Accessibility links

logo-print

ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა მონტერეის კონფერენციაზე ღარიბი ქვეყნებისათვის დახმარების გაზრდა მოითხოვეს


მექსიკის ქალაქ მონტერეიში დასასრულს უახლოვდება გაეროს პირველი კონფერენცია, რომელიც განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.

ხუთშაბათს, ანუ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერთა სამიტის პირველ დღეს, თავყრილობის მთავარ მოწოდებას - ღარიბი ქვეყნებისათვის დახმარების გაზრდას კიდევ მრავალი მონაწილის ხმები დაემატა. ამ მონაწილეებს შორის იყვნენ მაკედონიის, ხორვატიისა და რუმინეთის - ომებითა და ეკონომიკური პრობლემებით მოცული ბალკანეთის ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სიღატაკით გამოწვეული დესტაბილიზაციის საფრთხეზე.

ხუთშაბათს მონტერეის სამიტის მრავალი მონაწილე იშველიებდა გაეროს მონაცემებს, რომლებიც სიღატაკის საზარელ მასშტაბებს ასახავს: მომხსენებლები აუდიტორიას შეახსენებდნენ, რომ მსოფლიოში ღატაკთა რიცხვი 1,2 მილიარდს აღწევს და რომ ასობით მილიონ ადამიანს სამედიცინო მომსახურებისა და განათლების გარეშე ცხოვრება უწევს.

ფაქტობრივად, ყველა მოხსენების არსი ასეთი იყო - ტერორიზმის საფრთხის წინაშე მდგომ მსოფლიოს არა აქვს უფლება, უგულებელყოს პირობები, რომლებიც ექსტრემიზმს ასაზრდოებს. ხორვატიის პრეზიდენტ, სტიპე მესიჩის სიტყვებით: [მესიჩის ხმა] ”განვითარებული ქვეყნების მხრივ დახმარება აუცილებელია იმის გამოც, რომ სიღატაკე და სხვაზე დამოკიდებულება ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ხელს უწყობს ტერორიზმს, შობს სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომელთა აყოლიებაც ადვილი ამოცანაა, როცა საქმე გვაქვს რელიგიური მოძღვრებისა თუ ეროვნული უფლებებისათვის ბრძოლის დამახინჯებულ ფორმებთან”.

მაკედონიის პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი კი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საგანგებო მექანიზმი ქვეყნებისათვის, რომლებსაც, ისე როგორც მაკედონიას, გამოვლილი კონფლიქტების გამო ინვესტორების მიზიდვა უჭირთ. ტრაიკოვსკის შეთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს ინვესტორებისთვის გარანტიების მიცემას, რაც ხელს შეუწყობდა ომით დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილიზაციას. სხვათა შორის, რუმინეთის პრეზიდენტმა, იონ ილიესკუმ თავისი ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ უცხოელ ინვესტორთა მიზიდვასთან დაკავშირებული სიძნელეები დაასახელა.

ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში სიღატაკის დასაძლევად ეკონომიკური დახმარების გაზრდისაკენ დონორ ქვეყნებს მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაიკ მურმა. მან სიღატაკეს უწოდა უდიდესი საფრთხე, რომელიც ემუქრება მშვიდობას, უშიშროებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და გარემოს. ამ მოსაზრებას ჩვენი მსმენელებიდან, ალბათ, ბევრი დაეთანხმება.
XS
SM
MD
LG