Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დააკმაყოფილა თბილისის პოლიციის უფროსის კახა ბაკურაძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

თბილისის ყოფილი შერიფის განმარტებით, ამ დემარშით მას პოლიციაში არსებული უმძიმესი მდგომარეობისთვის ყურადღების მიპყრობა სურდა.

თბილისის პოლიციის უფროსებმა თანამდებობიდან წასვლის უჩვეულო ტრადიციას დაუდეს სათავე. თავად განსაჯეთ - კახა ბაკურაძის წინამორბედი, თბილისის პოლიციის უფროსი სოსო ალავიძე 7 თვის წინ თანამდებობიდან, ასევე, იმ მიზეზით წავიდა, რომ ვერ გაუძლო პოლიციაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. მაშინ სწორედ ასე ახსნა თავისი თანამშრომლის მიერ, გათავისუფლების თხოვნით, განცხადების დაწერის მიზეზი შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა კახა თარგამაძემ.
ახლა უკვე კახა ბაკურაძე აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია ისეთ პირობებში მუშაობა, როცა პოლიციას არა აქვს საამისოდ ელემენტარული პირობები - ბენზინი, ავტომობილები, ხელფასი და ა.შ. და ა.შ. მისი განმარტებით, თანამდებობიდან წასვლით ის ცდილობს ხელმძღვანელობის ყურადღება მიაპყროს პრობლემებს, რომელთა გადაუჭრელედაც პოლიციელები საზოგადოების დაცვის ამოცანას, უბრალოდ, ვერ შეასრულებენ.
ისევე, როგორც თავის დროზე სოსო ალავიძის საკუთარი ნებით წასვლამ გამოიწვია დიდი ეჭვი, არც კახა ბაკურაძის თვითგანწირვის აქტი გამოიყურება ახლა მაინცდამაინც დამაჯერებლად, განსაკუთრებით, იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც წინ უძღოდა თბილისის აწ უკვე ყოფილი შერიფის მიერ თანამდებობის დატოვებას. როგორც გახსოვთ, ამ კვირაში განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება, ფეხბურთელ ლევან კალაძის ძმის გატაცებასთან დაკავშირებით. ამ კვირაში ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ახლობლები შინაგან საქმეთა მინისტრს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ და, როგორც ამბობენ, საუბარი საკმაოდ მძიმე იყო. შეხვედრიდან გამოსული ვეტერანი ფეხბურთელები აცხადებდნენ, რომ მათ მინისტრს კონკრეტული თანამდებობის პირების მოხსნა ურჩიეს.
დაახლოებით ათი დღის წინ საკადრო ცვლილებების რჩევით შინაგან საქმეთა მინისტრს საჯაროდ პარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ბატონი კობას ყურადღება მინდა მივაქციო იმასაც, რომ, პრაქტიკულად, შინაგან საქმეთა სამინისტროზე რკინის კაცის კონტროლი არის ისევ სერიოზული. ის მოადგილეები, ვინც მან დატოვა, პირდაპირ ინსტრუქციებს იღებენ თარგამაძისგან. და კახა თარგამაძე დღესაც, თავისი კორუმპირებული კლანით, აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სერიოზულ ნაწილს.”

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება, რადგან საეჭვოა, მინისტრი ყოფილი მინისტრის ჩრდილქვეშ მუშაობის პერსპექტივამ მოხიბლოს.
XS
SM
MD
LG