Accessibility links

logo-print

”მეათე სტუდია”


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 427-ე გამოშვება

მარიამ ჭიაურელი:
გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო. ახლა პროგრამას, ტრადიციისამებრ ”მეათე სტუდიაში” განვაგრძობთ. მის დღევანდელ, 427-ე გამოშვებაში ვისაუბრებთ საქართველოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ”დიდ მანევრებზე”, კიდევ ერთხელ შევეხებით გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თემას და შემოგთავაზებთ ინტერვიუს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ლონდა ესაძესთან. დღეს წარმოგიდგენთ აგრეთვე ქართველი სპორტული პუბლიცისტის, დემიკო ლოლაძის მიერ გამოცემულ ახალ ალბომს და ბოლოს, გამოვეხმაურებით ცნობილი გერმანელი მწერლის, ლუიზე რინზერის გარდაცვალებას. ”მეათე სტუდიაში” მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]

პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების “დიდი მანევრები”

მარიამ ჭიაურელი:
ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებული კანონისთვის ვეტო დაედოს. დაახლოებით ერთი კვირის წინათ, პრეზიდენტმა ისევ გამოიყენა ვეტოს უფლება და შეაჩერა კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ. პარლამენტის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის წერილმა განაპირობა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მთავრობის გადაყენების საფრთხეს ხედავს. პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტის რეაქცია ჯერ არ ჩანს. თუმცა, თამარ ჩიქოვანის აზრით, გამორიცხული არ არის, უახლოეს ხანში ისევ დაიძაბოს ურთიერთობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის.

თამარ ჩიქოვანი:
ამჯერად ურთიოერთობის გარკვევის მიზეზად პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება-არშესრულების საკითხი შეიძლება იქცეს. როგორც გახსოვთ, 2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილმა პარლამენტმა ანგარიში გაუწია მხოლოდ ახლად დამტკიცებულ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს, რომელმაც განაცხადა: [ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “ პატიოსნად გთხოვთ – დღეს საქართველოსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ბიუჯეტი. მასთან დაკავშირებულია ჩვენი ურთიერთობა სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. მასთან არის დაკავშირებული მოსახლეობისთვის ხელფასების მიცემა, პენსიების, დახმარებების...მასთან არის საქართველოს მომავლის საკითხები დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ – მე თქვენს წინაშე როგორც მაშინ, ახლაც ვიღებ პასუხისმგებლობას, დაახლოებით 4 თვის შემდეგ მოგმართოთ და გაცნობოთ – რა გავაკეთეთ, რა შედეგი გვაქვს, რა ტენდენცია იკვეთება ამ ქვეყანაში.”

პარლამენტარების დამოკიდებულება სახელმწიფო მინისტრის ამ დაპირების მიმართ ყველაზე უკეთ სოციალისტების ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა გამოხატა. მას არ დაუმალავს, რომ, ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი აუცილებლად დააყენებდა არა მხოლოდ კონკრეტული მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ მოითხოვდა ახალ არჩევნებსაც.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “განვუსაზღვროთ ეს სამი თვე. თუ მოგვატყუა ხელისუფლებამ ისევ უსინდისოდ, რისი შანსიც არსებობს და ვიზიარებ ეჭვს ჩვენი დეპუტატებისას, მაშინ კეთილი ინებეთ და ჩვენთან ერთად თქვით, რომ ამ ხელისუფლებასთან მუშაობა არ შეიძლება და მივატოვოთ, ბოიკოტის ფორმის სახით, უკვე იმდენმა რაოდენობამ დეპუტატებისა, რომ ასეთი პარლამენტის მუშობას ჩავთვლით შეუძლებებს და მაშინ ქვეყანა დადგება ახალი რეალური არჩევანის წინაშე – ახალი პარლამენტის, ახალი ხელისუფლების...” [სტილი დაცულია]

ჯერჯერობით სახელმწიფო უწყებები თავს არიდებენ 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებაზე საუბარს იმ მოტივით, რომ , როგორც წესი, თვის ბიუჯეტი თვის მიწურულს სრულდება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, პირველი კვარტლის გეგმა მთავრობამ შეასრულოს, რადგან, მისი განმარტებით, პირველი სამი თვის მანძილზე მხოლოდ 200 მილიონის ოდენობის თანხათა ამოღებაზე იყო საუბარი. მისივე განმარტებით, ჩვეულებრივ, მთავრობა პირველი კვარტლის ბიუჯეტს ასრულებს, რადგან იგი მთელი ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილია. სამაგიეროდ, შემდეგ იწყება ბიუჯეტის ქრონიკული შეუსრულებლობა, რაც, საბოლოოდ, ბიუჯეტის სეკვესტრირებით სრულდება ხოლმე.

პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ სწორედ იმ საკითხის მოგვარებას ითვალისწინებდა, რომ საგადასახადო შემოსავლები წლის განმავლობაში პროპორციულად გაწერილიყო.

რატომღაც, პარლამენტის ეს სურვილი ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღმასრულებელი ხელისუფლების ოპერატიული საქმიანობის მოქნილობის შეზღუდვად აღიქვა, რაც, საბოლოოდ, შესაძლოა, მთავრობის გადაყენებისთვის იქნეს გამოყენებული. პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრის აზრი გაითვალისწინა და კანონს ვეტო დაადო. ამასობაში, ალბათ, დაიწყება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმა, რაც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს და რომლის ინიციატივაც ანტიკორუფციულ საბჭოს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, 19 სამინისტროს ნაცვლად, მხოლოდ 10 დარჩება, ხოლო მთელი ეს საკმაოდ სერიოზული რეფორმა საქართველოსთვის სარეკორდო დროში – 50 დღეში განხორციელდება.

სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ შემოდგომისთვის საქართველოს ძლიერი და მობილური აღმასრულებელი ხელისუფლება ეყოლება. იმედია, მობილური და ძლიერი მთავრობა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო ბიუჯეტს შეასრულებს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

კიდევ ერთხელ გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

მარიამ ჭიაურელი:
მიზეზი იმისა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თემას გახლავთ ის, რომ საქართველოში არ ცხრება ასეთ ორგანიზაციათა დისკრედიტაციის კამპანია. უკვე მესამე წელია, მოქალაქეთა ნაწილს მესამე სექტორის მიერ გრანტების მოპოვება და ხარჯვა საძრახის, ქვეყნისათვის მავნე საქმიანობად მიაჩნია. ვინც ასე ფიქრობს, ჰყავს კიდეც თავისი აზრებისა და მიდგომების გამომხატველი ხალხი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ისინიც, თავს საზოგადოებრიც სექტორს რომ მიაკუთვნებენ. გამოსვლების დროს ასეთი ადამიანები ცხადყოფენ, რომ არ ესმით არასამთავრობო ორგანიზაციათა რაობა და დანიშნულება, აგრეთვე ის, რომ მესამე სექტორიდან ხშირად მეტი წარმატებით შეიძლება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება, ვიდრე პოლიტიკაში ჩაბმის შემდეგ. გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საქართველოში ბოლო დროს გაცხოველებულ დისკუსიაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
არასამთავრობო ორგანიზაციათა წინააღმდეგ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე მკვეთრი გამოსვლით თავი დაგვამახსოვრეს ბლოკ “აღორძინების” ლიდერებმა, რომელთაც სწამთ: ორგანიზაციები აკეთებენ იმათ საქმეს, ვინც ფულს უხდის. ისინი პოლიტიკურ საკითხებს არ უნდა გააკარო, რადგან გაყიდულები არიან და საქმიანობისას ყოველთვის დაიცავენ არა საქვეყნო, არამედ დამკვეთთა ინტერესებს.

არასამთავრობოთა წინააღმდეგ ბოლო გალაშქრება მოაწყო საქართველოს ერთიანობის ალიანსმა, რომლის თავკაცები აცხადებენ, რომ ასი არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებას წარმოადგენენ. ერთიანობის ალიანსი (შემოკლებით სეა) პირველად არ გამოდის არასამთავრობო ორგანიზაციათა, როგორც თავად ამბობენ, “გრანტიჭამიობის” ბრალდებით. შარშან გაზაფხულზე, სახალხო დამცველის ოფისში გამართული პრესკონფერენციის დროს, ალიანსის ახალგაზრდა დამფუძნებელი მამები ასევე მრისხანებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა დახარჯული გრანტების მიზანშეწონილობის გამო. სიტყვა “გრანტიჭამია” მაშინაც ხშირად გაისმოდა. არადა, უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, თავისი ბუნებით, გრანტიჭამიაა. ნაჩუქარი ფულის გარეშე ის ვერაფერს გააკეთებს. გრანტი კი სწორედ ნაჩუქარი ფულია, რომელიც ორგანიზაციამ დასაბუთებულად მოითხოვა.

