Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე მმართველობის ვადის გახანგრძლივებას გამორიცხავს


თემურ ჭყონიას ინიციატივას შევარდნაძემ ცივი უარით უპასუხა. საპრეზიდენტო ვადის 2 წლით გაგრძელების თაობაზე გამოთქმული წინადადების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ მოხდება.

ასე რომ, შევარდნაძე ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენას აღარ გეგმავს, მისი მთავარი მიზანია, პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება შეძლოს. ედუარდ შევარდნაძეს სჯერა, რომ პრეზიდენტობის მიწურული მისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც წარმატებული იქნება, მას საკუთრი დაპირებების შესრულების იმედი აქვს.

ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის 2 წლით გაგრძელების თაობაზე მსხვილ გადამხდელთა კავშირში გამართულ შეხვედრაზე გამოთქმულ წინადადებას ყველაზე მწვავედ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა. ამ ორგანიზაციამ თემურ ჭყონიას ინიციატივაში ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა დაინახა, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ხანაში კი - ფეოდალიზმი. თავად პრეზიდენტი შემაშფოთებელს უფრო “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალურ შეფასებებში ხედავს, ვიდრე ჭყონიას ინიციატივაში. მისი განცხადებით, ზემოთ მოყვანილი შეფასებების ავტორებმა არც ფეოდალიზმის განმარტება იციან და არც ის , თუ რითი განსხვავდება ფეოდალიზმი დემოკრატიისგან. ასეა თუ ისე, შევარდნაძე არც ხელისუფლების უზურპაციას აპირებს და არც ფეოდალიზმში დაბრუნებას. მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლებას ისეთ პოლიტიკურ ძალას გადააბარებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავების გარანტი იქნება. ედუარდ შევარადნაძეს სჯერა, რომ 2005 წლამდე ასეთი პოლიტიკური ძალა აუცილებლად გამოჩნდება. ასეთი ძალის ასპარეზზე გამოყვანას იგი საკუთარ მოვალეობადაც მიიჩნევს.

ასე რომ, დღევანდელი პრეზიდენტი პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივებაზე არა, მაგრამ სავარაუდო შემცვლელზე, როგორც ჩანს, უკვე სერიოზულად ფიქრობს. პრეზიდენტობის ვადის გაგრძელებისთვის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მას დაუშვებლად მიაჩნია, მით უფრო, რომ იმედი აქვს, პრეზიდენტობის დარჩენილი ვადა საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ეყოფა. როგორც ჩანს, დარჩენილ 2-3 წელიწადში შევარდნაძე თავისი ძირითადი მიზნების შესრულებას გეგმავს. ძირითად მიზნებს კი, როგორც ცნობილია, კორუფციის დამარცხება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მოახერხებს თუ არა ჩვენი პრეზიდენტი ამ ორ უმთავრეს მიზანთან მიახლოებას, ძნელი სათქმელია. საგარეო ასპარეზზე წარმატებულ ედუარდ შევარდნაძეს წარმატებების მიღწევა საშინაო ასპარეზზეც მართებს, საშინაო პოლიტიკა კი მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]“ შეცდომის უფლება არ გვაქვს. საქართველო ხომ, თანამედროვეობასთან ერთად, ჩვენი მომავლის კუთვნილებაცაა, საფრთხე კი სერიოზულია. ჩემი მიზანია მომავალი 3 წლის მანძილზე განვამტკიცო ქვეყნის სტაბილურობა, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა შეუქცევადი იყოს,”- აცხადებს შევარდნაძე. სხვათა შორის, ის არც მოქალაქეთა კავშირის რიგების დატოვებას აპირებს. მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი რწმენას დააკარგვინებს იმ ხალხს, ვინც მოქალაქეთა კავშირში პრეზიდენტის ავტორიტეტის გამო გაწევრიანდა.
XS
SM
MD
LG