Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელ მიმოხილვაში რამდენიმე საკითხს შევეხებით და პირველ რიგში შემოგთავაზებთ გაზეთებში ”გარდიანსა” და ”ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიებს,

რომლებიც პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების ფონზე რუსეთის, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობას ეხება. როგორც ”ლოს ანჯელეს ტაიმსი” აღნიშნავს, არაბ მოიერიშეთა ბანდის ყოფნა პანკისში საკმარისი საბაბი გახდა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები 64 მილიონი დოლარით დახმარებოდა საქართველოს ტერორისტებთან საბრძოლველად. გაზეთი განაგრძობს:

ამერიკელი დიპლომატი ფილიპ რემლერი თებერვალში ამტკიცებდა, რომ ავღანეთიდან საქართველოში ათობით მოიერიშე, მათ შორის ”ალ-ყაიდის” წევრებიც გაიქცნენო. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სულ ათი-თორმეტი არაბია პანკისში. ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უკვე ჩასულია საქართველოში ოთხი ქართული ანტიტერორისტული ბატალიონის მოსამზადებლად. სულ ამ პროცესში ორასამდე ამერიკელი ინსტრუქტორი მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, მთებში მყოფი არაბები არა მარტო შეერთებულ შტატებს, ანდა საქართველოს, არამედ რუსეთსაც უქმნიან რეალურ საფრთხეს. საქართველოს უშიშროების სამსახურის მონაცემებით, არაბი მეომრები თოვლის გადნობას ელოდებიან, რათა ჩეჩნეთში გადავიდნენ და შეუერთდნენ იქ მეომარ სეპარატისტებს. ათასობით ჩეჩენი ლტოლვილის გარდა პანკისში, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ასზე მეტი ადგილობრივი ბანდიტი და ასობით შეიარაღებული ჩეჩენია. ამას წინათ, საქართველომ საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოაწყო პანკისის ხეობის შესასვლელში და რამდენიმე დამნაშავეც დააპატიმრა, მაგრამ როგორც ქართველმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ქრთამი, ასი დოლარის ოდენობით საკმარისია იმისთვის, რათა უმტკივნეულოდ განვლოთ ნებისმიერი საკონტროლო პუნქტი. საქართველოში, პანკისის პრობლემაზე საუბრისას, კავკასიაში დამკვიდრებული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას მოიხსენიებენ. ”ჩეჩნები მოვიდნენ და ცხოვრობენ აქ თავიანთი ცხოვრებით, და არავინ ეკითხება მათ - ომობდნენ ისინი თუ არა”-ამბობს სოფელ დუისის მკვიდრი 65-წლის აჰმედ მარგოშვილი. არაბები მას სოფელში არ უნახავს: ”ისინი ცოტანი, სულ რამდენიმე კაცია; საიდან მოვიდნენ და რისთვის, არ ვიცი. ისინი არავის ეხებიან, თუ ვინმესთანა აქვთ ანგარიში გასასწორებელი, ეს ჩვენ არ გვეხება”-ამბობს დუისის მკვიდრი. უშიშროების სამსახურის ახმეტის განყოფილების უფროსის, დავით ლორთქიფანიძის თქმით, არაბები ჯერ კიდევ ავღანეთში ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებამდე, სექტემბერში გამოჩნდნენ პანკისში. თავად ხეობაში ამჟამად სიმშვიდეა, მაგრამ იგრძნობა დაძაბულობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო, რუსეთის გავლენისაგან ცდილობს თავის დაღწევას. მაგრამ, შეერთებულ შტატებთან კავშირების, აგრეთვე განვლილი ხუთი წლის მანძილზე მისგან მიღებული 900 მილიონი დოლარის დახმარების მიუხედავად, საქართველო უძრაობის ჭაობშია ჩაფლული, რაც უწინარესად რესპუბლიკაში გამეფებული არნახული კორუფციით, აგრეთვე მთავრობის, პოლიციისა და ჯარის არაკომპეტენტურობითაა განპირობებული”.

ხოლო გაზეთ ”გარდიანის” მიმომხილველი იან ტრეინორი იმ გართულებებზე ამახვილებს ყურადღებას, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახალმა სტრატეგიულმა თანამშრომლობამ რომ გამოიწვია. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

”საქართველო დადგა არჩევანის წინაშე: მოსკოვის ბატონობა და შემდგომი დამოკიდებულება მასზე, ანდა ვაშინგტონთან თანამშრომლობა და მისი თანადგომა. რუსეთი და ამერიკა წლების მანძილზე, სტრატეგიული მნიშვნელობის, საქართველოს ტერიტორიას ეცილებიან ერთი მეორეს. მაგრამ 11 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმამ შეცვალა ძალთა თანაფარდობა და ამერიკელებისთვის ამჯერად ღიაა საქართველოს კარი, ხოლო რუსები – სტოვებენ ამ რესპუბლიკას. ამერიკელებმა სამხედრო მრჩევლები გააგზავნეს საქართველოში, რათა ადგილობრივი ჯარი მოამზადონ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად. მაგრამ, ზოგიერთი მიმომხილველი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს სამხედრო სარდლობამ შესაძლოა ისარგებლოს ხელსაყრელი შემთხვევით და სცადოს აფხაზეთის დაბრუნება, აფხაზეთისა, რომელიც იქ განთავსებულ რუს ”მშვიდობისდამცველთა წყალობით, ფაქტობრივად - დამოუკიდებელი რეგიონია. როგორც დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, აფხაზეთის კონფლიქტი ვერ მოგვარდება სამხედრო ძალის გამოყენებით, და რომ კატასტროფული შედეგებია მოსალოდნელი, თუკი ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარი რუს მშვიდობისდამცველებს შეებრძოლება აფხაზეთში”.

გაზეთი ”ტაიმსი” ჩეჩნეთის პრობლემას უბრუნდება. ”დაშინებული პრესა” – ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

”ანნა პოლიტკოვსკაია – რუსეთის გარეთ ეს გვარი ნაკლებადაა ცნობილი. ამ ადამიანის არსებობის შესახებ არ ეცოდინებოდათ თავად რუსეთშიც, ყველაფერი რომ ისე მიდიოდეს, როგორც ბატონ პუტინს მოესურვება. პოლიტკოვსკაიას რეპორტაჟები ჩეჩნეთში გამეფებული კორუფციისა და რუსი ჯარისკაცების სისასტიკეზე, დღეს ფაქტობრივად ერთადერთი წყაროა სარწმუნო ინფორმაციისა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში. პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტური საქმიანობა რეალურ საფრთხესთანაა დაკავშირებული. ჩეჩნეთში მისი 40 მივლინების დროს პოლიტკოვსკაიას აშინებდნენ, აკავებდნენ, გაუპატიურებითა და მოკვლით ემუქრებოდნენ; მას რამდენჯერმე მოუხდა რუსეთის დატოვება, როცა მოსალოდნელი ავტოკატასტროფის შესახებ მიიღო გაფრთხილება. მაგრამ, უწინდელი თაობის დისიდენტების დარად, პოლიტკოვსკაია განაგრძობს სიმართლის თქმას. ხუთშაბათს, პრესის თავისუფლების დამცველმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ”ინდექს ოვ სენსორშიპმა” ”სიტყვის თავისუფლების ყველაზე მამაცი დამცველის” ჯილდოთი აღნიშნა ანნა პოლიტკოვსკაიას დამსახურება. აწ განსვენებული ანდრეი სახაროვის მსგავსად, პოლიტკოვსკაია ვერ შეურიგდა ჭეშმარიტების დამახინჯებას და მარტოდ დაუპირისპირდა სახელმწიფოს. მას არა აქვს პოლიტიკური პროგრამა, თავის რეპორტაჟებში პოლიტკოვსკაიას ექსტრემიზმი, დამნაშავეობასთან მეამბოხეთა ლიდერების კავშირები გამოაქვს სააშკარაოზე. მაგრამ, ჟურნალისტი წერს წვევამდელთა ცუდი მომზადების, არასათანადო აღჭურვილობის, დაბალი დისციპლინის, სამხედროების მექრთამეობის, მოქალაქეთა გატაცებაში მათი თანამონაწილეობის, მშვიდობიან მოქალაქეთაგან ფულის გამოძალვის, მკვლელობების შესახებაც, რის დამალვასაც დიდის მონდომებით ცდილობს ფედერალური ჯარის სარდლობა. პრეზიდენტმა პუტინმა ბევრს მიაღწია გასულ წელს. მან სტაბილურობა მოუტანა ქვეყანას, აამაღლა ცხოვრების დონე, გაატარა მნიშვნელოვანი საგადასახადო, იურიდიული და მიწის რეფორმები, დასავლეთისკენ მოაბრუნა რუსეთი და ანტიტერორისტულ კოალიციას შეუერთდა. თუმცა, ყოველივე ეს პრესისა და პიროვნულ თავისუფლებათა ხარჯზე მოხდა. განახლდა საბჭოთა პერიოდის დროინდელი თვითცენზურა ჟურნალისტებისა. დაიხურა დამოუკიდებელი გაზეთები და ტელეარხები. მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთში დიდად არ აღელვებს პრესის თავისუფლება. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია პენსიები და ხელფასი, კორუფციასთან ბრძოლა და დანაშაულობათა აღკვეთა. უმრავლესობა არ ფიქრობს იმაზე, რა ხდება ჩეჩნეთში. რუსეთი კანონიერ ომს აწარმოებს ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ეს სულაც არ ამართლებს იმ ბარბაროსობას, რაც ჩეჩნეთში ხდება. მხოლოდ თავისუფალ პრესას ხელეწიფება საზღვრის გავლება ტერორიზმის წინააღმდეგ კანონიერ ომსა და ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობას შორის”.

როგორც გაზეთი ”გარდიანი” აღნიშნავს, ევროპისა საბჭოს, აგრეთვე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორის, კარლა დელ პონტეს მიერ წამოყენებულ წინადადებას, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს ის პირები, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა ჩეჩნეთში, მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში.
გაზეთი წერს:

თითქმის სამმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ომი გააჩაღა ჩეჩნეთში, და მთელი ამ ხნის მანძილზე მოსულმა ინფორმაციამ რუსი სამხედროების მიერ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევების შესახებ აიძულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ფრენკ ჯადი, კონკრეტული ზომები მიიღოს იმისთვის, რათა ის პირები, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა ჩეჩნეთში, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. ფრენკ ჯადმა წამოაყენა წინადადება, რომ ევროპის საბჭოში შეიქმნას ეგრედ წოდებული ”ჩეჩნეთის საკონსულტაციო საბჭო”, რომელშიც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენლებიც შევლენ, რამაც კიდევ უფრო განარისხა კრემლი. ”ჩეჩნეთი არც ბოსნიაა და არც კოსოვო, ხოლო რუსეთი არაა ყოფილი იუგოსლავია”-განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა სერგეი იასტრჟემბსკიმ.

მიმოხილვას დავასრულებთ ავსტრიის გაზეთ ”პრესეში” გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც უკრაინაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. სტატიაში ვკითხულობთ:

”31 მარტს უკრაინელები ახალ პარლამენტს აირჩევენ. ამომრჩეველთა გულის მოგებას 37 პარტია და გაერთიანება ეცილება ერთი მეორეს. თუმცა ქვეყანაში, რომლის ბედი ყოვლისშემძლე ოლიგრქებისა და ავტოკრატი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ხელშია, არჩევნები ვერაფერს შეცვლის. პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, 31 მარტი ფაქტობრივად გენერალური რეპეტიცია იქნება 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა დამოუკიდებელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობას მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა ლოზუნგით ”უკრაინა კუჩმას გარეშე”, ლეონიდ კუჩმას პოზიცია ისე იყო შერყეული, რომ ბევრს მის გადაგომაშიაც არ ეპარებოდა ეჭვი. წინასაარჩევნო კამპანიას კუჩმას მომხრე პარტიები და ინფორმაციის საშუალებები წარმართავენ. პრეზიდენტის მომხრე ბლოკს დღეს მოსახლეობის მხოლოდ 5-7 პროცენტი უჭერს მხარს. თუმცა თავად კუჩმას ალბად კომუნისტებიც, ოლიგარქების პარტია – ეგრედ წოდებული სოციალ-დემოკრატები, აგრეთვე მისივე ინიციატივით დაარსებული პროგრამული პარტიები – ქალები, ”მწვანეები” და სხვები და სხვებიც დაუჭერენ მხარს. თუ უკრაინელ ჟურნალისტს, სერგეი კისელიოვს დავესესხებით, კურაინელი ”მწვანეებისთვის ეს ფერი – დოლარების ფერია", ხოლო კუჩმა ელცინის ნაკვალევზე მიაბიჯებს და ეძებს მემკვიდრეს, რომელიც მას სამუდამო იმუნიტეტით უზრუნველყოფდა”.
XS
SM
MD
LG