Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის სამხედრო დახმარება და საქართველოს არმიის გადაუჭრელი პრობლემები


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით,

ამერიკელ ინსტრუქტორთა და სპეცრაზმელთა პირველი ჯგუფის ჩამოსვლის თარიღად მარტის მეორე ნახევარი სახელდებოდა. მაგრამ კვირის ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, მათი ჩამოსვლის თარიღი გასაიდუმლოვდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალია და იგი საქართველოს სამხედრო ძალების ანტიტერორისტული სამზადისის პროცესზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. გაცილებით დამაფიქრებელია, საქართველოს არმიისა და მთლიანად სამხედრო ძალების წინაშე მდგარი სიღრმისეული პრობლემები, რომელთა მოუგვარებლობის შემთხვევაში მზარდი დასავლური დახმარება, შესაძლოა, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.

მარტის მეორე დეკადაში ქართველმა სამხედროებმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მორიგი სამხედრო დახმარება მიიღეს. თავდაპირველად სანუკვარი ტვირთის მფლობელი გახდა თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც, ეგრეთ წოდებული ბიკროფტის ინიციატივის ფარგლებში, დეფიციტური განაღმვითი საშუალებები, მათ შორის - მესანგრეთა დაჯავშნული ფორმები, კავშირგაბმულობის საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა და "უაზ"-ის ტიპის საავტომობილო ტექნიკა გადაეცა.

მოგვიანებით კი, ასევე ყოველწლიური დახმარების ფარგლებში, რომელსაც ამერიკის მთავრობა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საბაჟოს ხაზით ახორციელებს, გარემონტებული ანგარი და ან-28 ტიპის მრავალფუნქციური თვითმფრინავი სამხედრო ძალების მეორე სახეობის - საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის - კუთვნილება გახდა.

ქართველი სამხედროები ახალი შენაძენის გამო სიხარულს ვერ მალავდნენ. გარდა იმისა, რომ დახმარების საერთო მოცულობა რამდენიმე მილიონ დოლარს აღწევს, ამერიკულმა მხარემ იმაზეც იზრუნა, რომ ქართველ მესაზღვრეებსა და მესანგრეებს საჩუქრის ათვისებაზე დრო არ დაეკარგათ და მათ მთლიანად რუსული წარმოების ტექნიკა შეურჩია.

თუმცა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა შინაარსით ამერიკული, მაგრამ ფორმით რუსული დახმარების უკან გარკვეული ტენდენცია ამოიკითხეს. პირველ ყოვლისა, ასეთი დახმარება ბევრად უფრო იაფი უჯდება დონორ მხარეს, ვინაიდან ქართველი მფრინავები კარგად ფლობენ რუსული წარმოების ტექნიკას და არ არის საჭირო მათ გადამზადებაზე ფულისა და დროის დახარჯვა, როგორც ეს ამერიკული ვერტმფრენების პროგრამის შემთხვევაში იყო. აქედან გამომდინარე, ორმაგად მოგებული რჩება ქართული მხარე, რადგან ასეთი ფორმით დახმარება, ჯერ ერთი რომ, უფრო ოპერატიულია და, მეორეც - ამერიკის ბაზებზე პილოტების გაგზავნის შემთხვევაში, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უკან ბევრი მათგანი აღარ დაბრუნდეს, ანდა სამუშაო უფრო მაღალანაზღაურებად სამოქალაქო ავიაციაში ეძებოს.

თუმცა ეს მხოლოდ პილოტებს არ ეხებათ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროდან წარგზავნილი იმ კონტინგენტიდან, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებისა და ნატოს სხვადასხვა პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში გაიარა საკმაოდ ძვირადღირებული მომზადების პროგრამა, არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ, საერთოდ, სამხედრო საქმესაც ჩამოსცილდა.

