Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატარდება თუ არა წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 მარტს საქართველოს პარლამენტი იწყებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონ-პროექტის განხილვას, რაც საბოლოოდ გაარკვევს, ჩატარდება თუ არა წელს, ივნისში,

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. შეგახსენებთ, შარშან პრეზიდენტის მიერ დანიშნული არჩევნები საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების საბაბით გადაიდო. საჯაროდ გამოვლენილი განწყობით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტარები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომხრენი არიან, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს მხოლოდ პუბლიკისთვის განკუთვნილი პოზიცია იყოს.

ისევე, როგორც ერთი წლის წინათ, როცა პარლამენტმა ვერაფრით ვერ მოახერხა კონსენსუსის მიღწევა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, ახლაც პარლამენტში ორგვარი დამოკიდებულება არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მიმართ. ფორმალურად, ყველა მხარს უჭერს არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, მაგრამ ჯერაც არ არის თანხმობა მიღწეული, თუ რას და როგორ ავირჩევთ.
კერძოდ, ჯერ კიდევ შარშან საპარლამენტო უმცირესობა კატეგორიულად მოითხოვდა არჩევნებს ყველა დონეზე. გემახსოვრებათ სოციალისტების ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის ცალსახა პოზიცია, რომ ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს არა მხოლოდ საკრებულოს წევრები, არამედ გამგებლებიცა და გუბერნატორებიც. ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტი და მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობა დიდი ქალაქებისა და გუბერნატორების არჩევნების თემისადმი დიდ სიფრთხილეს იჩენდა და მხოლოდ სოფლისა და თემის დონეზე არჩევნებს უჭერდა მხარს.
ახლა, როცა სიტუაცია პარლამენტში, ძალთა განლაგების თვალსაზრისით, შეიცვალა, დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობების მიმართ ასევე შეიცვალა. დაახლოებით ერთი წლის წინათ, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის შესამუშავებლად, პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობა - ეს ის საკითხია, სადაც სხვადასხვა ფრაქცია დამოუკიდებელი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. დღესდღეობით რამდენიმე კანონ-პროექტი არსებობს. მოქალაქეთა კავშირის მიერ მომზადებული “ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ კანონ-პროექტს საფუძვლად უდევს ორი მთავარი პრინციპი - არჩევითობა ყველა დონეზე და ფართო უფლებამოსილებები თვითმმართველობის ორგანოებს. განსხვავებული მოდელია გამოყენებული ფრაქციის “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” მომზადებულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ რეფორმას. კერძოდ, შემოდის რეგიონალიზაცია და მუნიციპალიზაცია, ხოლო გარდამავალი პერიოდის შემდეგ რაიონების გაუქმება. ამ პროექტით, მუნიციპალიტეტი საქართველოსთვის ახალი ტერიტორიული ერთეულია, რომელიც მოიცავს რამდენიმე სასოფლო საკრებულოს ტეროტორიას. ერთი რაიონის მასშტაბით შესაძლოა რამდენიმე მუნიციპალიტეტის შექმნა. ადგილზე სახელმწიფო ფუნქციებს ახორციელებს ან საოლქო ადმინისტრაცია, ან რეგიონული. გუბერნატორს კი ისევ პრეზიდენტი ნიშნავს.
პარლამენტის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, პარლამენტი, თავდაპირველად, საარჩევნო კომისიის ფორმირების წესს განიხილავს. როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წლის წინანდელი ინიციატივა, საარჩევნო კომისიები მესამე სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულიყო, სურვილად დარჩა. ბოლო ცნობებით, საარჩევნო კომისიები ისევ პარტიული ნიშნით დაკომპლექტდება. ამის შემდეგ პარლამენტი განიხილავს, თუ რომელ დონეზე ჩატარდება არჩევნები. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობა იქნება. და- ბოლოს, კვირას ხელმოწერილი მემორანდუმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ივნისში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG