის იმ გზის ძიება, რომელიც აუცილებელია საქართველოს ღირსეული არსებობისთვის გლობალური ინტეგრაციის პირობებში. ავტორის აზრით, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერს, ქვეყანას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს: “საქართველოს სიკეთეს ვერ მოუტანს “ძველი პატრონის” ძაგება და “ახალი პატრონის” ძიება. დღეს სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა ცივილიზაციურ გეოპოლიტიკაში საკუთარი ფუნქციის მოძებნა, საკუთარი მეობის დამკვიდრება, ისტორიისა და მომავლის მოთხოვნებზე ერის გადასარჩენი პასუხის გაცემა”

სახელმწიფოს, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ნესტან სულავა ერის კულტურის ნაწილს უწოდებს და ინტელექტის მოვლას სახელმწიფოს გადარჩენის მთავარ პირობად მიიჩნევს. შესაბამისად, ავტორის აზრით, ერი და ქვეყანა, რომელიც არ იზრუნებს მეცნიერებისა და ხელოვნების, ზოგადად, კულტურის განვითარებაზე, უსათუოდ აითქვიფება მსოფლიოს უძლიერესი თუ სუსტი ქვეყნების უსახურ მასაში. “ერმა თავის ჭეშმარიტ ფუნქციას უნდა მიაგნოს, რაშიც უმთავრესი როლი სახელმწიფოებრივი მოწყობის კულტურას აკისრია. თავის მხრივ, სახელმწიფოებრივი მოწყობის კულტურის ფლობა მეცნიერების განუვითარებლად შეუძლებელია. ერი, რომელიც თავის კულტურაზე არ აიღებს ორიენტაციას, ფუნქციას კარგავს და კვდომას იწყებს."

ეს პესიმისტური პროგნოზი დამაფიქრებელია ქვეყნის გულშემატკივარი საზოგადოებისთვის. პოლიტიკა, ფაქტობრივად, კულტურის ნაწილია. ის ადამიანები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ქვეყნის განვითარების სადავეები, ბევრს ფიქრობენ მატერიალურ ფასეულობებზე და თითქმის არ ფიქრობენ იმ სიმდიდრეზე, რომელსაც ნესტან სულავა “ინტელექტუალურ ნაკრძალს” უწოდებს. მწერალი ჯემალ ქარჩხაძე “არილში” გამოქვეყნებულ ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ "ქვეყნის დაცემა თუ აღმავლობა დამოკიდებულია არა მთელ ქვეყანაზე, არამედ ხალხის იმ ნაწილზე, რომელიც ამ კონკრეტულ ეპოქაში ქვეყანამ თავზე მოიგდო, როგორც მისი ინტელექტუალური თუ მორალური ნაღები". დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე აქტიური ფენა პოლიტიკით არის დაკავებული. ინტელექტუალები - - მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები - მხოლოდ შორიდან ადევნებენ თვალყურს პოლიტიკოსების საქმიანობას, უხმოდ აფასებენ ამ საქმიანობის შედეგებს და თუ იშვიათად მათი შეფასება საჯარო ფორმას იღებს, განაჩენი საკმაოდ მკაცრია. კიდევ ერთი ციტატა ნესტან სულავას წერილიდან: “გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს იმის გააზრება, რომ მარად წარმავალი ხელისუფლების წარმომადგენელთა საკმაოდ დიდი კოჰორტა - შემოქმედებითად გაბერწებულნი და უცხო ქვეყნების კანონმდებლობის საქართველოში გადმონერგვით გატაცებულნი - გამაოგნებელი ნიჰილიზმით, ცრუინტელექტუალობით ეპყრობიან მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებას და მას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ.”

ასეთი მკაცრი შეფასება, ალბათ, ერთი კერძო ადამიანის პოზიციად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ - იმ საშიშ უფსკრულად, რომელიც რეალურად არსებობს ხელისუფლებასა და მისგან მივიწყებულ “ინტელექტუალურ ნაკრძალს” შორის.
XS
SM
MD
LG