დეფიციტური კადრების დენადობის ძირითად მიზეზად კი, როგორც წესი, სახელდება დაბალი ანაზღაურება, რომელიც 1995 წლის დონეზე დარჩა და ვერაფრით აკმაყოფილებს ოფიცერთა და მათი ოჯახის წევრთა მინიმალურ საარსებო მოთხოვნებს.
სამხედრო კარიერაზე გულაცრუების მეორე მიზეზი თავად სახელისუფლებო სისტემის ყველა სეგმენტში და, მათ შორის, სამხედრო უწყებაში გამეფებული კორუფცია, პატრონაჟული ურთიერთობები და ფსევდორეფორმისტული განწყობაა, რასაც ყველაზე მტკივნეულად, პირველ ყოვლისა, სწორედ ახალგაზრდა ოფიცრები განიცდიან.

სამწუხაროდ, სიტუაციის მთელ ამ უბადრუკობას ვერ გაანეიტრალებს ბრწყინვალება დასავლური სამხედრო დახმარებისა, რასაც, როგორც ჩვენს რეპორტაჟებში არაერთხელ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება ლამის საკუთარი რეფორმისტული პოლიტიკური კურსის კიდევ ერთ აღიარებად აცხადებს.

ალბათ, ძნელია, საქართველოს ხელისუფლებას ერთბაშად მთელი ადმინისტრაციული სისტემის რადიკალური გაჯანსაღება მოსთხოვო, მაგრამ ასევე ძნელია რეფორმა დაარქვა იმას, როდესაც ხელისუფლების ორგანოები და კომისარიატები არმიას გასაწვევი კონტინგენტის ნახევარსაც ვერ აწვდიან, როდესაც სამხედრო ნაწილებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო დეზერტირთა არმიას ყოველწლიურად ასობით სამხედრო მოსამსახურე ემატება.
ამ მხრივ, ყველაზე საგანგაშო ინციდენტი, სწორედ ამერიკელი სამხედროების საქართველოში ჩამოსვლის კვირაძალზე, მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში მოხდა.

აღმოჩნდა, რომ იმ ნაწილშიც კი, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ანტიტერორისტული ოპერაციისთვის უნდა გაწვრთნან, მთელი რიგი საყოფაცხოვრებო საკითხებია მოუგვარებელი. კერძოდ, ჯარისკაცებმა დროულად ვერ მიიღეს სუფთა თეთრეული, ხოლო კვების რაციონით განსაზღვრული კალორია საკმარისი არ ყოფილა, რათა ჯარისკაცებმა დახარჯული ენერგია აღიდგინონ. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სამხედრო ნაწილის ტერიტორია 20 მარტს 41 სამხედრო მოსამსახურემ მიატოვა.

ბუნებრივია, რომ ჯარისკაცთა მოთხოვნები სამართლიანია და ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვის გამო მათ სასჯელი არ დასდებიათ. მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა გეჩვენოთ, თავდაცვის სამინისტროს უჭირს, ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდოს შესაბამის სამსახურებსაც, რადგან, როგორც ირკვევა, ხაზინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველ კვარტალში უკვე 2 მილიონი ლარი დააკლო, ხოლო შიდა რეზერვები თითქმის ამოიწურა. შარშანდელ წელთან შედარებით, გაუარესდა სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაც და მეორე თვე გადის, რაც ქართველ ოფიცრებს კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტი გეგმის გადაჭარბებით სრულდებოდა, არმიისადმი ასეთი უყურადღებობა ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი იყო, ვინც ამერიკელების ჩამოსვლის დროს პროვოკაციის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლებამ კი, რომელიც პრობლემას ყოველთვის სხვაგან ეძებს, პროვოკაციის საშიშროებას მაშინვე შესაბამისი პოლიტიკური ახსნა მოუძებნა და თითი ჩრდილოეთისკენ გაიშვირა.
მაგრამ არავის გახსენებია ეკითხა, რომელ პროვოკაციაზე ნაკლებია ჯარისკაცების იმ დონემდე მიყვანა, როცა ისინი იძულებულნი ხდებიან სამხედრო ნაწილი მიატოვონ?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG