Accessibility links

logo-print

შეთანხმება სერბია-ჩერნოგორიის ახალი, თავისუფალი ფედერაციის შექმნის თაობაზე


ანდრო ეული, პრაღა 14 მარტს ბელგრადში, სერბიისა და ჩერნოგორიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომლითაც დასრულდება იუგოსლავიის არსებობა და მის ნაცვლად ახალი,

”სერბიისა და ჩერნოგორიის” სახელმწიფო შეიქმნება. ეს შეთანხმება იუგოსლავიის, აგრეთვე მისი ორივე რესპუბლიკის პარლამენტების მიერ უნდა იქნეს რატიფიცირებული, თუმცა მიმომხილველებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ამ შეთანხმების წყალობით ჩერნოგორიასა და კოსოვოში ბოლო მოეღება დამოუკიდებლობისათვის მოძრაობას. მოუსმინეთ.

იუგოსლავიის ფედერაციის, აგრეთვე სერბიისა და ჩერნოგორიის პარლამენტებმა ივნისის ბოლომდე უჯნდა მოახდინონ ხსენებული შეთანხმების რატიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა გადადგომით დაიმუქრა. მან თქვა, რომ ბელგრადში დადებულმა შეთანხმებამ ”ბალკანეთში დეზინტეგრაციის პროცესი შეაჩერაო”. ასეთივე აზრი გამოთქვა ამ შეთანხმების მთავარმა ინიციატორმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამაც.

ჩერნოგორიის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა აღუთქვა ამომრჩევლებს, რომ რესპუბლიკაში 2002 წლის პირველ ნახევარში მოეწყობოდა დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი. ხოლო 14 მარტს ბელგრადში, როცა მან ხსენებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ ამომრჩევლები არ უნდა იყონ იმედგაცრუებულები რეფერენდუმის გადადებით, და დასძინა, რომ არ შეწყვეტს ძალისხმევას, რათა მისი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი.

ამასობაში, ჩერნოგორიის ლიბერალური ალიანსის პარტიამ პროტესტი გამოთქვა ბელგრადში დადებული შეთანხმების გამო და განაცხადა, რომ სამთავრობო კოალიციიდან გამოდის. ”ჩერნოგორიამ ამ შეთანხმებით ახალი ფედერაცია მიიღო დამოუკიდებლობის საკითხზე
დაპირებული რეფერენდუმის ნაცვლად. მინდა შეგახსენოთ, რომ ჯუკანოვიჩის სოციალისტთა დემოკრატიულმა პარტიამ, ამ აქციით, საკუთარი პროგრამა დაარღვია და იმედი გაუცრუა ხალხს, ვინც ჩერნოგორიის დამოუკიდებლობას მისცა ხმა”-განაცხადა პრეს-კონფერენციაზე პოდგორიცაში ლიბერალური ალიანსის პარტიის ლიდერმა მიოდრაგ ზივკოვიჩმა.

როგორც ეთნიკურ ურთიერთობათა საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა ალექს გრიგორიევმა აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა დააჩქარეს სერბიასა და ჩერნოგორიას შორის შეთანხმების დადება, რათა ბალკანეთში დამოუკიდებლობისათვის დაწყებული მოძრაობა ეგრედ წოდებულ ”დომინოს ეფექტში” არ გადაიზარდოს: [ალექს გრიგორიევის ხმა] ”ევროკავშირსა და შეერთებული შტატების მთავრობას აფრთხობს რაღა თქმა უნდა ”დომინოს ეფექტი”. საქმე იმაშია, რომ თუ ჩერნოგორია იუგოსლავიას გამოეყო, ბალკანეთში - ჯაჭვური რეაქცია დაიწყება. იუგოსლავიას უცილობლად დატოვებს კოსოვოც, შემდეგ ალბათ, ეთნიკური ალბანელები - მაკედონიას გამოეყოფიან. რა ბედი ეწევა ამის შემდეგ რეპუბლიკა სერბსკასა და ამდენად თავად დეიტონის შეთანხმებას? ვინ იცის, კიდევ რა არის მოსალოდნელი... კვლავაც მრავალი ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს ბალკანეთში. ამდენად მესმის, რატომაა შეშფოთებული ევროკავშირი. თუმცა ვფიქრობ არ იქნება სწორი, თუკი ჩერნოგორიის დამოუკიდებლობა მძევალი გახდება კოსოვოში მიმდინარე მოვლენებისა. კოსოვოელ ალბანელებს საკუთარი დამოუკიდებლობა სურთ იმისდა მიუხედავად, სურს თუ არა ჩერნოგორიას იუგოსლავიის შემადგენლობაში დარჩენა. ამდენად, ჩერნოგორია არ უნდა გახდეს იმის მძევალი, რა სურვილი ამოძრავებს კოსოვოს”.
ნს 031930

გაეროს მიერ 1999 წელს მიღებული 1244-ე რეზოლუციის თანახმად, კოსოვო - იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილია გაეროს დროებით ადმინისტრაციას დაქვემდებარებული. რეზოლუციაში სერბია არაა მოხსენიებული. ხოლო ბელგრადში 14 მარტს დადებული შეთანხმების პირობით, თუ ჩერნოგორია სამი წლის შემდეგ გადაწყვეტს გამოეყოს ახალ კავშირს, სერბია - იუგოსლავიის მემკვიდრე სახელმწიფო გახდება ოფიციალურად. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, რომლებიც იუგოსლავიას ეხება, და განსაკუთრებით გაეროს 1244-ე რეზოლუცია, სერბიას დაუკავშირდება, როგორც მემკვიდრე სახელმწიფოს, რაც იმას გულისხმობს, რომ კოსოვო - სერბიის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.

გაეროს დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელს კოსოვოში სიუზენ მენიუელს მიაჩნია, რომ ახალი შეთანხმება კოსოვოს სტატუსთან არანაირად არაა დაკავშირებული: [სიუზენ მენიუელის ხმა] ”ჩვენი რწმენით, თუ სერბია და ჩერნოგორია იუგოსლავიის მემკვიდრე სახელმწიფოდ იქნება მიჩნეული, ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს კოსოვოს სტატუსზე”. ნს 031928

კოსოვოელ ალბანელთა პოლიტიკური ლიდერები მხარს უჭერენ ახალ შეთანხმებას. პარლამენტის თავმჯდომარემ ნექსეთ დაჩიმ ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელგრადში დადებულ შეთანხმებას სასიკეთო ძვრები მოჰყვება ბალკანეთის რეგიონში, მაგრამ ”კოსოვოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ - უცვლელი დარჩებაო”.
XS
SM
MD
LG