Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული “ტაიმი” პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების შესახებ


მასალაში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, გაეცნობით უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახულ პანკისის ხეობას; უფრო სწორად ხეობის უდიდეს დასახლებულ პუნქტს, დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ სოფელ დუისს,

სადაც ამ რამდენიმე დღის წინათ ყოველკვირეულ ჟურნალ “ტაიმის” კორესპონდენტი და მისი თანმხლები ფოტორეპორტიორი ჩასულან. ჩასულან და, როგორც ამ ჟურნალის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული რეპორტაჟიდანაც ჩანს, პირქუშსა და არცთუ თავაზიან მასპინძლებს შეხვედრიან.

თავის რეპორტაჟს პოლ ქუინ-ჯაჯმა “აკრძალული ხეობა” დაარქვა. დამეთანხმებით, საკმაოდ მეტყველი სათაურია, მაგრამ ჟურნალისტის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ზუსტად გამოხატავს წერილის ქვესათაური: “პანკისის ხეობაში მოგზაურობა გვიჩვენებს, რომ იქ ამერიკელი სამხედროების ჩასვლას ადგილობრივი მოსახლეობა არ მიესალმება”.

თხრობას “ტაიმის” კორესპონდენტი იმ მომენტიდან იწყებს, როცა მან და მისმა კოლეგამ დუისის მისადგომებთან მოქმედი ბოლო საგუშაგო გაიარეს. იქ მათ ელოდათ გზის პირას მდგარი შავი BMW, რომელიც ვინმე ასლანბეკს ეკუთვნოდა, მისივე თქმით, ჩეჩენ ლტოლვილსა და დუისის მოსახლეობის წარმომადგენელს.

ეს სტატუსი, როგორც ჩანს, უფლებას ანიჭებდა ასლანბეკს, ჟურნალისტთა სტუმრობის მიზეზით დაინტერესებულიყო. ჟურნალისტებსაც არ დაუმალავთ: გვინდა გავიგოთ, რატომ აწუხებს ვაშინგტონს ამ ხეობის ბედიო.

“ამ კითხვაზე აქ არავინ გიპასუხებთო”, უთქვამს ასლანბეკს დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის, რის შემდეგად დიალოგი ჩიხში შესულა.

ჟურნალისტებთან საუბარს თურმე სხვებიც თავს არიდებდნენ. სოფლელები განსაკუთრებით გაბრაზებულან, როცა უცხოელებს ახლად აშენებული მეჩეთის დათვალიერება მოუსურვებიათ: “წადით, ეკლესიები გადაიღეთ, ჩვენს მეჩეთში ცხვირს ნუ ჰყოფთო”, ასეთი ყოფილა კიდევ ერთი ჩეჩენი ლტოლვილის უკმეხი პასუხი. იქვე პოლ ქუინ-ჯაჯი აღნიშნავს, რომ თბილისის ხელისუფლების მტკიცებით, ეს მეჩეთი საუდის არაბი ვაჰაბისტების ფულით არის აშენებული.

დუისს სტუმრებზე კარგად მოვლილი სოფლის შთაბეჭდილება დაუტოვებია. მათი განსაკუთრებული გაკვირვება გამოუწვევია რამდენიმე სრულიად ახალ სახლს, რომელსაც რეპორტაჟის ავტორი “ნებისმიერი საზომით ფეშენებელურს” უწოდებს. რეგიონში, რომლის მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობითა და გარედან მიღებული მოწყალებით ირჩენს, ასეთი სახლების არსებობა მართლაც საკვირველიაო, აღნიშნავს “ტაიმის” კორესპონდენტი.

მეჩეთი სტუმრებს დაკეტილი დახვედრიათ; მოლაც ვერსად უპოვნიათ. ხოლო როცა ფოტორეპორტიორს ერთ-ერთი გამვლელისთვის დაუკითხავად გადაუღია სურათი, სოფლელებს მოთმინების ფიალა ავსებიათ და “გაეცალეთ აქაურობასო”, არცთუ თავაზიანად მიუმართავთ მათთვის.

“თბილისიდან სამი საათის სავალზე მდებარე ამ ხეობაში ჩვენმა ხანმოკლე სტუმრობამ დაგვანახა, რომ რეგიონი სრულებით არ ექვემდებარება საქართველოს კონტროლს – წერს პოლ ქუინ-ჯაჯი. – რაიონული პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც თან გვახლდა, გაგვანდო, რომ სოფელში ბოლოს ამ რამდენიმე კვირის წინათ იყო, როცა იქაური მოკლული ბანდიტის მოჭრილი თავის ამოსაცნობად ჩავიდა. ეს სტუმრობა ვერ დაგვეხმარა იმის გარკვევაში, ვინ იმალება პანკისში. აშკარა ის არის, რომ ხეობა ჩეჩენი მებრძოლებისა და ბანდიტებისთვის თავშესაფრად არის ქცეული და, როგორც მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები ამტკიცებენ, იგი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ავღანეთიდან წამოსული ჰეროინის დამუშავებისა და ექსპორტის თვალსაზრისით.”

რეპორტაჟის ბოლო მონაკვეთში ავტორი თბილისისა და ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე საუბრობს; მკითხველს უამბობს იმ 64-მილიონდოლარიან პროექტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების შენაერთების მომზადებას ითვალისწინებს. ეს თანამშრომლობა, პოლ ქუინ-ჯაჯის აზრით, კარგს არაფერს უქადის შეერთებულ შტატებს: “ვაშინგტონისთვის ეს აუტკივარი თავის ატკივება იქნება. ამის მიზეზია კორუფციული სისტემა, რომელიც, გავრცელებული ხმების თანახმად, ხელს აფარებს ტერორისტებს, კონტრაბანდისტებსა და ნარკობარონებს; და რეჟიმი, რომელსაც ერთი სული აქვს, ახალი ძალა აფხაზეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. რომ არაფერი ვთქვათ პანკისის პირქუშ, კუშტ მოსახლეობაზე” – ამ სიტყვებით ამთავრებს თავის რეპორტაჟს დუისიდან ჟურნალ “ტაიმის” კორესპონდენტი პოლ ქუინ-ჯაჯი.
XS
SM
MD
LG