Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ბირთვული გამოცდების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნალექი სამ თაობაზე ახდენს გავლენას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ყაზახეთში სამ თაობაზე ახდენს გავლენას.

ლაპარაკია ატომური გამოცდების რეგიონზე, რომელიც წლების განმავლობაში რჩება დაბინძურებელი რადიოაქტიური ნალექით.

1949-1989 წლებს შორის საბჭოთა კავშირმა 400-ზე მეტი ატომური გამოცდა ჩაატარა სემიპალატინსკის პოლიგონზე. აფეთქებების შედეგად პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო იონიზებული რადიოაქტიური ნივთიერებით, მსგავსად იმ რადიოაქტიური ნალექისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იაპონიის ქალაქებზე ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე დატოვა შეერთებული შტატების მიერ ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბებმა და მსგავსი იმისა, რომელიც 1988 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ წარმოიქმნა.

რადიაციას ყველაზე ინტენსიური ზემოქმედება ჰქონდა ბესკარაგაის რეგიონის მოსახლეობაზე 1949-1956 წლებში, როცა იქ 4 ზედაპირული აფეთქება განახორციელეს. მას შემდეგ რადიაცია თითქმის ნორმალურ დონემდე შემცირდა. და, შესაბამისად, შემცირდა მასთან დაკავშირებული კიბოთი დაავადების რისკი. მაგრამ მკვლევარების თქმით, ბირთვული გამოცდების შედეგები დღემდე შეინიშნება იმ ადამიანების შვილებზე და შვილიშვილებზე, ვინც სემიპალანტინსკის სიახლოვეს ცხოვრობს.

ჟურნალ “საიენსის” თებერვლის ნომერში (ჟურნალს პროგრესული მეცნიერების ამერიკის ასოციაცია აქვეყნებს) ნათქვამია, რომ იმ მოზრდილების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ანალიზი, რომლებიც გამოცდების მომენტში ბირთვული რადიოაქტიური ნალექების ზონაში აღმოჩდნენ, აჩვენებს, რომ გენეტიკური მუტაცია მათ შვილებზეც გავრცელდა. შვილებმა, თავის მხრივ, მუტაციები თავიანთ შვილებს გადასცეს.

გენეტიკოსი იური დუბროვა ინგლისის ლესტერის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ მუტაციები, რომლებიც მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად იქონიებს გავლენას ამ ხალხის ჯანმრთელობაზე. ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა არც კი იციან, რომ მათ ორგანიზმში გენეტიკური ცვლილებები მოხდა.

[იური დუბროვას ხმა] “გენების მუტაციას არავითარი კავშირი არა აქვს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ჩვენ ვლაპარაკობთ გარკვეული სახის მუტაციაზე, რომლის აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ ჩვენი რთული მოლეკულური ანალიზების მეშვეობით.”

გაანალიზებულ იქნა იმ 40 ოჯახის სამი თაობის სისხლის ნიმუშები, რომლებიც სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონის მახლობლად ცხოვრობენ. გარდა ამისა, ჩატარდა საკონტროლო ჯგუფის სისხლის ანალიზი ბრიტანეთის, ფინეთისა და ყაზახეთის მეცნიერთა მიერ. საკონტროლო ჯგუფი შედგებოდა 28 ოჯახისგან, რომლებიც ცხოვრობენ ბირთვული ნალექებით დაუბინძურებელი ტალდი-კურგანის მიყრუებულ რაიონში.

ორივე ჯგუფის წევრები შეპირისპირებული იყვნენ დაბადების წლის, ეთნიკური წარმოშობისა და საქმიანობის ნიშნით, აგრეთვე, იმის მიხედვით, ეწეოდნენ თუ არა თამბაქოს. უფროსი თაობის ყველა წევრი ცხოვრობდა ბირთვული პოლიგონის ახლოს 1949-56 წლებში და მიიღო რადიაციის უდიდესი დოზა.

მეორე თაობა დაბადებული იყო 1960-იან წლებში. მშობლებისა და შვილების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შედარებამ აჩვენა, რომ გენეტიკური ცვლილება პირველ ჯგუფში თითქმის ასჯერ აღემატებოდა საკონტროლო ჯგუფის წევრების შესაბამის მაჩვენებელს.

