Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და პანკისის პრობლემა წინა კვირის რუსეთის პრესაში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველო აფხაზეთთან ომისთვის ემზადება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 მარტის განცხადების თანახმად,

ამას მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი კურსი და “ოფიციალურ დონეზე გაკეთებელი უსაფუძვლო განცხადებები საერთაშორისო და არაბი ტერორისტების აფხაზეთში ყოფნის შესახებ.”

“რუსეთის საგარეო უწყებამ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ მისმა პროვოკაციულმა და უპასუხისმგებლო მოქმედებებმა შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს,” - წერს 22 მარტის გაზეთი “კომერსანტი”. “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამწვავების შემდეგ მოსკოვი პირველად ესაუბრება თბილისს ესოდენ მკაცრი ტონით”, რაც, გაზეთის აზრით, აფხაზეთისადმი სრულ მხარდაჭერად უნდა აღიქმებოდეს.
შემდეგ “კომერსანტი” აღნიშნავს:

“საინტერესოა, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გავრცელდა აფხაზთა პრემიერის, ანრი ჯერგენიას, მოსკოვში ვიზიტის დროს. ამ ვიზიტის ძირითად მიზანს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის გარანტიების შექმნა წარმოადგენს. არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა გააღრმავა მოსკოვის შეშფოთება, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოსთან კონფლიქტის ესკალაცია ნებისმიერ მომენტშია მოსალოდენელი და რომ “ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ფარული მობილიზაცია, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აფხაზეთთან საზღვარზე იყრიან თავს”.
გაზეთი წერს, რომ სოხუმი თბილისის პოზიციის გამკაცრებას ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენას უკავშირებს. მართალია, ოფიციალური ვერსიით, ამერიკელები ივნისისთვის დაგეგმილი ნატოს სწავლებების მოსამზადებლად ჩავიდნენ საქართველოში, მაგრამ, როგორც “კომერსანტი” იუწყება, “აფხაზთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ისინი საქართველოს ელიტურ ქვედანაყოფებს დაუმორჩილებელ რესპუბლიკასთან საომრად ამზადებენ.”

22 მარტის “გაზეტა” დაინტერესდა დადგენილებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთთან დაკავშირებით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ დადგენილება გულისხმობს არა აფხაზთა ხელმძღვანელობის, არამედ იმ პირთა დევნას, ვინც გენოციდსა და ეთნიკურ წმენდასთან არის დაკავშირებული. სპიკერის თქმით, “ისინი დაკავებულნი უნდა იქნენ, განურჩევლად მათი ეროვნებისა.

“აფხაზეთში ტერორიზმის მოხსენიება კი განპირობებულია იმით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორია ბუნებრივად იქცევა ტერორიზმის, ნარკოვაჭრობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის კერად”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, “სამწუხაროდ, არავის მიუქცევია ყურადღება დადგენილების იმ ნაწილისათვის, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო გამორიცხავს აფხაზეთის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტას მანამ, სანამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მცირეოდენი იმედი მაინც იარსებებს”.

20 მარტის გაზეთი “ვრემია მნ“ აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალეკსეი არბატოვთან. იგი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთს არაფრის გაკეთება არ ძალუძს პანკისის ხეობაში იმ პირობითაც კი, თუ საქართველო მას ხეობაში შესვლის ნებას დართავს.
არბატოვი აგრეთვე ამბობს:

“არც ამერიკელებს შეუძლიათ რაიმეს გადაწყვეტა პანკისში. მათ ამოცანას ჩეჩენი ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოადგენს. ამერიკელები ცდილობენ იმის დადგენას, არის თუ არა პანკისში ბენ ლადენი და “ალ-ქაედა”. თუ მათ აღმოაჩენენ, გაანადგურებენ კიდეც. თუ არ აღმოაჩენენ, არც არაფერს გააკეთებენ.
ჩვენი ინტერესების დაცვა კი ის იქნებოდა, რომ პანკისში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, სასწრაფოდ შეგვეთავაზებინა შევარდნაძისა და ვაშინგტონისთვის სამმხრივი მოლაპარაკებების ჩატარება ერთობლივი ოპერაციის ჩატარების თაობაზე. მაგრამ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ჩვენი პოზიცია ჩეჩნეთის საკითხში არამყარია”.

ალეკსეი არბატოვის თქმით, თუ რუსეთი აიღებდა კურსს ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამხედრო დამკვირვებლების მოწვევაზე, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა საუბარი სამმხრივ ოპერაციაზე პანკისის ხეობაში.
”აშკარაა, რომ ჩეჩნეთთან დაკავშირებით, სრულ ჩიხში ვართ. ამ საკითხში კურსი მკვეთრად რომ შეგვეცვალა და მტკიცე პოზიციები მოგვეპოვებინა, ამიერკავკასიაში სხვაგვარად მოქცევასაც შევძლებდით”, - მიიჩნევს სათათბიროს დეპუტატი.
XS
SM
MD
LG