Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის კანონპროექტს ''უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ''


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა კენჭისყრის გარეშე დატოვა კანონპროექტი "უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ".

პროექტს პარლამენტში შეტანამდე და განხილვის დაწყების წინ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე ახლა, როცა პირველ კენჭისყრამდე ცოტაღა რჩება. როგორ განლაგდნენ საპარლამენტო ჯგუფები პროექტის ირგვლივ და რა პერსპექტივა აქვს უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას?

უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში, სავარაუდოდ, ამ კვირაში უყრიან კენჭს. ყველა შემთხვევაში პროექტის წინააღმდეგ გამოვლენ ფრაქციები “აღორძინება” და “სოციალისტი”, რომლებიც პრინციპულად არ ემხრობიან ასეთი კანონის მიღებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარის ირაკლი მინდელის მიერ განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებს კანონპროექტის ავტორები და მისი მიღების მოსურნენი ვერსად წაუვლენ. მინდელი სხდომებზე გამოდიოდა არა პოლიტიკური, არამედ იურიდიული არგუმენტებით, იშველიებდა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნას, რომელიც ხსენებული კანონპროექტის მიმართ 57 შენიშვნას შეიცავს. ეს შენიშვნები, დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძის აზრით, გასათვალისწინებელია და, რაც მთავარია, არ ეხება პროექტის პრინციპებს. [მაღლაფერიძის ხმა]: “ეს პრინციპებია: დაუსაბუთებელი ქონება უნდა ჩამოერთვას, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ჩივილის უფლება და ამ საკითხთან დაკავშირებით შემოღებულ იქნეს როგორც ნაფიც მსაჯულთა, ისე სპეციალური პროკურორის ინსტიტუტი”.

პრინციპულ ასპექტებს არ შეხებია ბევრი დეპუტატი, ვისაც ჭარბად ჰქონდა იურიდიული ხასიათის შენიშვნები. ვასილ მაღლაფერიძე ამტკიცებს, რომ კანონპროექტის ავტორებისთვის მთავარი სწორედ ტექსტში ჩადებული პრინციპების დაცვა და შენარჩუნება იყო. ამიტომ ისინი მზად არიან ყველა შენიშვნის გათვალისწინებისათვის. [მაღლაფერიძის ხმა]: “ავტორებმა გამოხატეს მზადყოფნა და თქვეს, რომ მეორე მოსმენისთვის გასწორდება მინიმალური ქონების ოდენობა; აქამდე 50 ლარით რომ იყო განსაზღვრული, ავა 1500 ლარამდე. პროექტის ავტორები მზად არიან განიხილონ, რამდენად მიზანშეწონილია, რომ საპატრიარქომ განკარგოს ჩამორთმეული ქონება - ბევრ ფრაქციას მიაჩნია, რომ არ ღირს საპატრიარქოს გარევა ამ საქმეში”.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება გულისხმობს მოქმედ კანონებსა და კოდექსებში მრავალი ცვლილების შეტანას კანონის მათთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია. თუ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, მეორე კენჭისყრისას ტექსტში გათვალისწინებული იქნება რაციონალურ შენიშვნათა უმეტესობა, აგრეთვე, წარმოადგენენ სხვა კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებსაც. ამას რეგლამენტი სწორედ მეორე მოსმენისათვის მოითხოვს.

უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების საკითხს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს, მართლაც, პრინციპულ სიახლედ შეიძლება იქცეს ჩვენი სამართალწარმოებისთვის. ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ,კანონის მიღების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი იმოქმედებს მხოლოდ ამ კანონის საფუძველზე აღძრული საქმეების განხილვისას, მაგრამ, ამავე დროს [მაღლაფერიძის ხმა]: “სწორედ აქ მოისინჯება, რამდენად მისაღები იქნება ეს ინსტიტუტი. ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ამ ტიპის საქმეებს განიხილავენ, რაც განხილვას უფრო საჯაროს გახდის და საზოგადოების კონტროლის ქვეშ მოაქცევს; მეორე მხრივ, ყველა ერთად შევხედავთ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი რამდენად მუშაობს საქართველოში”.

კანონპროექტის პარლამენტში შეღწევის შემდეგ ფრაქციებმა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი კონსტრუქციულობა გამოავლინეს და კომპრომისებისთვისაც მზად აღმოჩნდნენ. კაცმა არ იცის, ვინ როგორ შეიცვლის პოზიციას შემდგომი კენჭისყრების მოახლოებისას. დღეს კი, ყოველ შემთხვევაში, “მოქალაქეთა კავშირის” წევრის, ვასილ მაღლაფერიძის აზრით, საპარლამენტი ჯგუფების განწყობა ასეთია [მაღლაფერიძის ხმა]: “ჩვენი ფრაქცია მზად არის, რომ პირველი მოსმენით ხმა მისცეს ამ კანონპროექტს. რამდენიმე ფრაქციაც, მგონია, რომ მზად არის - ტრადიციონალისტები, მრეწველები, მაჟორიტარებმაც, დაახლოებით, მსგავსი პოზიცია გამოხატეს და ა.შ.”...

შეგახსენებთ, რომ პირველი კენჭისყრა შეიძლება სულაც სამშაბათს, 26 მარტს გაიმართოს.
XS
SM
MD
LG