საქართველოში სამოქალაქო სექტორი თითქმის ათი წლის წინათ ჩაისახა და ამ ხნის მანძილზე ვერც ხელისუფლება, ვერც ქართული ბიზნესი, ვერ იქცა მის მოკავშირედ და მხარდამჭერად. 1998 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთთვიანი სტუმრობის დროს, თავად გახლდით მოწმე, თუ როგორ ეუცხოებოდა და არ ესმოდა რამდენიმე ჩემს თანამოქალაქე სახელმწიფო მოხელეს ერთი რამ: როგორ შეიძლება სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ, ასე ვთქვათ, “თავისი საქმე” არ გააკეთებინოს. ასეთი დამოკიდებულება, ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, ნიშნავს, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზნები თუ ამოცანები ერთმანეთისგან განსხვავებულია. არაფერს ვამბობ ქართულ ბიზნესსზე, რომლის შეწევნა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის რამდენიმე მოკრძალებულ ცდას არ გასცილებია.

ამიტომაც ჰყავთ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოელი დონორები. არასამთავრობო ორგანიზაცია მიზნობრივად დახარჯული ფულის ანგარიშს წარუდგენს გრანტის მიმცემსა და საგადასახადო სამსახურს. სხვას, კაციშვილს არ ეკითხება, რაში დაიხარჯა ფული. ამიტომაც შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტ-ნაკლებად თავისუფალნი იყვნენ შიდაპოლიტიკური კონიუნქტურისაგან. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ქართულ საზოგადოებრივ სექტორში დღეს დასაქმებულ რამდენიმე თვალსაჩინო პიროვნებას სამოქმედო ასპარეზად პოლიტიკა რომ აერჩია და თან თავისი მიზნებისა თუ ღირებულებების ერთგული დარჩენილიყო, გაცილებით ნაკლებს მიაღწევდა. საქართველოს ერთიანობის ალიანსის “ქორები” თავადაც არ მალავენ, რომ გუბერნატორ ლევან მამალაძის ფრთათა ქვეშ წამოიჩიტნენ. სხვათა შორის, ლევან მამალაძის პოლიტიკური კარიერა მაშინ დაიწყო, როცა უფლებადამცავმა - “სეა”-ს ჩუბინთა მთავარი სამიზნის, “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრმა გიგა ბოკერიამ კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარეობაზე და პოლიტიკას საზოგადოებრივი საქმიანობა არჩია. ხსენებულ პოსტზე კი ლევან მამალაძე გაამწესეს.

მოქმედ ქართველ პოლიტიკოსთა შორის ძალიან ცოტას თუ ესმის, რისთვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო სექტორი. დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ შეიძლება დააფუძნო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ხელის ბიჭებად გამოგადგებიან. სასაცილო ის არის, რომ ამ ხელის ბიჭებსაც თავი მართლა არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები ჰგონიათ და გულზე სკდებიან, როცა მათ, რატომღაც, გრანტებს არ აძლევენ.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისათივის” თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ ლონდა ესაძესთან

მარიამ ჭიაურელი:
”მეათე სტუდიის” სტუმარი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, გარკვეულ წრეებში მკაცრი კრიტიკის საგნად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს ხელმძღვალობს. თუმცა მასთან საუბარში ეს კრიტიკა არ გაიჟღერებს.

ამ დღეებში პრაღაში გაიმართა კონფრენცია, რომელიც გაეროს ე.წ. ”იოჰანესბურგის სამიტის” შემამზადებელი ეტაპია. პრაღის კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა არასამთავარობო ორგანიზაციის, ”საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს” თავმჯდომარე, ლონდა ესაძე. მას რადიო ”თავისუფლების” შტაბ-ბინაში ბიძინა რამიშვილი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია

მარიამ ჭიაურელი:
ბიძინა რამიშვილი ესაუბრებოდა ”საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს” თავმჯდომარეს, ლონდა ესაძეს, რომელიც პრაღაში გამართულ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

[მუსიკა]

ახალი ალბომი “ფეხბურთი ნახატებსა და შარჟებში”

მარიამ ჭიაურელი:
35 წელიწადზე მეტია, რაც ცნობილი პუბლიცისტი და სპორტული ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე ქართული ფეხბურთის პროპაგანდისა და პოპულარიზაციის სფეროში მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში მან დაახლოებით ორი ათეული წიგნი გამოსცა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებზე. ამ დღეებში დაისტამბა დემიკო ლოლაძის უაღრესად საინტერესო და, შეიძლება ითქვას, უნიკალური ალბომი სახელწოდებით, “ფეხბურთი ნახატებსა და შარჟებში”. ამ გამოცემისა და პუბლიცისტის ბოლოდროინდელი საქმიანობის, აგრეთვე, გეგმების შესახებ გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

გიორგი კაკაბაძე:
დემიკო ლოლაძე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ალბომზე. გამოცემას საფუძვლად დაედო მისი მდიდარი კოლექცია. [ ლოლაძის ხმა] “და პირველი ნახატები იყო ვინმე ივან გუროვისა, რომლის ნამდვილი გვარი, სამწუხაროდ, ვერ დავადგინე ვერსად, მაგრამ მისი შარჟები – ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, შურა დოროხოვი, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის ფროლოვი – აი, ეს ჩვენს ოჯახში ჩემს ბებიას, მერე ჩემს მშობლებს მუდამ თვალსაჩინო ადგილას ჰქონდათ გამოფენილი იმიტომ, რომ ეს უნიკალური ნამუშევრებია ამ მხატვრისა.”

ალბომი შეიცავს დაახლოებით 1350 ნამუშევარს, რომელთა ავტორები არიან როგორც ქართველი, ისე საზღვარგარეთელი მხატვრები. მათ შორისაა: გიგლა ფირცხალავა, იგორ სოკოლოვი, ჰერლუფ ბიდსტრუპი, ვახტანგ კუცია, რომელიც გარდაცვალებამდე აქტიურად მონაწილეობდა ალბომისათვის ნამუშევრების შერჩევაში. საინტერესოა, რომ ალბომში შესულია ქუთაისის “დინამოს” ყოფილი მეკარის ოთარ ლითანიშვილის მიერ 50 წლის წინათ შესრულებული ნახატები, რომლებზეც გამოსახულები არიან ბატონი ოთარის თანაგუნდელები.

გამოცემაში აგრეთვე შეხვდებით: ზაალ სულაკაურის, ვალერი ბახტაძის, სულიკო კალანდაძის, მალხაზ კუხაშვილისა და ბევრი სხვა ქართველი მხატვრის შარჟებსა და ნახატებს.

როგორია ალბომის აგებულება? თავდაპირველად გამოცემაში შეხვდებით ქართული ფეხბურთის სხადასხვა თაობის წარმომადგენლებს, შემდეგ მოდიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ცნობილი ფეხბურთელები, მათ მოჰყვებიან ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისის, წარმომადგენლები, ევროპის სხვა ქვეყნების, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ფეხბურთელები. ამდენად, ალბომში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთა სრული სპექტრია წარმოდგენილი. ამასთან ერთად, გამოცემაში დაბეჭდილია ფიფას პრეზიდენტებისა და ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელების ნახატები.

კიდევ რის თქმა შეიძლება დემიკო ლოლაძის ბოლოდროინდელ მოღვაწეობაზე. პუბლიცისტს გამიზნული ჰქონდა დიდი მოცულობის წიგნის გამოშვება დიდებული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შესახებ. [ლოლაძის ხმა] “ჩვენ ასე ვიყავით დათოსთან მოლაპარაკებული, რომ ერთად ვიმუშავებდით წიგნზე. ამასთან, დათოს თვითონ უნდა მოეთხრო ბევრი საინტერესო ამბავი, – იცით, როგორი მოსაუბრე და განათლებული ადამიანი იყო, – მაგრამ ეს არ მოხდა, თავისი თავისთვის დათომ ვერ მოიცალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ისღა მოვახერხე, რომ ორმოცისათვის გამოვეცი ორასგვერდიანი ფოტოალბომი.”

ასევე შარშან გამოიცა დემიკო ლოლაძის ფოტოალბომი, რომელიც თბილისის “დინამოს” მიერ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვების 20 წლისთავს მიეძღვნა.

რაც შეეხება პუბლიცისტის გეგმებს. [ლოლაძის ხმა] “თითქმის ოთხმოცი პროცენტით მზად მაქვს წიგნი შესანიშნავ ქართველ ფეხბურთელზე, ვარსკვლავზე, ვლადიმერ ბარქაიაზე, რომელსაც ამ ზაფხულს 65 წელი უსრულდება. როგორც კი ვლადიმერ ბარქაიაზე დავამთავრებ წიგნს, მეორე-მესამე დღეს დავიწყებ მუშაობას წიგნზე, რომელიც მიეძღვნება ავთანდილ ღოღობერიძის დაბადებიდან 80 წლისთავს. შემოდგომაზე უნდა აღინიშნოს ეს იუბილე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მისმა შვილმა მთხოვა წიგნის დაწერა.”

ეჭვგარეშეა, დღევანდელ პირობებში დემიკო ლოლაძეს საკმაოდ გაუძნელდებოდა წიგნების გამოცემა და, ამ მხრივ, უპირველესად, აღსანიშნავია ის, რომ პუბლიცისტის ყველა ბოლოდროინდელი წიგნი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ არის გამოცემული.

გიორგი კაკაბაძე, რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ლუიზე რინზერის გახსენება

მარიამ ჭიაურელი:
”მეათე სტუდიის” ბოლოს უცხოეთში გადავინაცვლებთ, თუმცა როგორც თავადაც დარწმუნდებით, საქართველოს ეს სიუჟეტიც უკავშირდება.

კვირას, 17 მარტს, გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი მწერალი ლუიზე რინზერი. შარშან, აპრილში, მწერლის 90 წლის იუბილეს “მეათე სტუდია” გამოეხმაურა ვრცელი მასალით, რომელშიც დაწვრილებით გიამბეთ არა მხოლოდ მის ლიტერატურულ მოღვაწეობაზე, არამედ პოლიტიკურ საქმიანობაზეც. ამჯერად ლუიზე რინზერის შემოქმედებაზე მხოლოდ მოკლედ შევჩერდებით. მიკროფონს დავით კაკაბაძეს გადავცემ.

დავით კაკაბაძე:
ბოლო წლებში ლუიზე რინზერი აღარაფერს წერდა. “არ ვწერ, რადგან წერა აღარ მიტაცებსო”, უთხრა მწერალმა შარშან მასთან დაბადების დღის მისალოცად მისულ ერთ ჟურნალისტს. “რაც უფრო ბერდები, რაც უფრო მეტი გესმის, მით უფრო რთული ხდება ყოველივე ამის სხვებისთვის ახსნაო”.

რინზერის ნაწარმოებების ერთ-ერთი ძირითადი თემა სიკვდილია. და ბოლო ხანს მწერალი ხშირად ამბობდა, მეც სიკვდილისთვის ვემზადებიო. ასე რომ, 91-ს მიღწეული ქალბატონი ან, როგორც მას კრიტიკოსები ხშირად უწოდებდნენ, გერმანული ლიტერატურის “გრანდ დამა”, სიკვდილს მოუმზადებელი არ დახვედრია.

მაგრამ დღეს არც რინზერის ხანგრძლივ ცხოვრებაზე საუბარს ვაპირებთ და არც მისი რომანების “ცხოვრების შუაგულისა”თუ “დანიელას”, “მირიამისა” თუ “აბელარის სიყვარულის” გარჩევას; არ გავიხსენებთ იმ დროს, როცა ახალგაზრდა მწერალი ნაციონალ-სოციალისტებმა სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს და არც იმ პერიოდს, როცა იგი გერმანიის დღეს უკვე ლეგენდად ქცეული კანცლერის, ვილი ბრანდტის თანამოაზრედ ითვლებოდა.

დღეს გვინდა ვისაუბროთ ლუიზე რინზერის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. თავის წიგნში “სასაზღვრო გადასასვლელები” ავტორი დაწვრილებით აღწერს საქართველოში თავის მოგზაურობას და ერთგან მეტად ემოციურად ჰყვება ქართულ სუფრასთან თავისი ნაცნობობის ამბავს; აღფრთოვანებული გვიამბობს თამადის უშრეტ ფანტაზიასა და მის ლამაზ სადღეგრძელოებზე; და თან არც იმას გვიმალავს, რომ სუფრის სხვა წევრებთან ერთად ბახუსმა მასაც აურია ფიქრები. თამადად ლუიზე რინზერი თბილისელ გერმანისტ N.K.-ს მოიხსენიებს – როგორც ჩანს, იმის შიშით, რომ ვინაობის გამხელის შემთხვევაში მასპინძელს ოფიციალურ საბჭოთა ინსტანციებში უსიამოვნება არ ასცდებოდა.

