Accessibility links

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" საანგარიშო მოხსენება


ანდრო ეული, პრაღა 26 მარტს ნიუ-იორკში მოქმედმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება,

რომლის თანახმად შარშანდელი, 2001 წელი პრესის თავისუფლების თვალსაზრისით მეტად მძიმე გამოდგა. მოხსენებაში მოყვანილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალისტთა დევნა-შევიწროების, ცემის, წამებისა და მკვლელობის 500-ზე მეტი შემთხვევა.

პრესის თავისუფლების ყველაზე უხეშ დამრღვევებად მოხსენებაში დასახელებული არიან ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, უზბეკეთი და ირანი. ავღანეთის ომმა შარშან 8 ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შარშან 37 ჟურნალისტი დაიღუპა, მაშინ, როცა 2000 წლის შესაბამისი მაჩვენებელი 24 იყო. და თუ 2000 წელს 81 ჟურნალისტი იხდიდა სასჯელს ციხეში, 2001 წელს ეს რიცხვი 118-მდე გაიზარდა.

ამ მხრივ ყველას ჩინეთმა გაუსწრო 35 დაპატიმრებული ჟურნალისტით, შემდეგ მოდიან ერიტრეა და ნეპალი. მოხსენების ავტორებმა დაპატიმრებულ ჟურნალისტთა სიაში ამერიკელიც ჩართეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ტეხასელი ჟურნალისტი ქალი ვანესა ლეგეტი იმისთვის დააპატიმრეს, რომ მან არ წარადგინა თავისი ნაწერები სასამართლოში, რომელიც 1997 წელს მომხდარ მკვლელობას იძიებდა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ლეგეტის დაპატიმრებამ ცუდი სამსახური გაუწია ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც ამიერიდან ნაკლებად მოერიდებიან პრესის თავისუფლების შეზღუდვას.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ენ კუპერმა, რომელიც თავის დროზე ამერიკის ეროვნული რადიოს კორესპონდენტი იყო მოსკოვში, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შარშან მრავალმა სახელმწიფომ ისარგებლა ტერორიზმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ დაწყებული ომით და ”ეროვნული უშიშროების” მომიზეზებით პრესის თავისუფლება შეზღუდა. ენ კუპერს მიაჩნია, რომ თავად ამერიკის მთავრობამ გაუწია პრესის თავისუფლებას ცუდი სამსახური გასულ ოქტომბერს, როცა კატარის მთავრობას სთხოვა, შეეწყვიტა არაბულენოვანი ტელეარხის ”ალ ჯაზირას” მიერ ავღანეთში მიმდინარე ომის გაშუქება. ამავე კონტექსტში მოიხსენიებს კუპერი სახელმწიფო დეპარტამენტის მცდელობას, რომ რადიოსადგურ ”ამერიკის ხმას” არ გადაეცა თალიბების ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის ინტერვიუ.

საანგარიშო მოხსენების ავტორები მძაფრად აკრიტიკებენ პრეზიდენტ პუტინის მთავრობას, რომელმაც დახურა დამოუკიდებელი ტელეარხები: ”ენტევე” და ”ტევე-6”, გააძლიერა ზეწოლა დამოუკიდებელ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვიზე” და გაამკაცრა კონტროლი ინტერნეტზე. მოხსენებაში დაგმობილია რუსეთის ინფორმაციის სამინისტრო, რომელმაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის ოფიციალური ბრალდებები წაუყენა გაზეთებს: ”ნეზავისიმაია გაზეტას”, ”კომერსანტსა” და ”ნოვაია გაზეტას”. მოხსენებაში მძაფრადაა დაგმობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტის, გრიგორი პასკოს დაპატიმრებაც. იმის გამო, რომ გაზეთ ”ბოევაია ვახტაში” პასკომ რუსეთის სამხედრო ფლოტის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები ამხილა, ჟურნალისტი ”ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში” დაადანაშაულეს და დეკემბერში 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, აგრეთვე, რომ უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის რეჟიმი ურჩი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისტემატურად მიმართავს რეპრესიულ ზომებს. ენ კუპერი ამბობს, რომ უზბეკეთს ამ მხრივ, არც მისი შუააზიელი მეზობლები ჩამორჩებიან: [ენ კუპერის ხმა] ”შუა აზია დაუნდობელია დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ამ მხრივ საშინელი ვითარებაა. უწინაც ასე იყო. და ვშიშობთ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება”.

ენ კუპერი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დღემდე გაუხსნელია დამოუკიდებელი უკრაინელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის ამბავი, მით უმეტეს, რომ ამ სკანდალურ ისტორიას პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას სახელს უკავშირებენ. ღონღაძის ქვრივმა მიროსლავამ მოითხოვა, რომ საერთაშორისო კომისიამ გამოიძიოს ეს საქმე, რასაც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და ევროპის საბჭომაც დაუჭირეს მხარი.

პრესის თავისუფლების შეზღუდვაში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მძაფრად აკრიტიკებს ბელორუსიასაც და აცხადებს, რომ ხელთ აქვს უტყუარი სამხილი იმისა, რომ რუსი ტელეოპერატორის, დმიტრი ზავადსკის გაუჩინარებაში, მინსკში, 2000 წელს, ბელორუსიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ენ კუპერი აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიზაციის პროცესს. და ბოლოს, კუპერი ვარაუდობს, რომ მიმდინარე 2002 წელი, შესაძლოა, უკეთესი აღმოჩნდეს პრესის თავისუფლებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები სწორედ ამ საკითხს მიანიჭებენ პრიორიტეტს მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG