Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვინდა თუ არა პრეზიდენტად შევარდნაძე 2005 წლის შემდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ედუარდ შევარდნაძემ 2005 წლის შემდეგაც უნდა განაგრძოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა - ეს იდეა პირველად 2000 წლის იანვარში, შევარდნაძის დაბადების დღის წინა პერიოდში,

გამოთქვა თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ; მერი მესამე საპრეზიდენტო ვადის წინადადებით გამოვიდა. ზოდელავას განცხადებას პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა კატეგორიული პოზიცია შეაგება: ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებაო. გავიდა ორი წელი და სამი წლის შემდეგ პრეზიდენტად შევარდნაძის ხილვა მოისურვა "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯია"-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ, ოღონდ, ბიზნესმენის აზრით, ეს უნდა იყოს არა მესამე საპრეზიდენტო ვადა, არამედ, უბრალოდ, დამატებით ორი წელიწადი. ჭყონიამ ეს აზრი გამოთქვა მსხვილ გადამხდელთა კავშირთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრაზე, სადაც კავშირის წევრებმა თავიანთი ორგანიზაცია პრეზიდენტს დასაყრდენად შესთავაზეს. თემურ ჭყონიას წინადადების წინააღმდეგ არავინ გამოსულა. თავად შევარდნაძემ აზრი თითქოს ხუმრობაში გაატარა, მაგრამ არ უარუყვია. აქვს თუ არა საფუძველი "კოკა-კოლას" პრეზიდენტის ხილვის რეალობად ქცევას?

[კობა დავითაშვილის ხმა]: “მართალი გითხრათ, ვანო ზოდელავას წინადადება იურიდიულად უფრო კორექტული იყო, ვიდრე ბატონ ჭყონიას წინადადება, იმიტომ რომ ის მაინც მესამე არჩევნებს ითვალისწინებდა. ბატონმა ჭყონიამ არჩევნები ზედმეტად მიიჩნია და პირდაპირ გაუგრძელა უფლებამოსილება. ეს არის ქვეყნის თურქმენიზაციის მოთხოვნა და ძალიან უცნაურია, როცა “კოკა-კოლას” პრეზიდენტი, ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი აქ, ქვეყნის თურქმენიზაციას ითხოვს”.კობა დავითაშვილმა არ ისურვა საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების იურიდიულ მექანიზმებზე ლაპარაკი. ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი უარყოფს ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რადგან ამის ნებას მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა [ასათიანის ხმა]: “თავის საწარმოში არ იზამს ჭყონია ასეთ რამეს. როგორც წესი და რიგია, ისე უნდა იყოს: უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია; პრეზიდენტს კი მინისტრთა კაბინეტის შემოღებაც არ უნდა. ჭყონია გულწრფელად იტყოდა ამას, ის დიდ პატივს სცემს პრეზიდენტს. პატივს მას მეც ვცემ, მაგრამ ეს ყველაფერი - პატივისცემა, სიმპათია თუ ანტიპათია მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში. დღევანდელი კანონმდებლობა ამის არანაირ საფუძველს არ იძლევა”.

ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი გიორგი თარგამაძე “ჭყონიას ვარიანტზე” ლაპარაკის დროს იხსენებს პრეცედენტს, როგორ გაუგრძელდათ ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოებს საქართველოში მოქმედების ვადა და ეს სულაც არ მომხდარა კონსტიტუციასთან შესაბამისად: საქართველოს პარლამენტმა შარშან მხარი დაუჭირა 1998 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის სამი წლით არჩეულ ორგანოთა შემდგომ ფუნქციონირებას. ახლაც ისეთი პირი უჩანს, რომ ადგილობრივი არჩევნები ივნისში არ ჩატარდება და საკრებულოები საქმიანობას გაურკვეველი ვადით გააგრძელებენ. გიორგი თარგამაძის აზრით, [თარგამაძის ხმა] “ამ პრეცედენტების შექმნა პრობლემას მხოლოდ თვითმმართველობის უკეთესად განხორციელების შესაძლებლობას კი არ უქმნიდა, არამედ დღეს უკვე სხვებს გაუჩნდათ აზრი, თუკი შეიძლება თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება გაგრძელდეს ვიღაცის კენჭისყრის შედეგად, რატომ არ შეიძლება, გაუგრძელდეს უფლებამოსილება პარლამენტს და სულ არ არის საჭირო არჩევნები ერთ წელიწადში... რატომ არ შეიძლება, იმავე პრეზიდენტს გაუგრძელდეს ორი წლით ეს ვადა”... გიორგი თარგამაძე ფიქრობს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, თუ არჩევნები არ დაინიშნება მთელ ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ფორმით საკითხი არ წამოიჭრება.

საგანგებო მდგომარეობის შანსს ვერც დეპუტატი მიხეილ ნანეიშვილი ხედავს. მისი აზრით, თუ ასეთ შემთხვევებს გაითვალისწინებს კონსტიტუცია, ის დასუსტდება და კონსტიტუციით მანიპულირების მექანიზმები ლეგალურ ძალას შეიძენს. [ნანეიშვილის ხმა]: “რასაკვირველია, პრეზიდენტი ამას არ მიიღებს, რადგან ეგ არის სრული სკანდალი”.
XS
SM
MD
LG