Accessibility links

რა არის პოპულარული ქართულ ინტერნეტში


საქართველოში ჯერჯერობით არ განხორციელებულა ინტერნეტის, საინფორმაციო რესურსების გაცვლის ამ შეუზღუდავი საშუალების, ქართული სეგმენტის მარკეტინგული კვლევა.

კავშირგაბმულობის კომპანიები უფრო სამომხმარებლო ბაზრის შესწავლით არიან დაინტერესებულნი და მხოლოდ ინტერნეტთან შეერთების მსურველებს ეძებენ. თავად ვებრესურსების ბიზნესი კი ენთუზიასტების ინტერესების სფეროდ რჩება და მისი განვითარება ჯერჯერობით სერიოზული კომპანიების საქმიანობის სფეროდ არ ქცეულა. მიუხედავად ამ სტიქიურობისა, ქართულ ინტერნეტში მაინც არის ისეთი ვებსაიტები, რომლებიც სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა და ქართული ინტერნეტრესურსების თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს უკანასკნელი საკმაოდ მწირია და მომხმარებელთა მცირე ჯგუფს თუ აკმაყოფილებს. ამიტომაა, რომ ინტერნეტთან მიერთებულ ქართველთა უმრავლესობა მსოფლიო კომპიუტერულ ქსელს გასართობად იყენებს. გართობის ძირითად საშუალებას კი „ჩატი“ - ინტერაქტიური ურთიერთობის, ჭორაობის პროგრამა -წარმოადგენს.

ერთი წლის წინ „ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციამ“ 13-დან 35 წლამდე ასაკის „ჩატის“ მომხმარებელთა გამოკითხვა ჩაატარა. გაირკვა, რომ ქართველებს ინტერნეტში ანონიმურობა მეტისმეტად ხიბლავს. გამოკითხულთა 64% მეტსახელებს იყენებს და თითქმის ყველა იცვლის თავის თვისებებს, სქესს, ასაკს, საქმიანობას, გარეგნობას და ა. შ.

ინტერნეტში გართობის მეორე გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ამ მიზნის დასაკმაყოფილებლად შექმნილი საიტების დათვალიერება. მომხმარებელი, ძირითადად, პოპულარული ქართველი შემსრულებლების აუდიო ფაილებს ეტანება. არც ქართველი ვარსკვლავების ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე ამბობენ უარს და მათი ფოტოების ხილვით იქცევენ თავს. ასეთ საიტებს, ძირითადად, თინეიჯერები სტუმრობენ და მათი აქტიურობის ხარისხი საიტების რეიტინგსაც განაპირობებს.

კომპანია „გრინნეტის“ მიერ მოწყობილ ვებსტატისტისკის სერვისის მონაცემების მიხედვით, სისტემაში გაერთიანებულ წევრებს შორის საპატიო პირველი ადგილი „დი-ჯეი“ ლიზას საიტს უკავია. მისი წარმატების მიზეზად ვებსტატისტიკის ადმინისტრატორი ანტონ სამსონიძე რეკლამას ასახელებს.

[სამსონიძის ხმა] „ლიზას საიტი რომ ავიღოთ, სულ პირველ ადგილზე რომ არის ხომ, იმიტომ ალბათ არ არის, რომ ისეთი ვთქვათ გამოყენებადია, ან სხვებზე ბევრად უკეთესი საიტია ან მასალას შეიცავს, არამედ იმიტომ რომ ყველა რესურსი მაგას არეკლამირებს.
- ასევეა ალბათ თიკა ფაცაციას საიტი, რომელიც გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა.
- ჰო თიკას საიტს დიდი სარეკლამო კამპანია ჰქონდა სანეტის საიტებზე და ამან გამოიწვია ამხელა პოპულარობა.“[სტილი დაცულია]

ამ საიტების პოპულარობის მაჩვენებელი დამთვალიერებელთა ყოველდღიური რაოდენობაა, თუმცა საიტზე ახალს რომ ბევრს ვერაფერს პოულობენ, ამაზე მეტყველებს დათვალიერებული გვერდების ოდენობაც, რომელიც სტუმართა რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი არ არის ხოლმე.

სულ სხვა სურათია საძიებო და საცნობარო საიტების სტატისტიკაში. მაგალითად, თუ ქართული ლინკების კატალოგი „ქართული კომი,“ სტუმართა რაოდენობის მიხედვით, მერვე ადგილზეა, გაცილებით დიდია დათვალიერებული გვერდების რაოდენობა, ყველაზე პოპულარულ საიტებთან შედარებითაც კი. ანტონ სამსონიძის თქმით, ასეთი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, იმითაა გამოწვეული, რომ მომხმარებელი აქტიურად იყენებს საძიებო სისტემას მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძებნად, ხოლო, მეორე მხრივ, სტუმართა მცირე რაოდენობა ნაკლები რეკლამის შედეგია, რაც დროთა განმავლობაში რადიკალურად შეიცვლება.

ქართული ვების სტატისტიკამ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია აჩვენა. [სამსონიძის ხმა] „ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ, თუ კაცი ინტერნეტში მუშაობს, ქართველი კაცი, ის აუცილებლად ეძებს ახალ სამსახურს, რაც არ უნდა სამსახურში იყოს. სულ 2 საიტია - ჯობ ჯი-ი და ჯობს ჯი-ი - და ორივე პირველ ოთხეულში შედის სტაბილურად.“

ვებ სტატისტიკის სერვისის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ინტერნეტის მომხმარებელი გაცილებით ნაკლებად ეტანება ელექტრონულ გაზეთებს. მათი აუდიტორია, ძირითადად, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან, რომელთაც სამშობლოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ინფორმაცია აინტერესებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შედეგები შორს დგას ბაზრის სურათის ობიექტური ასახვისაგან, რადგან ქართული ინტერნეტრესურსები ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება. შესაბამისად, მას არა აქვს საშუალება საკუთარი რეკლამა დააფინანსოს. ეს სახსრები არასდროს გაჩნდება, თუ თავად ინტერნეტრესურსებში რეკლამა არ ჩაიდო. რეკლამის დამკვეთს კი ვებსაიტების პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა იზიდავს. შესაბამისად, ამ სფეროს გასავითარებლად საჭიროა ბაზრის ამსახველი სერიოზული ინფორმაცია. მისი შეგროვება მხოლოდ ვებსტატისტიკას არ შეუძლია. ანტონ სამსონიძის განცხადებით, სოციოლოგიურ სამსახურ „გორბისთან“ ერთად უახლოეს მომავალში კომპლექსური კვლევის ჩატარებას აპირებენ, რაც უფრო ნათელს გახდის ქართული ინტერნეტის მომხმარებელთა ინტერესების სფეროს და მსოფლიო ქსელის ქართული სეგმენტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG