Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის და რას შეცვლის თბილისის პოლიციის ახალი შეფი


თბილისის პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ. სოსო ალავიძის და კახა ბაკურაძის შემდეგ თბილისის შერიფი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან მაისურაძე გახდა.

ვინ არის ის და რას შეცვლის ან რას ვერ შეცვლის თბილისის პოლიციაში - სტრუქტურაში, რომელიც შინაგან საქმეთა სისტემის ძირითად რგოლად ითვლება და სადაც ადამიანის უფლებების შესახებ თითქმის არაფერი იციან?

თბილისის პოლიციის სამმართველოდან კახა ბაკურაძის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ბაკურაძეს, როგორც თარგამაძის კაცს, პოზიციის დათმობა უცილობლად ელოდა, ეს არის, რომ მან მოვლენათა განვითარებას დაასწრო და თბილისის პოლიციის შეფის თანამდებობიდან დათხოვნას ნებაყოფლობით წასვლა ამჯობინა. ბაკურაძემ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივად პოლიციის დაუფინანსებლობა და დაუცველობა დაასახელა და, მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამი არავის დაუჯერებია, მაინც მოგებული დარჩა. თბილისის პოლიციის ყოფილმა შეფმა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის სკამზე გადაინაცვლა. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის სავარძელი კი პოლიციის პოლკოვნიკმა და საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ დაიკავა.

სხვათა შორის, მაისურაძეს პოლიციურ წრეებში ინტელექტუალად სცნობენ. ეტყობა, იმის გათვალისწინებით, რომ გავლილი აქვს ევროკავშირის ტასისის პროექტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა საქართველოსა და გერმანიაში, აგრეთვე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ტრანსნაციონალური საგამოძიებო სემინარი და ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. რას შეცვლის კახა ბაკურაძის ასეთი კადრით ჩანაცვლება საკმაოდ ძნელი სათქმელია, რადგან რეფორმირების გარეშე, მხოლოდ საკადრო ცვლილებებით ნამდვილად ვერ მოხერხდება შინაგან საქმეთა სისტემის გარდაქმნა.

ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ახალი შერიფი პოლიციაში მუშაობის გამჭვირვალობის პრინციპის დანერგვას აპირებს. ლევან მაისურაძეს სხვა, უფრო კონკრეტული, გეგმა ჯერ არა აქვს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე საათის შემდეგ მას არც პოლიციის სამმართველოში არსებულ ფინანსურ სირთულეებზე ჰქონდა ნათელი წარმოდგენა. “აქ ჯერ არაფერს გავცნობივარ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, საკადრო ცვლილებები, ალბათ, იქნებაო,” - პასუხობდა ის ჟურნალისტთა შეკითხვებს. მინისტრმა ნარჩემაშვილმა მას, როგორც კარგ ოპერატიულ მუშაკს, თანამდებობაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაში გამოცდილ და, რაც მთავარია, სუფთა რეპუტაციის პირს, შინაგან საქმეთა სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველზე კორუმპირებული რგოლი ისე ჩააბარა, რომ პოლიციის ფინანსური პრობლემის მოგვარების იმედიც კი ვერ შესთავაზა. როგორც ჩანს, პოლიციის მომავლის ნათელ ფერებში წარმოდგენა მინისტრად დამტკიცებისას უფრო იოლი იყო.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] “მინდა გულისტკივილი გამოვთქვა იმის გამო, რომ პოლიციელის ზნეობა და ღირსება ეჭვქვეშ დგას. აუცილებელია პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა. ამ მიზნით, ჩვენ აუცილებლად გვმართებს პოლიციის რეფორმირება.”

მინისტრად დამტკიცებისას შინაგან საქმეთა მინისტრი რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობდა, რეფორმას კი სათანადო დაფინანსება სჭირდება. რეფორმამდელ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს, რომლის შენობის ზედა სართულებიდან დაკავებულები ცვიოდნენ, მორიგი ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რეფორმის გარეშე კი ამ სისტემის შეცვლას ვერავინ მოახერხებს.
XS
SM
MD
LG