Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ქველმოქმედების წახალისების ინიციატივით გამოვიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართული ბიზნესი ქველმოქმედების თაობაზე სპეციალური კანონმდებლობის შექმნას მოითხოვს, რასაც პრეზიდენტიც მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ,

გარკვეული შეღავათების მინიჭების შემთხვევაში, მეწარმეები ხელოვნებისა და სპორტის განვითარებაზეც იზრუნებენ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს კანონი საქველმოქმედო საქმიანობაში ბიზნესმენების მონაწილეობის თაობაზე.
ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საქველმოქმედო საქმიანობასა და მეცენატობაზე არავითარ შეღავათს არ ითვალისწინებს, რის გამოც ქართულ ბიზნესს ხშირად არალეგალურად უხდება სპონსორობის განხორციელება, თუმცა, თუ მეცენატობაზე დახარჯულ თანხათა მოცულობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამგვარ საქმიანობას ქართველი მეწარმეები მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ჰკიდებენ ხელს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ქველმოქმედება სრული საგადასახადო წნეხით იბეგრება, არსებობს ცალკეული ფილანტროპიული გამონაკლისები.

ბიზნესმენები მზად არიან, დახმარება აღმოუჩინონ სპორტის, ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებას, მაგრამ მათ ამისთვის საკანონმდებლო გარანტიები უნდა ჰქონდეთ, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში გასულ კვირას გადამხდელთა კავშირში ქართველ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბიზნესმენები ამჟამადაც აკეთებენ ბევრ საქმეს, ,,ზოგს ლეგალურად, ზოგს არალეგალურად”.
შევარდნაძის თქმით, ბიზნესი, რომელიც ათიათასობით ადამიანს მოიცავს, სახელმწიფოს დასაყრდენად უნდა იქცეს, საქმიანი წრეების ადამიანები კი წონად სიტყვას უნდა ამბობდნენ, არა მხოლოდ საშინაო, არამედ, ასევე, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას.

საქველმოქმედო საქმიანობის სტიმულირებისათვის სხვადასხვა ხერხი არსებობს, თუმცა ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში საგადასახადო შეღავათების პრაქტიკაა დამკვიდრებული. ბევრ ქვეყანაში მეცენატობის, სწორედ, ამ მეთოდით წახალისების ფორმები მოქმედებს, მაგრამ, თუ ფისკალური შეღავათების ჩვენთან დამკვიდრებულ პრაქტიკას დავეყრდნობით, შესაძლოა, ქველმოქმედების კეთილშობილურ შალითაში ქართულმა ბიზნესმა, ელემენტარულად, გადასახადების დამალვის სურვილი ”შეფუთოს”. ამის მწარე გამოცდილება, სამწუხაროდ, უკვე არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო კლუბ თბილისის ”დინამოსათვის” შეღავათების მინიჭების მაგალითი, როდესაც ვითომ ფეხბურთის აღორძინების სურვილით მიღებული სოლიდური თანხები სრულიად სხვა მიზნებს მოხმარდა და ცალკეული საფეხბურთო ბოსების ჯიბეებისაკენ წარიმართა. შესაბამისად, საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობაზე საუბრისას, ნამდვილი მეცენატობა და თაღლითობა ერთმანეთისაგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს და თავად ამგვარი საქმიანობაც საზოგადოების მხრიდან მუდმივ მონიტორინგს უნდა განიცდიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავისთავად, მართლაც, კეთილშობილური იდეის პროფანაცია მოვახდინოთ და რეალურ მეცენატებსაც სტიმული მოვუსპოთ.
XS
SM
MD
LG