Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ერთი სამწუხარო დამთხვევა მოხდა -


გასულ კვირას დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ერთი სამწუხარო დამთხვევა მოხდა - სწორედ იმ დროს,

როცა ქართულმა მედიამ თბილისის მხატვრული სახის დამახინჯების, უკანონო მშენებლობების შესახებ დაიწყო მსჯელობა, საზოგადოებამ გამოჩენილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის, ,გარდაცვალების ამბავი შეიტყო. ჯანსუღ კახიძის შემდეგ ეროვნულმა კულტურამ კიდევ ერთი პროფესიონალი დაკარგა. იგი დააკლდა, პირველ რიგში, დედაქალაქს, რომლის მხატვრული სახის შექმნაში თავის დროზე ამაშუკელმაც მიიღო მონაწილეობა. ის ხალხი, ვინც დღეს შეშფოთებას გამოხატავს ქალაქთმშენებლობის კომპლექსის სივრცობრივი ერთიანობის დარღვევის გამო, ნოსტალგიით იგონებს 50-იანი წლების მიწურულს, როცა ჯერ კიდევ ითვალისწინებდნენ ნაგებობათა მასშტაბის, რიტმის, მოდულის ერთობლიობას და როცა ამ საერთო ანსამბლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქანდაკებაც იყო. იგონებს თუნდაც ვახტანგ გორგასლის ძეგლის კონკურსს, რომელშიც საუკეთესო მოქანდაკეებმა მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გაიმარჯვა ახალგაზრდა კაცმა, ელგუჯა ამაშუკელმა. თუმცა ეს მისი პირველი დიდი გამარჯვება არ იყო - ერთი წლით ადრე თბილისში ამაშუკელის “ქართლის დედა” დაიდგა - ქანდაკება, რომელიც დღეს არა მარტო ხელოვნებათმცოდნეებს, არამედ ფსიქოლოგებს (პირველ რიგში, ეთნოფსიქოლოგებს), ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ვახტანგ გორგასალს - ამ შემთხვევაში ამაშუკელის პროექტის გამარჯვება წმინდა მხატვრული ამოცანის, უფრო სწორად, “ამოცანების’ წარმატებით გადაწყვეტამ განაპირობა: ჯერ ერთი, არ არსებობდა რა გორგასლის იკონოგრაფია, ამაშუკელმა ვახტანგ გორგასლის განზოგადებული სახე შექმნა, რომელიც საზოგადოებამ უპრობლემოდ მიიღო; მეორეც, ელგუჯა ამაშუკელმა აქ “გამოასწორა” შეცდომა, რომელიც “ქართლის დედის” ქანდაკებაში დაუშვა - ძეგლის, როგორც მხატვრული ნაწარმოების და არა “ქვის მონსტრის,” აღქმა შესაძლებელი გახდა შორიდანაც და ახლო წერტილიდანაც; ვახტანგ გორგასლის ქანდაკება ჰარმონიულად შეერწყა როგორც მეტეხის ტაძარს, აშენებულს შუა საუკუნეებში, ისე - საკმაოდ რთულ რელიეფს და შექმნა, სივრცის თვალსაზრისით, მრავალფეროვანი ანსამბლი, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხატად ითვლება. მაგრამ ბოლო დროს დედაქალაქში, ყველაფერთან ერთად, ამ ხატებსაც შეუტიეს, რასაც, ბუნებრივია, ადვილად ამჩნევს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. გასულ კვირას “ნეზავისიმაია გაზეტას” ლიტერატურულ დამატებაში რუსებმა უკვე საქართველოს დედაქალაქის დღევანდელი მხატვრული სახეც აბუჩად აიგდეს. რუსი ჟურნალისტისთვის, რომელმაც თბილისში იმოგზაურა, თბილისის სიმბოლო ლტოლვილებით დასახლებული სასტუმრო “ივერიის” შენობა გახდა. ქართველ მხატვრებსა და არქიტექტორებს სწყინთ, როცა დედაქალაქის მხატვრულ სახეზე ქილიკობენ, მითუმეტეს, რუსები. მაგრამ თბილისის ნგრევა და უკანონო მშენებლობები ისევ გრძელდება.

