Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტის აკადემიის რექტორი პრივატიზებული ობიექტების დაბრუნებას ითხოვს


სოზარ სუბელიანი, თბილისი 26 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორის, ომარ გოგიაშვილის, სარჩელის განხილვაა დანიშნული.

რექტორი სასამართლოს ძალით ითხოვს აკადემიისთვის იმ შენობა-ნაგებობებისა და ჩოგბურთის კორტების დაბრუნებას, რომელთა პრივატიზებაზე 4 წლის წინ თავად გასცა თანხმობა. მოპასუხე, შპს “ოლიმპის” პრეზიდენტი ნიკოლოზ გულიაშვილი, აცხადებს, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხდება და დახმარებას ჟურნალისტებისგან ითხოვს.

1997 წლის 29 დეკემბრით დათარიღებულ წერილში აკადემიის რექტორი ომარ გოგიაშვილი დღევანდელ მოპასუხეს, ნიკოლოზ გულიაშვილს, აცნობებს, რომ თანახმაა, ამ უკანასკნელმა გამოისყიდოს ამჟამად სადავო შენობები და ტერიტორია, ოღონდ პრივატიზების დროს გათვალისწინებულ იქნეს აკადემიის ინტერესები. 1998 წლის 28 ივნისს, ქონების მართვის სამინისტრომ სადავო ობიექტები პრივატიზაციის ნუსხაში შეიტანა, რის შესახებაც ინფორმაცია გაზეთ თბილისში გამოქვეყნდა, იმავე წლის 10 სექტემბერს კი გულიაშვილმა ამ ობიექტების პრივატიზება მოახდინა. დღევანდელი მოპასუხე ასე აღწერს პრივატიზებამდე არსებულ ვითარებას: [ნიკოლოზ გულიაშვილის ხმა] “აღდგენა დავიწყე 1996 წლიდან, ნელ-ნელა, ნელ-ნელა… თანხები, რა, აგერ არის, აი, მევლუდი გიგანი, მთელი მაგიდები და სკამები, ცემენტი და რკინა მაგის ნაჩუქარია. ქვიშისა და პენზისთვის ვურეკავდი მეგობრებს. ვისა? ვახო ქუთათელაძეს, ლევან კენჭაძეს, ვისაც კი მივწვდებოდი. რომ აღვადგინე, მხოლოდ მერე გავაკეთე პრივატიზაცია. ჩემივე აშენებული მე ვიყიდე. ეს ვიყიდე 16500 დოლარად, აი ის ვიყიდე 18000 დოლარად და ნახეთ, მსგავს მდგომარეობაში მყოფ შენობაში მთელ საქართველოში თუ მაგდენია გადახდილი რამეში. ძაღლი არ შევა იქა.”

გაცილებით უარეს დღეში ყოფილა ის ტერიტორია, სადაც დღევანდელი კორტებია განლაგებული: [ნიკოლოზ გულიაშვილის ხმა] “ეს იყო უკვე ჯუნგლები: მაყვლის ბუჩქები, სამმეტრიანი ალვის ხეები, ლერწამი… რომ მითხრეს, ოდესღაც ჩოგბურთის კორტები იყოო, აღვადგინე ისევ კორტები, ეს არის. სულ თავიდან ავაშენე.”

რაც ყველაზე საინტერესოა, სადავო ობიექტები პრივატიზებამდე არც ყოფილა სპორტის აკადემიის ბალანსზე. მიუხედავად ამისა, გულიაშვილის აზრით, გოგიაშვილმა აღდგენილი შენობებისა და კორტების დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა მისი შვილი ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა: [ნიკოლოზ გულიაშვილის ხმა] “ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმართად და ცინიზმით იწყება. აი, ეს “განკულაკება” საქართველოში დაიწყეს ჩემგან იმიტომ, რომ ნაგავში გავაკეთე სპორტკომპლექსი, სადაც ბავშვები, სტუდენტები, ვეტერანები დადიან უფასოდ. სარგებლობენ. აქედან იწყებენ იმას. და ვინ იწყებს? არც დავმალავ და არაფერი. ძალიან კარგად ვიცი, რომ ერთ სასამართლოშიც და მეორეშიც იმ ანტიკორუფციულიდან არის ზეწოლა. მე ხომ მითხრეს.”

თავად მოპასუხის შვილი, გიორგი გულიაშვილი, პარლამენტარია, თუმცა, ნიკოლოზ გულიაშვილის თქმით, იგი ოპოზიციური ფრაქციის - “აღორძინების”- წევრია და, შესაბამისად, სასამართლოზე ვერანაირ გავლენასაც ვერ ახდენს. რაც შეეხება სასამართლოს, მოპასუხე აცხადებს, რომ, თუ პროცესი ობიექტურად ჩატარდება, სარჩელი თუნდაც იმიტომ უნდა იქნეს უარყოფილი, რომ მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადა კარგა ხნის წინა აქვს გასული.
XS
SM
MD
LG