Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში ევროპელი მებრძოლების ყოფნის შესახებ


საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუმ” გამოაქვეყნა ბრიტანეთის “ფრონტლაინ ტელევიჟენის” ოპერატორის როდი სკოტის სტატია, რომლის თანახმად, გავრცელდა ჯერჯერობით შეუმოწმებელი ცნობა,

რომ პანკისის ხეობაში, ტერორისტებად მიჩნეული შეიარღებული ჯგუფების შემადგენლობაში იყვნენ ბრიტანეთის ოთხი და გერმანიის ერთი მოქალაქე. ცნობა დეტალებს ნაკლებად შეიცავს, მაგრამ ხეობაში, ასე ვთქვათ, ევროპელი უცხოელების ყოფნა და ხატაბის ჯგუფის არაბი ინსტრუქტორების მიერ მათი წვრთნა, თითქმის დადასტურებულია.

ამ ინფორმაციის თანახმად, რომელიც “იურეიჟა ნეტმა” მოიპოვა, ბრიტანეთის, სულ ცოტა, 4 მოქალაქე, პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. უკანასკნელმა ბრიტანელმა ხეობა შარშან დეკემბერში დატოვა. “იურეიჟა ვიუს” თანახმად, ოფიციალურ პირებს ამ ინფორმაციის სისწორის შემოწმება უჭირთ.

შემდეგ საინტერნეტო გამოცემა ზოგად პოლიტიკურ სურათს აცნობს თავის მკითხველს და მოუთხრობს ამ საერთო კონტექსტში აფხაზეთის ადგილზე. “იურეიჟა ვიუ” წერს, რომ სამშვიდობო ჯარის ფუნქციით საქართველოს აფხაზეთის რეგიონში განთავსებული ჯარის წარმომადგენლებთან დაკავშირებული ინციდენტი სეპარატისტულ მთავრობას კიდევ ერთხელ უბიძგებს, რუსეთთან დაახლოებისკენ ისწრაფოდეს. ამის დამადასტურებლად გამოცემა მოიყვანს, როგორც ის უწოდებს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის სერგეი შამბას სიტყვებს.

იმ დროს, როცა საქართველოს პარლამენტი სამშვიდობო ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებას იღებს და აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერებისგან მოითხოვს სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ განცხადება წარადგინონ, სოხუმში ედუარდ შევარდნაძეს ტერორიზმისთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. სეპარატისტული მთავრობის განცხადებით, თბილისი ტერორისტების საკუთარი მიზნებით გამოყენებას იწყებს. “იურეიჟა ვიუს” თანახმად, სოხუმში ფიქრობენ, რომ, განსაკუთრებით შეერთებული შტატების სამხედრო ხელშეწყობის დაწყების შემდეგ, თბილისში გაძლიერდა სამხედრო განწყობილება.

“იურეიჟა ვიუ” პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეომრების და ლტოლვილების ამბებსაც აღწერს, ახსენებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩეჩნური მოდგმის ქისტებს, რომლებიც გამოსასყიდის მიღების მიზნით ხალხის გატაცებას არ ერიდებოდნენ.

ამასთან, გამოცემა ხატაბის სახელით ცნობილი არაბი ტერორისტის და მასთან დაკავშირებული ჩეჩნების - ძმები ახმადოვების შესახებ უამბობს მკითხველს და იქვე აღნიშნავს, რომ ჩეჩენთა რაზმებში უცხოელების პროცენტული შემადგენლობა ძალზე მცირეა და ამ ფაქტორის მნიშვნელობის გაზვიადება არ ღირს.

ბოლოს სტატიის ავტორი აცხადებს, რომ მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო თანადგომა საქართველოს ვერ მისცემს პანკისის ხეობაში წესრიგის აღდგენის გარანტიას. თბილისში, წერს როდი სკოტი, იმედოვნებენ, რომ მთაში თოვლი რომ დადნება, ჩეჩენთა დიდი ნაწილი დაბრუნდება სამშობლოში და მათ მცირერიცხოვან რაზმებს საქართველოს ჯარი მოერევა.
XS
SM
MD
LG