თუმცა დროდადრო ეროვნულ კულტურაში (და არა მარტო კულტურაში) შექმნილი სიტუაციის მიმართ თავად ქართული კულტურის მუშაკებიც ქილიკობენ ხოლმე. ამ კვირაში “პოლიტიკურ-კულტურული ოინბაზობა” გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მთავარმა რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა სცადა. მის მიერ დაარსებულ “თავისუფალ თეატრში”, რუსების გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, “კაპუსტნიკი” მოეწყო. არ ვიცი, მოიპოვება თუ არა ქართულში ამგვარი თეატრალური მასხარაობის, “პამპულობის” აღმნიშვნელი სიტყვა, მაგრამ “კაპუსტნიკებს” რომ სიამოვნებით დგამენ ჩვენში - ეს ფაქტია. რამდენიმე წლის წინ ავთო ვარსიმაშვილი “სარდაფის თეატრიდან” წამოვიდა და დაგვპირდა, რომ ახალ თეატრალურ სივრცეში იგი აბსოლუტურად განსხვავებულ სპექტაკლებს დადგამდა. “სარდაფი” სწორედ “კაპუსტნიკებში” დახელოვნდა - იმხანად, როცა ახალგაზრდა მსახიობები ‘სარდაფელთა” საკმაოდ ხშირ პრემიერებზე იმპროვიზაციის ნიჭს ამჟავნებდნენ, ერთობოდნენ და პუბლიკასაც ართობდნენ, ვარსიმაშვილის “თავისუფალმა თეატრმა” ტრაგედიების დადგმა დაიწყო, აატირა მაყურებელი და, გარკვეული თვალსაზრისით, “წაართვა” კიდეც პუბლიკა სარდაფს.

როგორც ჩანს, “სარდაფელთა ჟანრს” ვარსიმაშვილი მაინც ვერ ელევა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კვირაში, “თავისუფალ თეატრში’ გამართულ პრემიერაზე, “სარდაფის კომბოსტოს” მან ნიღაბი შეუცვალა - ლანზღანდარობა თემაზე “პროვოკაცია” ტრაგიკომიკური აბსურდის ჟანრში დაიდგა. ორმოქმედებიან წარმოდგენაში სამი მსახიობი - რამაზ იოსელიანი, სლავა ნათენაძე და ნიკო გომელაური ჯერ თავიანთ, არც თუ სახალისო, ბიოგრაფიას გვიამბობენ, მერე კი ამ ქვეყანაზე, პირველ რიგში კი, ხელისუფლებაზე გაბრაზებულები, მაყურებელზე იყრიან ჯავრს - ხან წყალს ასხამენ პარტერის პირველ რიგებში მოკალათებულ, საპრემიეროდ გამოპრანჭულ პუბლიკას და ხანაც - საპნის ქაფს. დროდადრო კი გრძელ და არცთუ ისე სასაცილო მონოლოგებს წარმოთქვამენ. [ჩართვა]

პირადად მე ბედმა გამიღიმა და “თავისუფალი თეატრის” პროვოკაციას იარუსის პირველი რიგიდან ვუყურე. როგორც ჩანს, საუკეთესო ადგილი სწორედ მე მერგო... და არა მარტო იმიტომ, რომ გაწუწვას გადავურჩი. ამ ადგილიდან კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდა შეშინებული მაყურებელი თავის დაცვას ცელოფნის გადასაფარებლით, რომელიც პუბლიკას აქ სპექტაკლის დაწყების წინ გადასცეს. ამ თავისებურმა “პოლიეთილენის ტალღამ” გააცოცხლა დარბაზის სივრცე და “პროვოკაცია” საყურებლად უფრო სახალისო გახადა (ყოველ შემთხვევაში, ზემოდან). თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უარი განაცხადეს თამაშზე. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, “პროვოკაცია’ გააპროტესტეს თავად თეატრალებმა. მეორე მოქმედების დასაწყისში სცენაზე ავიდა ახმეტელის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი დავით ანდღულაძე და განაცხადა, რომ გაწუწვას ურჩევნია წარმოდგენა სცენიდან იხილოს, ანუ ჩემსავით იხალისოს სხვების გაწუწვაზე... ცოტა ხანში ანდღულაძეს გვერდი დაუმშვენეს მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა და რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. მაგრამ ეს უკანასკნელი წარმოდგენაში დაკავებული მსახიობების რისხვას მაინც ვერ გადაურჩა. ერთ-ერთ სცენაში ნიკო გომელაურმა იგი ავანსცენაზე გაიყვანა და შეეცადა თამაშში ჩაერთო "პარტერიდან გამოქცეული” თეატრალი. თუმცა უშედეგოდ - გოჩა კაპანაძე სცენაზე თითქმის გაშეშებული იდგა. [ჩართვა]

ავთო ვარსიმაშვილის წარმოდგენაზე ისევ გაუღიმათ ბედმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე, იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი “თავისუფალი თეატრის” დირექციამ უკანა რიგებში დასვა... იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი ხელისუფლების წანააღმდეგ წარმოთქმული მონოლოგებით გაღიზიანდებოდა, საპრემიერო სპექტაკლის საპატიო სტუმრებს შეეძლოთ ერთი გრძნობა მეორე, ასე ვთქვათ, “საწინააღმდეგო გრძნობით” ჩაენაცვლებინათ. ვფიქრობ, სწორედ ამ მიზნით ჩართო ვარსიმაშვილმა წარმოდგენაში სტრიპტიზის შემსრულებელი ქალბატონი, რომელიც წარმოდგენის მიწურულს მთლიანად გაშიშვლდება. “შინაარსის” თვალსაზრისით, სტრიპტიზს ასეთი გამართლება აქვს - “პროვოკაცია” არის სპექტაკლი, სადაც არტისტები “გულს გვიშლიან”, მშვენიერი ახალგაზრდა ქალი კი დამცირებული მსახიობების ბედს “პლასტიკურად გამოხატავს”. თუმცა სტრიპტიზს აქ კომერციული გამართლებაც აქვს - “თავისუფლების თეატრის” ახალ სპექტაკლს მაყურებელი არ დააკლდება - აბა ვინ არ წავა თეატრში ნამდვილი სტრიპტიზის სანახავად, როცა ბილეთი 3 და 5 ლარი ღირს.

სპექტაკლის ფინალში მსახიობები მოგვიწოდებენ მათთან ერთად ვიყვიროთ და ამით გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში... და პუბლიკაც ხმამაღლა ყვირის. არ ვიცი, ესმოდათ თუ არა ეს ყვირილი იქვე, “თავისუფალ თეატრთან”, კერძოდ კი, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შეგროვილ ქალბატონებს, პოლიტიკური გაერთიანება “მძეველის” წევრებს, რომლებიც დიდი ხანია აქ აქციას მართავენ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით. ვარსიმაშვილის სპექტაკლი დაგვიანებით დაიწყო იმის გამო, რომ პოლიციამ თეატრისკენ მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა, მათ შორის, ფეხით მოსიარულეებისთვის. პოლიცია ედუარდ შევარდნაძის კანცელარიიდან გამოსვლას ელოდებოდა. “მძეველის” წევრი ქალბატონები ხმამაღლა გამოხატავდნენ პროტესტს - “როდემდე უნდა დაგვამცირონ ასეო”. “თავისუფალი თეატრის” წარმოდგენა კი ამ აქციის თავისებურ აკომპანემენტად იქცა. ყვიროდნენ ქუჩაში. ყვიროდნენ თეატრში. აი, ეს კი ნამდვილად “ანსამბლური ჰარმონია” იყო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG