Accessibility links

დღევანდელ მიმოხილვაში ქვეყნის ზოგიერთ საშინაო პრობლემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელ მიმოხილვაში ქვეყნის ზოგიერთ საშინაო პრობლემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.



19-20 მარტის გაზეთი “ალია” წერს, რომ “ანტიკორუფციული ბიუროს პროექტმა სამინისტროების და დეპარტამენტების შემცირების შესახებ ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო. “სეკვესტრში” მოყოლილი უწყებების პირველი პირები ყველანაირად ეცდებიან არსებობის გახანგრძლივებას, მაგრამ მათი შანსები გოგიაშვილის ამერიკაში ვიზიტის შემდეგ კატასტროფულად შემცირდა. უცხოური ბანკები საქართველოს ხელისუფლებას ინსტიტუციონალური რეფორმის ჩასატარებლად ფულს აძლევენ. ასე რომ, გადაწყდა - მომავალი წლის ბიუჯეტი სეკვესტრირებული სამოხელეო აპარატის ხარჯზე შედგება. შესამცირებელი კი, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი უწყება და დეპარტამენტია. ინფორმაციისათვის: ქვეყანას, დღევანდელი მონაცემებით, 101 ათასი ჩინოვნიკი ჰყავს. ახალი აღწერის შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 მილიონ 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ასე რომ, მარტივი გამოთვლით, 35 ადამიანზე ერთი ჩინოვნიკი მოდის. ექსპერტები ამ მონაცემებს კომენტარს არ უკეთებენ - თავად ფაქტია უკვე კომენტარიო.”

“ამერიკელებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალები ძალიან რადიკალურია და ასეთი პოზიცია მოიწონეს კიდეც”, -განუცხადა “ალიას” ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა. მისი თქმით, სქემა ასეთია - “უნდა დარჩეს ის უწყებები, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე და საქმიანობაზე იქნებიან უშუალოდ პასუხისმგებელნი.”

ამასთან ერთად, მირიან გოგიაშვილი შენიშნავს:

“რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო სახე, ეს არის მუშა დოკუმენტი, რომლის დახვეწაც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამერიკელები, ფინანსური დახმარების გარდა, ექსპერტების გამოგზავნასაც გვპირდებიან. გარდა ამისა, ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დროს იყო საუბარი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმის ამუშავებაზე. რუსეთმა უკვე დაიწყო ამ მექანიზმის ამუშავება. ეს არის საბაჟო და საბანკო სისტემების კანონმდებლობის მოწესრიგება ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებით, ანონიმური ანგარიშების გაუქმება. ყველა ამ საკითხის გარშემო რეკომენდაციები მომზადებული გვაქვს. ამერიკელებმა დახმარების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს, მაგრამ საქმე ჩვენი გასაკეთებელია.”

22 მარტის “დილის გაზეთის” თქმით, “თანამდებობის პირთა მიერ მითვისებული ქონების ხალხისთვის დაბრუნების იდეა მიხეილ სააკაშვილისა და, საერთოდ, “რეფორმატორთა” გუნდის პოპულარობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა. თუმცა მოწონება მხოლოდ ხალხში დაიმსახურა, ხელისუფლებაში კი მას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, როგორც დასაბუთებული, ისე დაუსაბუთებელი არგუმენტების სახით. თავის დროზე “წარუშლელი შთაბეჭდილება” დატოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე აფრიალებული ფოტოებით გამოწვეულმა მინისტრების რეაქციამ. მიუხედავად ამისა, პარლამენტის დღის წესრიგში კანონპროექტის ჩასმა მაინც მოხერხდა. პირველი მოსმენით მისი განხილვა 21 მარტს გაიმართა. მინისტრებისაგან განსხვავებით, დეპუტატთა რეაქცია, შედარებით, ზომიერი იყო. თუმცა თითქმის ყველა საპარლამენტი ფრაქციამ თავად იდეისადმი მხარდაჭერა გამოთქვა. სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან, როგორ შეიძლება ხალხის “რჩეულმა” უკანონოდ მითვისებული ქონების ხალხისთვის დაბრუნების იდეას მხარი არ დაუჭიროს. მაგრამ ამ იდეის განხორციელების ფორმები, როგორც ეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა წარმოადგინა, გარდა თავად “რეფორმატორებისა”, თითქმის ყველასთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საწინააღმდეგო არგუმენტების დასახელებაში ყველაზე დიდი სითამამე ფრაქცია “აღორძინებამ” გამოიჩინა.”

