Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოვა, მაგრამ არ ითამაშებს


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი სამიოდ დღეში, 27 მარტს, თბილისში, “ლოკომოტივის” სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართება:

საქართველო-სამხრეთ აფრიკა. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არავინ ანიჭებს. საინტერესო სხვა რამ არის - გამოვა თუ არა მოედანზე საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “მილანის” მცველი კახა კალაძე, რომელმაც ორი კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: თუ ჩემი გატაცებული ძმა 1 მაისამდე არ გათავისუფლდება, საქართველოს ნაკრებში აღარ ვითამაშებო. ამ სკანდალურ განცხადებას, ჩვენშიც და უცხოეთშიც, მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, ხელისუფლებაც თითქოს დაფაცურდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა - ლევან კალაძე კვლავ ტყვეობაშია. სამართალდამცველები ჯერჯერობი ვერც ეჭვმიტანილებს ასახელებენ და ვერც მძევლის სავარაუდო ადგილსამყოფელს, თუმცა უარყოფენ ამ საქმესთან პანკისის ხეობის რაიმე კავშირს. “პანკისი გამოირიცხა”,- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელსაც ამ დღეებში ვეტერან სპორტსმენთა 30-კაციანი დელეგაცია ეწვია. სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენებმა ძალოვნებს სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს, კახა კალაძის სასოწარკვეთილი მამა - კარლო კალაძე კი თვითმკვლელობით დაიმუქრა. საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, ვითარება უაღრესად კრიტიკულია და ჩვენს საზოგადოებას - უწინარესად კი, სამართალდამცველებს - განსაკუთრებული აქტიურობა მართებთ.


(ირაკლი მეძმარიაშვილის ხმა) “ მე გახლდით იმ შეხვედრაზე, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა მინისტრმა და იგი შეხვდა სპორტულ სამყაროს. იქაც, იმ შეხვედრაზეც, თქვეს და მერეც გვთხოვეს, რომ რაზეც იყო იმ შეხვედრაზე საუბარი, ის არ გასულიყო კედლებს გარეთ. ვერ გეტყვით, რომ ინფორმაცია ძალიან დამაიმედებელია. ფაქტობრივად, დიდი სამუშაო არის ჩატარებული, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით შედეგი არ არის.”


ამასობაში პოსტი დატოვა თბილისის პოლიციის შეფმა კახა ბაკურაძემ, რომლის სახელსაც საეჭვოდ უკავშირებენ ესპანელი ბიზნესმენებისა და ლევან კალაძის გატაცების გახმაურებულ ამბებს. ბაკურაძე, ცხადია, კატეგორიულად უარყოფს ბოროტმოქმედებთან რაიმე კავშირს და გადადგომის მიზეზად პოლიციის დაუფინანსებლობას ასახელებს. კალაძეების ოჯახი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თავად კახა კალაძე კი, შესაძლოა, სამხრეთაფრიკელებთან მატჩის დღეს თბილისში ჩამოვიდეს, ოღონდ ნაკრებში თამაშს არ აპირებს.


ახლა ფრენბურთის პრობლემებსაც მივხედოთ. ერთ დროს საკმაოდ პოპულარული და წარმატებული სპორტის ეს სახეობა დამოუკიდებელ საქართველოში მთელი 10 წელიწადი არავის გახსენებია, მათ შორის - არც სპორტის დეპარტამენტს. შარშან იანვარში საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან ახვლედიანი აირჩიეს - ენერგიული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს, მაგრამ ფინანსები ხელს არ უწყობს.
(ლევან ახვლედიანის ხმა)”ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 40 ათასი ლარით და გვაქვს სამი ევროპის ჩემპიონატი. პირველი: იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ტარდება ნორვეგიაში და, თუ ჩვენმა გუნდმა დაიკავა პირველი ან მეორე ადგილი, გადის შემდგომ ეტაპზე, რომელიც უნდა გაიმართოს სლოვენიაში ან სლოვაკეთში. შემდეგ, 12-14 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში ვატარებთ ევროპის ჩემპიონატის იმავე შესარჩევ ციკლს, ოღონდ - გოგონათა შორის. ეს ჩვენ გავაკეთეთ - ნმიუხედავად იმისა, რომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული - პოპულარიზაციის მიზნით. ხალხს დაავიწყდა ფრენბურთი. საერთოდ არ უნახავთ აქ 1986 წლიდან, როცა დიდი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.”
XS
SM
MD
LG