Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თბილგაზის“ პრივატიზება თბილისის საკრებულოს ზურგსუკან მიმდინარეობს


თბილისის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლობის ქვეშ არსებული ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის განსახელმწიფოებრიობა ისე ხდება,

რომ საკრებულოში ამის შესახებ არაფერი იციან. 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ეროვნულ-დემოკრატის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „თბილგაზის“ დაფარული პრივატიზება კორუფციულ გარიგებად და დედაქალაქის მოსახლეობის საზიანოდ გამოაცხადა.

წლების მანძილზე თბილისის საკრებულო ცდილობდა „თბილგაზი“ ისე გაეყიდა, რომ ინვესტორის პირობები დედაქალაქის მოსახლეობისათვის კაბალური არ ყოფილიყო. ამიტომ დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიის პრივატიზება რამდენჯერმე ჩაიშალა. თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა „თბილგაზს“ იმაზე უარესი დამართა, ვიდრე უცხოელი ინვესტორის ყველაზე კაბალური მოთხოვნების განხორციელებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. როგორც კი სახელმწიფო ბიუჯეტმა თბილისის საკუთრებაში მყოფი კომპანიის სუბსიდირება ითავა, იმ დღიდან დაიწყო გაზგამანაწილებელი კომპანიის დანაკარგების ზრდა და, ბოლოს, მისი მოცულობა 60 პროცენტს გაუტოლდა. სავარაუდოა, რომ მისი ნახევარი მაინც არალეგალურად იყიდებოდა და მფარველი ჩინოვნიკების ჯიბეებიც სქელდებოდა.
თბილისის საკრებულოს წევრი ჯონდი ბაღათურია,ამ პროცესის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, დიდი ხანია „თბილგაზის“ მართვაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს და, პარალელურად, კომპანიის პრივატიზების წინააღმდეგ გამოდის. იგი დარწმუნებულია, რომ ვალებით დამძიმებულ „თბილგაზში“ უცხოელი ინვესტორის შემოსვლა გაზის გაძვირებას გამოიწვევს.

[ბაღათურიას ხმა] „ეს ხომ არ არის შამპანური, რომ ადამიანს უთხრა, რომ თუკი ფული არა გაქვს, ნუ დალევ შამპანურს, ეს შეიძლება ადამიანს უთხრა. მაგრამ თუ ფული არა გაქვს, წყალს ნუ დალევ, გაზს... ნუ გათბები და ბავშვს ნუ გაათბობ, ამის თქმა არ შეიძლება ადამიანებზე. ენერგეტიკული სექტორის გადაყვანა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ანუ ის უნდა იყოს პირდაპირ პროპორციულად, პარალელურად უნდა ხდებოდეს ცხოვრების დონის, ეკონომიკის და ხელფასების ზრდის.“[სტილი დაცულია]

ჯონდი ბაღათურიას თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის რეაბილიტაციის საკუთარი პროექტი ჰქონდა შემუშავებული, თუმცა მას ყურადღება არავინ მიაქცია და, როგორც ირკვევა, „თბილგაზის“ პრივატიზების საკითხიც უკვე გადაწყვეტილია. ბაღათურია და საკრებულოს სხვა წევრები აცხადებენ, რომ ისინი პრივატიზების წინააღმდეგნი იმ შემთხვევაში არ იქნებიან, თუ ინვესტორი მათ რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პირველი და უმთავრესი მოთხოვნა გაზის ტარიფის 10 წლით შენარჩუნებაა. მისი შეცვლა მხოლოდ ინფლაციისა და მსოფლიო ბაზარზე ფასის შეცვლის შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები. მეორე მოთხოვნა კი გაზის უწყვეტი მოწოდების გარანტიების შექმნას უკავშირდება. ამ პირობების წამოყენების საშუალება საკრებულოს წევრებს იმ მთავარი მიზეზის გამო არ მისცემიათ, რომ სატენდერო კომისიის სხდომები მათ გარეშე ტარდება. ჟურნალისტების ცნობით კი, კომისიას საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია.

[ბაღათურიას ხმა] „თუ კი არ იქნება დაკმაყოფილებული ეს პირობები, ანუ არ იქნება დაცული სრულიად გარანტირებულად მოსახლეობა, მაშინ ჩვენ ამ ეტაპზე წინააღმდეგი ვართ პრივატიზაციისა. რაც შეეხება პირობებს, პირობები ჩვენთვის ცნობილი არ არის, განგაში ამან გამოიწვია. თუ ვინმე დადის ჩუმად საკრებულოდან, აი ეს პრობლემაა მართლა.“

ბაღათურია და საკრებულოს სხვა ფრაქციების წარმომადგენლები ამ პრობლემის საკრებულოს სხდომაზე გატანას აპირებენ და იმედი აქვთ, რომ თავისი აქტიურობით თავიდან აიცილებენ თბილგაზის კაბალური ხელშეკრულებით გასხვისებას.
XS
SM
MD
LG