მაგრამ მესამე თაობის მიერ მიღებული მუტაცია უკვე მხოლოდ 50-ჯერ აღემატებოდა დაუბინძურებული რაიონების საკონტროლო ჯგუფის შესაბამის მაჩვენებელს. მართალია, მესამე თაობამ მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისა და ბებია-ბაბუების მუტაციები, მაგრამ მისი დონე თაობიდან თაობამდე მცირდებოდა.

დუბროვას თქმით, საჭიროა გაცილებით უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარება იმის დასადგენად, რას ნიშნავს ეს გენეტიკური ცვლილებები. მისი სიტყვით, მკვლევარები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის სისხლის ნიმუშების შეგროვებას და იმის შესწავალას, რა გენეტიკურ გავლენას ახდენს რადიაციის სხვა წყაროები, მათ შორის მომუშავე ატომური ელექტროსადგურები.

სემიპალატინსკის გამოკვლევების კიდევ ერთი მონაწილე ინგლისის უორიკის უნივერსიტეტის თანამშრომელი მეგ ფულტენი ამბობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგნის შემდგომი შესწავლის საქმეში.

[მეგ ფულტენის ხმა] “ჩვენ დავაარსეთ ბიობანკი, ასე რომ, გვაქვს უჯრედებისა და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას მარაგი. თუ მომავალში გამოჩნდება კიდევ უფრო მგრძნობიარე ტექნოლოგიები, მკვლევარებს შეეძლებათ იმავე ნიმუშების ხელმეორედ გამოყენება, ვინაიდან ამ ნიმუშების მიღება უაღრესად ძნელი საქმე იყო”.

ეს კი ნიშნავს, რომ თუმცა რადიაცია სემიპალატინსკში თითქმის ნორმალურ დონეს დაუბრუნდა, მკვლევარებს შეძლებათ დაადგინონ მომავალში ნალექების გავლენა იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც ატომური გამოცდების პერიოდში ცხოვრობდნენ.

დუბროვა ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე კარგა ხნის წინათ გადაასახლეს გამოცდების რეგიონებიდან რადიაციისგან მათი დაცვის მიზნით. მისი თქმით, 1963 წელს, როცა შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ატმოსფეროში და დედამიწის ზედაპირზე ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულებას, ხსენებულ რეგიონებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რადიოაქტიური სიტუაცია.

გამოკვლევა ორი დასკვნით მთავრდება. ატომური გამოცდების შედეგად ხდება ნალექების ზონაში მყოფი ოჯახების გენეტიკური მუტაცია; მაგრამ სამი თაობის შესწავლა აჩვენებს, რომ მუტაციის დონე მცირდება, რაც მიუთითებს, რომ ბირთვული გამოცდების აკრძალვამ მუტაციების რისკი შეამცირა.

სასიმაოვნო იქნებოდა ჩვენი გადაცემის ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დამთავრება. მაგრამ სემიპალატინსკი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მოსახლეობას რადიოაქტიური საშიშროება ემუქრება.

1957 წლის 29 სექტემბერს ქიმკომბინატ ნომერ 817-ში (ამჟამად მას სამრეწველო გაერთიანება “მაიაკი” ეწოდება) აფეთქდა რადიოაქტიური ნარჩენების კონტეინერი. ერთი კვირის შემდეგ ჩელიაბინსკის გაზეთებში დაიბეჭდა ცაზე ნათების შესახებ, რომელიც პოლარულ ნათებას წააგავდა, რაც ურალისთვის ყოვლად უჩვეულო მოვლენაა.

მომავალი წლების განმავლობაში ადგილობრვი სამედიცინო ინსტიტუტის კუნსტკამერის კოლექციას ემატებოდა სხვადახვა პათოლოგიიური ექსპონატები: კუდიანი, თევზის ქერცლიანი ახალშობილები, სიამის ტყუპები.

იმ კატასტროფის ნიშნები რეგიონში დღესაც არსებობს. კიბოთი დაავადების დონე უაღრესად მაღალია. ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ოჯახი, რომლის 34 წევრიდან 14 უკვე გარდაიცვალა კიბოს დაავადებით. გაზეთ “არგუმენტი ი ფაქტის” თანახმად, მდინარე ტეჩის ნაპირები მავთულხლართით არის იზოლირებული და მისი დინების გასწვრივ არის ადგილები, სადაც დოზიმეტრი 800 ერთეულზე მეტს აჩვენებს, მაშინ როცა ნორმა 17-20-ია.
XS
SM
MD
LG