Accessibility links

logo-print

საქართველო და ევროკავშირი


დავით პაიჭაძე, თბილისი ერთი კვირის წინ, ბრიუსელში სტუმრობის დროს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირში შესვლაა.

უმაღლეს ხელისუფლამდე ასეთივე განცხადება გაკეთებული აქვს ზურაბ ჟვანიასაც, პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნისას. შევარდნაძემ ყოველგვარი თარიღების დაკონკრეტების გარეშე მიანიშნა, რომ ევროკავშირში შესვლა არც ისე შორეული მომავლის საქმეა. რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ ევროპის კავშირში შესასვლელად - ეს კითხვა საქმიანიც არის და გულუბრყვილოც. მაგრამ არის უფრო კონკრეტული კითხვებიც: რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა ევროსტანდარტებს, როგორია საქართველოს სტრატეგია ევროკავშირში შესასვლელად, რა პოლიტიკას ახორციელებს თავად ევროკავშირი საქართველოს მიმართ, რას ნიშნავს ჩვენი სურვილი, გავერთიანდეთ ევროპის კავშირში, რამდენად შორეულია ეს მიზანი...

ევროპის კავშირზე ქართულ საზოგადოებას უთუოდ აქვს გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენაა. ცოდნა - რა საფუძველზე გაერთიანდა ერთ ორგანიზაციად ევროპის 15 სახელმწიფო, რა მოეთხოვება ქვეყანას ევროკავშირში შესასვლელად, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა ადამიანისთვის - ჩვენში, ალბათ, რამდენიმე ადამიანს თუ აქვს. ინფორმაციის სიმწირე და, შესაძლოა, ინტერესის ნაკლებობაც ევროკავშირის, როგორც ჩვენი მომავალი სახლისადმი - აი, ეს ახასიათებს დღეს ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობას კურირებს და ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორია საქართველოში, ჩემთან საუბრისას განაცხადა [ბერუჩაშვილის ხმა]: “საზოგადოებისთვის ევროკავშირი ეროვნული მიზანი უნდა გახდეს. ეროვნული მიზანი კი ვერ გახდება, თუ არ გავიცნობიერებთ, რას ნიშნავს ევროპელობა. საჭიროა, ძალიან კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრირება, რა შესაძლებლობებია, რა პასუხისმგებლობაა, რა ამოცანებია. მინდა აღვნიშნო, რომ სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაოა ჩასატარებელი ყველა დონეზე - უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, არასამთავრობო სექტორში, სახელმწიფო მოხელეთა შორის”.

ცნობილია, რომ ევროკავშირში შესვლის წინ, ამ ორგანიზაციის საკანონმდებლო მოთხოვნების პასუხად, ესპანეთმა თავისი კანონმდებლობის 80 ათასი გვერდი “გადაწერა”, ანუ ამდენი გვერდი დასჭირდა ახალ ესპანურ კანონებს. ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასთან ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმ მიზნის მისაღწევად, ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ რომ გააცხადა. 4 წლის წინათ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ყველა საკანონმდებლო აქტი ევროპული მოთხოვნების შესაბამისი ყოფილიყო. არსებობს ევროკავშირის მოთხოვნებთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სტრატეგია და ახალშემუშავებული გეგმა. ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგას.