“დილის გაზეთი” გვთავაზობს ფრაქცია “აღორძინების” წევრის, ვალერი გელბახიანის, მოსაზრებას. მისი თქმით, “კანონპროექტის ამოქმედება შეუძლებელია, რადგან ეს არის კონფლიქტის, დაპირისპირების, ანარქიის შექმნის საუკეთესო საშუალება.” ვალერი გელბახიანი ამბობს:

”თუ რაიმე ფასეულობა შეუქმნია მსოფლიო სამართალს, ყველაფერი ყირაზეა დაყენებული, საკუთრების შეძენის უფლების პრინციპები იავარქმნილია. თუ, მაგალითად, მე ქონება შევიძინე, საჯარო რეესტრში გავატარე და გავხდი მესაკუთრე, ამ კანონპროექტით ყველა ეს პროცედურა იგნორირებულია, რადგან შემდეგ მიწევს იმის მტკიცება, თუ საიდან შევიძინე ეს ქონება, რატომ შევიძინე და ასე შემდეგ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკუთრების უფლების მოპოვებამდე. მუხლი ვერ ვიპოვე ამ კანონპროექტში, რომელიც წინააღმდეგობაში არ იყოს მოქმედ კანონებთან და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.”

ვალერი გელბახიანის აზრით, მიუღებელია ისიც, რომ “მოქალაქეს ამა თუ იმ თანამდებობის პირის ქონებაზე სასამართლოში სარჩელის შეტანა მისი ეჭვის საფუძველზე შეუძლია, კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კი მხოლოდ მოპასუხეს მოეთხოვება თავის მართლების მიზნით.”

“რაც შეეხება კანონპროექტის პოლიტიკურ ასპექტს, ეს არის ავანტიურა, ხალხის დაპირისპირების მცდელობა,” - მიიჩნევს პარლამენტარი.

ახლა კი გაგაცნობთ მიხეილ სააკაშვილის თვალსაზრისს, რომელიც ასევე “დილის გაზეთშია” გამოქვეყნებული. კანონპროექტის ავტორი ამბობს:

“პარლამენტში არის ორი კატეგორია. ერთს ნამდვილად სურს კანონპროექტის დახვეწა, მეორენი კი გაურკვეველი კაზუისტური მეთოდების მოგონებით ცდილობენ თქვან, რომ პროექტი არ ვარგა. რამდენიც უნდა იძახონ, რომ ის არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს, ეს არის აბსურდი. ჩვენ შემოვიტანეთ სამი-ოთხი მარტივი პრინციპი, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის გასაგებია. სწორედ ამიტომაც ეწინააღმდეგებიან. თუ ამ პარლამენტში აღმოჩნდა ძალა, რომელიც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, კიდევ აქვს შანსი რაღაცას დაემსგავსოს. თუ ჩავარდა, ესე იგი, მთლიანად გახრწნილები არიან, ეს მათთვის ერთგვარი გამოცდაა.”

23 მარტის პრესა იუწყება, რომ ქართული კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი თემურ ჭყონია გადამხდელთა კავშირში საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა. გაზეთი “ახალი თაობა” წერს, რომ შეხვედრაზე ჭყონიას ინიციატივას ბიზნესმენთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. “ისინი მიიჩნევენ, რომ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადა ასე მცირე დროში არ უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.”

ამასთან ერთად, გაზეთი აღნიშნავს, რომ “პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიიღო ბიზნესმენთა შემოთავაზება პარტნიორობაზე. იგი დათანხმდა, რომ უახლოეს მომავალში მუშაობას განაახლებს საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკისა და ცნობილი ბიზნესმენების მიერ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.”

“ახალი თაობის” კიდევ ერთ წერილში ნათქვამია, რომ თემურ ჭყონიას ინიციატივა უმალ გახდა პარლამენტარების მსჯელობის საგანი. მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, “თემურ ჭყონიას აქვს ძალიან საინტერესო ეკონომიკური ინიციატივები, მაგრამ მისი პოლიტიკური ინიციატივები გამჭრიახობით არ გამოირჩევა.”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე კი მიიჩნევს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში საღი აზრი გაიმრჯვებს: ჩვენი პრეზიდენტიც არ აჰყვება ცდუნებას და თავის დემოკრატიულ იმიჯს, რომლითაც თავს იწონებს, არ შელახავს. თუმცა მე ნაკლებად მჯერა, რომ ის შინაგანად დემოკრატია, მაგრამ დემოკრატის ნიღაბი უკეთია და ასე იოლად არ ჩამოიხსნის მას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.”
XS
SM
MD
LG