Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებს ცვლილებები შეაქვს ანტიტერორისტულ სამხედრო ტრიბუნალებში


ოთხი თვის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავდაცვის სამინისტროს განკარგულება გასცა, შექმნილიყო საგანგებო სამხედრო ტრიბუნალები,

რომლებიც საერთაშორისო ანტიტერორისტული ომისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ადამიანის უფლებების დამცველებმა მიიჩნიეს, რომ ეს ტრიბუნალები ეწინააღმდეგება ამერიკის სამოქალაქო სამართალს. ამერიკის მთვარობამ გაითვალისწინა ეს კრიტიკა და ხუთშაბათს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტრიბუნალების შესახებ განახლებული წესები.

საგანგებო სამხედრო ტრიბუნალების, ან, როგორც მათ უწოდებენ, კომისიების, ხუთშაბათს გამოქვეყნებული ახალი წესები რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას შეიცავს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ სასიკვდილო განაჩენისთვის ყველა მოსამართლის თანხმობაა საჭირო. ნოემბერში წარმოდგენილი ბუშის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ხმების ორი მესამედი იყო საკმარისი.

ახალი წესების თანახმად, განსასჯელებს უფლება ექნებათ საჩივრით მიმართონ ნაფიც მსაჯულთა საგანგებო საბჭოს, რომელშიც სამხედრო ოფიცრები შევლენ. ბუშის პროექტი არ ითვალისწინებდა ამას. მაგრამ, ჩვეულებრივი სამხედრო ტრიბუნალებისგან განსხვავებით, სამხედრო კომისიებში სიმართლის დასადგენად დაშვებული იქნება არაპირველწყაროზე დამყარებული ინფორმაციის გამოყენება.

ამერიკის სამოქალაქო სამართალი უდანაშაულობის პრეზუმპციას ემყარება. ანუ ბრალმდებელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის ბრალეულობა და არა პირიქით - ბრალდებულმა არ უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებში სასამართლოები ღიად იმართება.

სამხედრო კომისიებიც უდანაშაულობის პრეზუმპციას დაეყრდნობა და ძირითადად ღიად იმოქმედებს. გამონაკლისს წარმოადგენს კერძო სახით ჩვენებების მიღება ეროვნული უსაფრთხეობის მოსაზრებებით.

ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, რამდენად აუცილებელია ამ ახალი ტიპის ტრიბუნალების შემოღება, ვინაიდან მათი ამოცანის შესრულება, ბევრის აზრით, უკვე არსებულ სასამართლოებს შეუძლია.

ამ თვალსაზრისისაა, მაგალითად, ჯეიმს როსი, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ”ჰიუმენ რაიტს უოჩის” მთავარი იურისკონსულტის მოვალეობების შემსრულებელი. [როსის ხმა] ”ჩვენის აზრით, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დანაშაულისთვის - კაცობრიობის წინაშე დანაშაული იქნება ეს, ტერორიტული აქტები თუ ომის დანაშაული - ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯონ. და ეს სასამართლოები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა უპასუხებდნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს შეერთებული შტატების სასამართლოები, ფედერალური სამოქალაქო სასამართლოები, არსებობს აგრეთვე შეერთებული შტატების სამხედრო სასამართლები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ჩვენ ამ გზის არჩევას ვამჯობინებდით”, განუცხადა როსმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ენდრიუ ტალის.

როსი და ბუშის პროექტის სხვა კრიტიკოსები შიშს გამოთქვამენ, რომ თუკი სამხედრო კომისიების წესები უფრო მეტად არ გადახალისდა, შესაძლოა უცხო ქვეყნები ამერიკელებს ასევე გამორჩეულად მკაცრად მოექცნენ პასუხად სამხედრო კომისიების სიმკაცრეზე. სხვათა შორის, განახლებული წესების გამოცხადებისას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა თქვა, რომ ეს წესები საბოლოო არ არის.
XS
SM
MD
LG