დღეს, საბედნიეროდ, ასე აღარ არის და თამადის ვინაობის გამხელა ჩვენ ვითავეთ: გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში დავურეკეთ N.K.-ს, პროფესორ ნოდარ კაკაბაძეს, და მას იმ სუფრის გახსენება ვთხოვეთ, ლუიზე რინზერზე ასეთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება რომ მოუხდენია.

[ნოდარ კაკაბაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

საქართველოში ლუიზე რინზერი საკუთარი ინიციატივით ჩასულა. 1971 წელს, მოსკოვში ყოფნისას, მას თვითონ მოუთხოვია, საქართველოში წამიყვანეთო.

[ნოდარ კაკაბაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

[ნაწყვეტი ლუიზე რინზერის ტექსტიდან]

“საქართველო. მუდამ მსურდა, საქართველო მენახა. სკოლის მოწაფე რომ ვიყავი, ერთი დასურათებული ატლასი მქონდა; ერთ-ერთ ასეთ სურათებიან გვერდზე ადამიანის რასები იყო წარმოდგენილი (...), იქ, კარლ მაის ინდიელებსა და ზანგებს შორის ... “კავკასიური რასის” რამდენიმე წარმომადგენელიც გამოესახათ: მაღალი, გამხდარი ადამიანები ვაჟკაცური, ვიწრო პირისახეებით, ოდნავ კეხიანი ცხვირებით და ამაყად მომუწული პირებით, ლამაზი ადამიანები, რომელთაც თავისუფლების სიყვარული სახეზე ეწერათ. ერთხელაც, მრავალი წლის შემდეგ, როცა სამასწავლებლო პრაქტიკას გავდიოდი, საკლასო ოთახის კართან ზუსტად ასეთი ქალი გამომეცხადა; გერმანულს ამტვრევდა და შვიდი წლის, დიდთვალება ბიჭუნა ჩამაბარა, სულ რამდენიმე თვით. ბიჭის მამა გერმანელი ინჟინერი ყოფილა, კავკასიაში რაღაცის ასაშენებლად ჩასულა, ქალს შეხვედრია, ბავშვი შესძენია და მათთან ერთად ერთი ქვეყნიდან მეორეში უმოგზაურია – იქ მიდიოდა, სადაც სამსახური უხმობდა – ასე რომ, ბიჭუნამ ბევრი ენა იცოდა, გამართულად კი ვერც ერთზე ვერ მეტყველებდა. მართლწერა სულ არ ეხერხებოდა და კითხვაც უჭირდა, მაგრამ ცხოვრებაში გამოცდილი იყო და ბევრი ისეთი რამ იცოდა, დანარჩენებს წარმოდგენაც რომ არ გვქონდა. მტრისას, სათქმელს დროულად თუ არ ათქმევინებდი! კაზაკივით, ორივე ფეხით სკამზე შედგებოდა ან სულაც მაგიდაზე შეხტებოდა და გამკივანი ხმით დაიყვირებდა: “მეო!”, და თითქოს უზარმაზარ ბრბოს მიმართავსო, სათქმელს ყვირილითვე გადმოანთხევდა. ისეთი სიცილი იცოდა, ისეთი დაუმორჩილებელი და გადამდები, რომ მთელს კლასს ამომიგდებდა ხოლმე კალაპოტიდან. ერთ მშვენიერ დღესაც დედამ ბიჭი სკოლიდან წაიყვანა, რადგან მამას ახლა სადღაც სხვაგან აგზავნიდნენ სამუშაოდ. მას მერე იყო, საქართველოს ნახვა ასე რომ მეწადა.”

ეს იყო ნაწყვეტი ლუიზე რინზერის წიგნიდან “სასაზღვრო გადასასვლელები”, რომელშიც იგი საქართველოში თავის სტუმრობაზეც გვიამბობს.

17 მარტს, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ლუიზე რინზერი გარდაიცვალა. 30 აპრილს მას 91 წელი შეუსრულდებოდა.

მარიამ ჭიაურელი:
ყოველკვირეული რადიოჟურნალი ”მეათე სტუდია” დასასრულს მიუახლოვდა. გემშვიდობებით გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორის, კარლ ორფის ყველაზე პოპულარული კომპოზიციით – ”Carmina burana”, რომელიც, ცხადია, შემთხვევით არ აგვირჩევია. კარლ ორფი ლუიზე რინზერის მეუღლე გახლდათ. და ბოლოს, იმასაც ვიტყვი, რომ ”მეათე სტუდია” პრაღის ბიუროში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში.
XS
SM
MD
LG