მაგრამ ერთი საკითხია იურიდიული მოთხოვნები და მათთან შესაბამისობა და მეორეა იმ ინსტიტუტების მოქმედება, კანონებს ხორცი რომ უნდა შეასხან. თამარ ბერუჩაშვილის აზრით, თუ სახელმწიფო, სახელისუფლო ინსტიტუტები ახალი კანონების ამუშავებას ვერ უზრუნველყოფენ [ბერუჩაშვილის ხმა:], “აზრი ეკარგება ამ კანონების მიღებას. უარესიც - საერთოდ, დისკრედიტაცია ხდება იდეისა. ამიტომ, კანონმდებლობის მიღების პარალელურად, უაღრესად მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები. ევროკავშირი მხარს გვიჭერს ამ მიმართულებითაც; ესაა მხარდაჭერა როგორც კანონმდებლობის, ისე ინსტიტუციონალური განვითარების სრულყოფის გზაზე.”.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა “ტასისი” საქართველოში თითქმის ათი წელია მუშაობს. ძნელი სათქმელია, რა იქნებოდა, რომ არ ემუშავა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოში ვერ განვითარდა ისე, როგორც თუნდ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის დახმარება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისათვის 90-ან წლებში 135 მილიარდ ეკიუს შეადგენდა, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის (ბალტიისპირეთის გამოკლებით) - 3 მილიარდ ეკიუს. სუსტი განვითარება, ან, ვთქვათ პირდაპირ, რეგრესი უამრავ სფეროში, ცხადია, უკმარი დაფინანსებით არ იყო გამოწვეული. საქართველო ძალიან ნელა მოძრაობდა და მოძრაობს ევროკავშირისკენ: დამოუკიდებლობის ათი წლის მანძილზე ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკა; შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტი, სუსტია ხელისუფლების ძალისხმევა კანონიერების მხარდასაჭერად, ჰყვავის კორუფცია. საქართველოში არ არის არც სტაბილური დემოკრატია, ბევრი მოხელე, დეპუტატი და ზოგჯერ მოსამართლეც გაყიდულია, ხოლო ინფორმაციის საშუალებები ემსახურებიან იმას, ვინც მათ ფლობს ან აკონტროლებს. ღიად არის დარჩენილი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება; ქვეყანას ეზრდება საგარეო და შიდა ვალები. გაიზარდა სიკვდილიანობა, შობადობა კი იმ დონემდე შემცირდა, რომ მოსახლეობის მატებას ვეღარ უზრუნველყოფს. წლიდან წლამდე მცირდება ინვესტიციების რაოდენობა; კაპიტალი, დაბანდების ნაცვლად, ქვეყნიდან გაედინება. ეს არ არის ვითარების აღწერა: უბრალოდ, ყველა ჩამოთვლილ (და კიდევ უამრავ) მაჩვენებელს მნიშვნელობა აქვს ევროპის კავშირში შესვლის მოსურნე ქვეყნისათვის.

ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის სადღეისოდ მეტის მომცველია, ვიდრე, ვთქვათ, ხუთი წლის წინათ. თამარ ბერუჩაშვილის თქმით [ბერუჩაშვილის ხმა]: “ტექნიკური დახმარების გარდა, ჩვენთან მოქმედებს რამდენიმე პროგრამა, რაც უზრუნველყოფს საფინანსო, საბიუჯეტო მხარდაჭერას, სასურსათო უსაფრთხოებას, პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციასა და რეაბილიტაციას ენერგეტიკის, საზღვრის დაცვის, უსაფრთხოების სფეროში. ყველა ეს ჩამოთვლილი მიმართულება გაგრძელდება და მათი მასშტაბებიც გაიზრდება. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი საკითხი: ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად არის დამოკიდებული სამხრეთ კავკასიისა და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებაზე, ანუ ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკურ როლს ითამაშებს რეგიონში. ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, შეიმუშაოს ამ რეგიონის მიმართ გრძელვადიანი სტრატეგია.”. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის დროს თავის როლს შეასრულებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერის პოზიტიური გამოცდილებაც. ჯერჯერობით კი ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში მიღების ოფიციალურ განაცხადამდეც რამდენიმე წელი რჩება. ევროკავშირთან საქართველოს დადებული აქვს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მოთხოვნათა წარმატებით შესრულებაც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, [ბერუჩაშვილის ხმა]: “განაპირობებს ჩვენს შემდგომ გადაადგილებას ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. შეიძლება ითქვას, ეს არის გარკვეული საშინაო დავალება, რომელიც უნდა შევასრულოთ და მხოლოდ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც მოიცავს პოლიტიკასაც და ეკონომიკასაც, ჩვენ შეგვეძლება, ვილაპარაკოთ ინტეგრირების უფრო მაღალ ხარისხზე, მაგალითად, გავაკეთოთ განაცხადი ასოცირებულ წევრობაზე”.

ევროპელთა მიდგომა საქართველოში განსახორციელებელი რეფორმებისადმი ასეთია: რეფორმა ქართველების საქმეა და ის ქართველებმავე უნდა წარმართონ. დასავლეთს კი ისღა რჩება, კონსტრუქციული მხარდაჭერა შესთავაზოს იმას, ვისაც მართლა შეუძლია შეცვალოს რაიმე. ქართველებმა უნდა დაინახონ გრძელვადიანი პერსპექტივა და გაითვალისწინონ, რომ თავისუფალ ბაზარს აუცილებლად სჭირდება სამოქალაქო საფუძველი.
XS
SM
MD
LG